ჩვენი ნაკრები: რეკორდი და იღბალი

AutoSharing Option
ყოველთვის ასე იყო: შესარჩევი ციკლის დაწყებას არნახული ოპტიმიზიმით ველოდით; ჰო, ყოველთვის - დაწყებული სადებიუტო (ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის) ციკლიდან მუდამ იმედიანი განწყობა გვქონდა-ხოლმე. მაგრამ, დაიწყებოდა შესარჩევი ტურნირი, საქართველოს ნაკრები ორ-სამ შეხვედრას ჩაატარებდა და ყველაფერი მაშინათვე ირკვეოდა! ანუ, წარუმატებელი სტარტის გამო იმ "არნახულ ოპტიმიზმს".. მომავლი ციკლისათვის "შევინახავდით" და ასე გრძელდებოდა 16 (!) წლის განმავლობაში. ანუ, იქამდე, ვიდრე ასეთ, მართლაც წარმატებულ სტარტს ავიღებდით: სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 ქულა ჰქონოდა, მსგავსი რამ ჩვენი უპირველესი გუნდის ისტორიაში არასდროს ყოფილა! ეგ კი არა,
ასევე პირველი შემთხვევაა, როცა შესარჩევი ციკლის დაწყებიდან სამი ტურია გასული და საქართველოს ნაკრები წაუგებლად ასპარეზობს! არადა, ადრე როგორ ვიწყებდით შესარჩევ ციკლს, თავად დარწმუნდებით, თუ წინა 8 შესარჩევი ციკლის საწყისი 3 ტურის სტატისტიკას გაეცნობით.

მაშ, ასე: სადებიუტო, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ სამ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა 1 მატჩი მოიგო და 2 წააგო; ანუ, მხოლოდ 3 ქულა გვქონდა. უფრო უარესი შედეგი გველოდა მომდევნო ციკლში - 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის სამ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა... ნული ქულა მოაგროვა! სხვათა შორის, მსგავსი კატასტროფული სტარტი მერე აღარასდროს გვქონია. ამის შემდეგ, ზედიზედ ორ შესარჩევ ციკლში პირველი სამი ტურის შემდეგ 3-3 ქულა გვქონდა; 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სტარტი კი კვლავაც ჩავაგდეთ: სამ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოვაგროვეთ. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ ისეთი შედეგი ვაჩვენეთ, მანამდე რომ არასდროს გვქონია: ალენ ჟირესის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა საწყის სამ მატჩში 4 ქულა მოიპოვა!

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში ჟირესის შემდეგ მოსულ უცხოელ სპეციალისტებს უფრო უარესი შედეგი ჰქონდათ: კლაუს ტოპმიოლერის თავკაცობით 3 ქულა გვქონდა (ისიც, ფარერებთან მოგების შემდეგ), ხოლო ექტორ რაულ კუპერის დროს უფრო კოშმარული იყო - 1 ქულა! ახლა კი, როგორც ყველამ ვიცით, უკვე 5 ქულით მოვიწონებთ თავს და სხვათა შორის, წინა შესარჩევ ციკლთან პარალელის გავლებაც შეიძლება. ანუ, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩვენმა ნაკრებმა 10 მატჩში თუმხოლოდ 4 ქულა მოაგროვა, ახლა კი, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 შეხვედრა ჩავატარეთ და ეს მაჩვენებლი უკვე გაუმჯობესებულია! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრებს 2007 წლის 17 ოქტომბრის მერე არ ჰქონდა ოფიციალურ შეხვედრებში გამარჯვება მოპოვებული! მოკლედ, მალტასთან "მძიმე" გამარჯვებით ეს ნავსიც გატყდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას წაუგებელი სერიაც გრძელდება!..

...ესტონეთი, კამერუნი, მოლდოვა, საბერძნეთი, ისრაელი, მალტა, - აი, ამ ექვსი ქვეყნის ნაკრებ გუნდებთან წარმატებული ასპარეზობის შედეგია თემურ ქეცბაიას გუნდის აღმასვლა. გვერწმუნეთ: სულაც არ გვინდა ეიფორიაში ჩავარდეთ, მაგრამ როცა ორწლიან და 15-მატჩიან მოუგებელ სერიებს "მივეჩვევით", როგორ არ უნდა გაგვიხარდეს ექვსმატჩიანი წაუგებლად ასპარეზობა? სხვათა შორის, ერთი, თან არცთუ უმნიშვნელო დეტალიც არ უნდა გამოგვრჩეს: ამ ექვსი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა ოთხი ისე დაამთავრა, საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია; საერთოდ კი, ქეცბაიას მოღვაწეობის პერიოში მეტოქეებმა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შეძლეს საქარველოს ნაკრების კარში გოლის გატანა.

წაუგებელ სერიებზე გვინდა საუბარი გავაგრძელოთ და ის მწვრთნელებიც ვახსენოთ, თავის დროზე არცთუ ურიგო შედეგებით თავს რომ მოიწონებდნენ: 1998 წელს ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა 5 ამხანაგური შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა; იგივე შედეგი ჰქონდა 2001 წელს ალექსანდრე ჩივაძესაც, ოღონდ ხუთიდან 3 ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ წაუგებლად და ორიც - ამხანაგური. ყველაზე ხანგრძლივი სერია კი 2000 წელს გვქონდა, როცა საქართველოს ნაკრების სათავეში დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილს "ტანდემი" მუშაობდა - 6 წაუგებელი მატჩი! აქედან 3 შეხვედრა ჩვენმა უპირველესმა გუნდმა კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე ჩაატარა (სლოვაკეთთან, რუმინეთთან და სომხეთთან), შემდეგ კი ზედიზედ 3 ამხანაგური მატჩი გვქონდა ისრაელთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან (სამივე - ფრედ დასრულდა). ოღონდ, ვფიქრობთ, მცირე განმარტებაც აუცილებელია: კვიპროსის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთსა და სომხეთს მოუგო, აი, რუმინეთთან მატჩის ძირითადი დრო კი ფრედ (1:1) დამთავრდა. სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დავმარცხდით, მაგრამ, როცა ამა თუ იმ გუნდის (გნებავთ, ნაკრების) წაუგებელ თუ მოუგებელ სერიებზე ვსაბურობთ, კონკრეტული მატჩების მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი დროში დაფიქსირებული შედეგი უნდა გავითვალისწინოთ.

ასეა თუ ისე, თემურ ქეცბაიამ თავის ყოფილ მწვრთნელების შედეგი უკვე გაიმეორა; ეგ კი არა, გააუმჯობესა კიდეც: ამ ექვსი წაუგებელი მატჩიდან, ყველა ძირითად დროში დამთავრდა და, რაც მთავარია, 3 შეხვედრა ოფიციალური იყო! აი, ხვალაც თუ ქულ(ები)ით ხელდამშვენებული წამოვიდა რიგიდან, მაშინ კი საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგიც ექნება - როგორი საქმეა, შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია; მაგრამ, თვითონ ქეცბაიასათვის და საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის წაუგებელ სერიაზე მეტად ფასეული სხვა რამ არის: როგორც იქნა, შესარჩევი ტურნირი... დასაწყისშივე არ დაგვიმთავრებია! ჰო, როგორც "დაგვაჩვიეს", ისე ნამდვილად აღარ არის და ახლა უკვე "სხვა" , ბევრად უფრო ამბიციური პრეტენზიები გაგვიჩნდა. რა თქმა უნდა, მალტასთან ბოლო წუთზე მოგებით ქართული ფეხბურთის აღორძინება არ დაწყებულა; ვინმემ, შესაძლოა, იღბალზეც ისაუბროს: ამ ექვსიდან ორი მატჩი მოვიგეთ და ორივე ბოლო წუთებზე, თანაც, ორივეჯერ დავით სირაძის ზუსტი თავური დარტყმით; მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იღბალმა ჩვენც ხომ უნდა გადმოგვხედოს?

აბა, გავიხსენოთ, რამდენი მატჩი წაუგია საქართველოს ნაკრებს სწორედ ბოლო წუთებზე; ან კიდევ რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა მეტ-ნაკლებად ძლიერ მეტოქეს პირველი ტაიმი ტოლი-ტოლზე ვეთამაშებოდით და შესვენებამდე წამები რომ რჩებოდა, გოლი მაშინ გაგვიშვია; განსაკუთრებით კი იმ პერიოდს ვგულისხმობთ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში... თემურ ქეცბაია რომ ასპარეზობდა: ისეთი მატჩების ჩამოთვლა მართლაც შორს წაგვიყვანს, რამდენჯერმე სწორედ ფატალური უიღბლობის გამო რომ წაგვიგია. თან, როგორ გგონიათ, მხოლოდ ქეცბაიას ფეხბურთელობის დროს იყო მსგავსი შემთხვევები? იგივე, კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს, ჩვენი ნაკრების ყველაზე სტაჟიან წევრებსაც არაერთი ასეთი მატჩი ჩაუტარებიათ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და, საერთოდაც, ნამდვილად არა ვართ წინააღმდეგი გამარჯვების მომტანი გოლები მომავალშიც... ბოლო წუთებზე გაგვეტანოს.

რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხზეც უნდა ვთქვათ - მით უფრო, იმავე მალტასთნ (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) ჩვენი ფეხბურთელების ქმედებებში უამრავი წუნი შეინიშნებოდა. მაგრამ სასურველი შედეგისა და ამავდროულად, შთამბეჭდავი თამაშის ერთდროულად ჩვენება, საქართველოს კი არა, ევროპის ბევრ აღიარებულ ნაკრებს უჭირს. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, ის მწარე და არახალი რეალობაც: საქართველოს ნაკრებში კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტი რომ არის. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით თუ ნაკრების ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია (13-14 ფეხბურთელი), "იმის იქით", მხოლოდ და მხოლოდ ორი-სამი მოთამაშე თუ გვახსენდება, ჩვენი უპირველესი გუნდის გაძლიერება რომ შეეძლება. აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ნაკრების არაშთამბეჭდავი თამაშის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზზეც: ჩვენ ეროვნულ სტადიონზე რომ ბალახის საფარია, ასეთ გაზონზე... ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიც არ უნდა ტარდებოდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ სანაკრებო დონეზე...

და მაინც: გნებავთ, იღბალი დაარქვით, გნებავთ - მოვლენების "საჩვენოდ" განვითარება, ერთ რამეს "ვერსად გავექცევით" - ამ წელიწადს საქართველოს ნაკრებს მატჩი არ წაუგია!..


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარია ქეცბაია
ucha_milan
17:12 11-10-2010
0
გამარჯვებებს და წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს "ქეცო"ს თან ერთად
sasha
15:51 11-10-2010
0

სიახლეები პოპულარული