...გუშინდელ მატჩამდე მეტოქეები აბსოლუტური თანაფარდობით მოვიდნენ: აქამდე ჩატარებული 5 მატჩიდან საქართველოსა და ლატვიის ნაკრებს ორ-ორი მოგება ჰქონდათ, ერთი შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა. ეგ კი არა, ბურთების სხვაობაშიც გუშინდლამდე აბსოლუტური თანაფარდობა იყო: 8-8! ერთადერთი, რაზეც გული გვეთანაღრებოდა, ის ფაქტი იყო, რომ გუშინდლამდე ჩატარებულ ორივე ოფიციალურ მატჩში უპირატესობას ლატვიელები ფლობდნენ: 1998 წლის 10 ოქტომბერს რიგაში მართლაც კურიოზული გოლის წყალობით დაგვამარცხეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში ფრედ (2:2) დაასრულეს შეხვედრა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ამა წლის 7 თებერვალს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის
...ლატვიის ნაკრების თავკაცმა ალექსანდრს სტარკოვსმა წინა მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება (ისიც, იძულებითი) მოახდინა: დისკვალიფიცირებული მარის ვერპაკოვსკისის ნაცვლად მოედანზე "ვენტსპილსის" 24 წლის მარჯვენა გარემარბი იურის ჟიგაევსი გამოვიდა. სამაგიეროდ, ბევრად უფრო მეტი ცვლილება იყო საქართველოს ნაკრებში:
დისკვალიფიცირებული ზურაბ ხიზანიშვილის ადგილს მოედნის ცენტრში ახალგაზრდა ბუბა დაუშვილი რომ დაიკავებდა, ამას ბევრი მარჩიელობა არ სჭირდებოდა; ძირითადში დაბრუნდა უჩა ლობჟანიძეც, რომელმაც მალტასთან შეხვედრა დისკალიფიკაციის გამო გამოტოვა. არც ის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, თემურ ქეცბაიამ ძირითადში რომ მიუჩინა ადგილი ალექსანდრე იაშვილსა და დავით სირაძეს, რომლებიც იმავე მალტასთნ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდნენ და თამაშის ბედის გადაწყვეტაში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულეს. აი, გოგიტა გოგუას სათადარიგოთა სკამზე გამწესებას კი, მართლაც არავინ ელოდა: ენერგიული ნახევარმცველი, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრების შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ქეცბაიას გუნდში უმნიშვნელოვანესი ფუნქციები ეკისრა. გოგუას ადგილი კი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე დავით კვირკველიამ დაიკავა, ვინც ბოლო 2 მატჩი (ისრაელთან და მალტასთან) სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
მატჩი
ჩვენი ნაკრების წაუგებელი ასპარეზობა გრძელდება, ისე, როგორც ჩვენი და ლატვიელების დაპირისპირებებში - აბსოლუტური თანაფარდობა. რა თქმან უნდა, ძალიან ძნელია, შეეგუო იმას, როცა სტუმრად გამარჯვებასთან სულ მცირედი გაშორებს და სწორედ მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაუშვებ გოლს. მაგრამ, მეორე მხრივ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რომ იმავე მალტასთან წინა მატჩში ჩვენ გაგვიღიმა ფორტუნამ. ბუნებრივია, ჩვენი ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად ენა ვის უნდა მოუბრუნდეს, მით უფრო, რომ მალტასთან შედარებით, გუშინ ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, და ამ დროს კი, მასპინძლები, ფაქტობრივად, კონტრშეტევების იმედად იყვნენ. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა საბოლოო შედეგი ლოგიკურად კი გეჩვენება, მაგრამ ჩვენთვის მაინც გულსატკენი იყო ბოლო წამებზე გაშვებული გოლი...
...ლატვიის დედაქალაქი საკმაოდ სუსხიანი ამინდით დაუხვდა საქართველოს ნაკრები: ნაწვიმარ გაზონზე ორივე გუნდის მოთამაშეებს ხშირად უცურავდათ ფეხი და ამის გამოც იყო, რომ მთელი მატჩის განმავლობაში არა ერთხელ შეიქმნა, ცოტა არ იყოს, კურიოზული სიტუაცია... თუმცა, რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს, "სკონტოს" მოედნის საფარი ჩვენი უპირველესი არენის გაზონს მაინც სჯობდა...
...ორივე გუნდის თავკაცმა აბსოლუტურად იდენტური განლაგება აირჩია: ხაზზე მოქმედი ოთხ-ოთხი მცველით, ორ-ორი საყრდენით, სამ-სამი შემტევითა და ერთი გამოკვეთილი ფორვარდით. ანუ, ამ მხრივ სტარკოვსისა და ქეცბაიას ერთმანეთისთვის სიურპრიზი არ შეუთავაზებიათ. ერთადერთი, მოულოდნელობა, გოგუას მსგავსად, მასპინძელთა შემადგენლობაში ბაქოს "ინტერის" 29 წლის ცენტრფორვარდის გირტს კარლსონსის არყოფნა იყო...
პირველი სახიფათო მომენტი ჩვენ შევქმენით: ჯანო ანანიძემ (ყველაზე აქტიური რომ იყო პირველ ტაიმში, მასპინძელ ალექსანდრ ცაუნიასთან ერთად) კარგად წაიღო ბურთი მოედნის სიღრმიდან, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა. სამაგიეროდ, მასპინძელთა საპასუხო კონტრშეტევა ბევრად სახიფათო გამოდგა - ცაუნიამ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, საჯარიმოში გამჭოლი გადაცემაც გააკეთა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველებმა იურის ჟიგაევსს დაასწრეს, თორემ ხიფათი გარდაუვალი იყო.
ჟიგაევსმა კიდევ ერთხელ შემოგვიტია, როცა მარჯვენა ფლანგიდან მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ამას გარდა, ის ერთწუთიანი მონაკვეთიც უნდა გამოვყოთ, ბალტიისპირელებმა ზედიზედ სამი კუთხური რომ მოაწოდეს ჩვენს კართან, თანაც, აქედან ორჯერ ლატვიელთა გამოცდილი ნახევარმცველი იურის ლაიზანსი მეტად სახიფათოდ ასრულებდა სტანდარტულს, მაგრამ ორივეჯერ ნუკრი რევიშვილმა იყოჩაღა.
მასპინძელთაგან ყველაზე რეალური მომენტი მაინც არტიომს რუდნევსს ჰქონდა - ლაიზანსის შორეული დარტყმა რევიშვილმა უხერხულად მოიგერია, მაგრამ პოლონური "ლეხის" ახალგაზრდა ფორვარდმა ოთხიოდე მეტრიდან ბურთი ხარიხას გადაავლო. თუმცა ისეც არ გვინდა, გამოვიდეს, თითქოს პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარმართულიყოს, პირიქით - ბურთს უფრო ხშირად ჩვენები ფლობდნენ, ორივე გარემარბი (ალექსანდრე იაშვილი და დავით კვირკველია) ფლანგებს ხშირად ცვლიდა, ჯანო ანანიძეც ერთობ აქტიურობდა, მაგრამ რასაც რეალური მომენტი ჰქვია, პირველ ტაიმში ჩვენც ერთი გვქონდა. ყველაფერი იაშვილისა და სირაძის კომბინაციით დაიწყო, რის შემდეგაც ანანიძე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ 18 წლის ქართველი შემტევის დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძელთა მეკარე ანდრის ვანინსს... მოხვდა.
სამწუხაროდ, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა ის ფაქტი, რომ პირველი ტაიმის განმავლობაში ჩვენი ფეხბურთელები საერთოდ არ ტვირთავდნენ სირაძეს მაღალი ფლანგური გადაცემებით. ამას გარდა, სველი გაზონის გათვალისწინებით, შორეული დარტყმებიც ბევრად უპრიანი იქნებოდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პირველ ტაიმი ჩვენებმა ბევრად უკეთ ჩაატარეს, ვიდრე რამდენიმე დღის წინ - მალტასთან...
მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, ოღონდ, ეს აქტიურობა, ისევ და ისევ, "სტანდარტულებში" თუ გამოიხატებოდა: ლაიზანსის მორიგი კუთხურის შემდეგ ცაუნია ახლო მანძილილდან თავი ურტყამდა, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ რევიშვილმა ითამაშა საიმედოდ და ამ ხუთწუთიანი მონაკვეთის შემდეგ უპირატესობა კვლავ ჩვენს მხარეს გადმოვიდა. ისევ და ისე ანანიძე აქტიურობდა, თუმცა ერთ-ორ ეპიზოდში მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეში მყოფს კარში დარტყმა მართებდა...
აი, 57-ე წუთზე კი ჩინებული მომენტი შეგვექმნა: კვირკველია მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ... არაზუსტად. არადა, ამ დროს გამჭოლი გადაცემა უკეთესი გაგრძელება იქნებოდა - ერთდროულად ორი ჩვენი შემტევი მეკარე ვანინსის სიახლოვეს იმყოფებოდა...
ჩვენი მომდევნო შეტევა უკვე საპირისპირო ფლანგიდან იყო. იაშვილმა მოხდენილი პასით ანანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან შესრულებული დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. საერთოდაც, ის 10-წუთიანი მონაკვეთი ჩვენების სრული დომინირებით წარიმართა და 68-ე წუთზე ბუბა დაუშვილმა (ნაკრების გამოცდილი წევრივით რომ ირჯებოდა) შორი მანძილიდან შეუჩერებლად დაარტყა - ვანინსმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე პირველები ჩვენები გაჩნდნენ, მაგრამ თანამსაჯმა სამართლიანი თამაშგარე დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა.
საქართველოს ნაკრები აგრძელებდა თამაშის რიტმის კონტროლს. თუმცა ერთ ეპიზოდში მასპინძელთა მწვავე კონტრშეტევა გამოგვეპარა - რევიშვილმა ამჯერადაც აჯობა ლატვიის ნაკრებში ყველაზე აქტიურ ალექსანდრს ცაუნიას. თუმცა ეს ეპიზოდი, თითქოს, კონტექსტიდან ამოგლეჯილს ჰგავდა - ტერიტორიულ უპირატესობას კვლავ ჩვენები ფლობდნენ და როგორც იქნა, მონდომებამ შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, ყველა გოლი ფასეულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ლატვიელებს სტანდარტულის შესრულების შემდეგ გავუტანეთ - ჯარიმა ანანიძემ შეასრულა, მეკარე ვანინსმა ბურთი მუშტებით მოიგერია, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფი უჩა ლობჟანიძე ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და თავით ბურთი კვლავ მეკარის საჯარიმოსკენ გაგზავნა, სადაც ყველას დაასწრო დავით სირაძემ და ახლო მანძილიდან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.
აბსოლუტურად ლოგიკური იყო, ამ გოლის შემდეგ ჩვენებმა დაცვაში ჩაჯდომის ნაცვლად კვლავ აქტიური თამაში რომ განაგრძეს. ამაში საკუთარი წვლილი შეცვლაზე შესულმა გოგიტა გოგუამაც შეიტანა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე თავის მეურვე ოსკარს კლავას უამრავი თავსატეხი გაუჩინა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ის ეპიზოდი, დაახლოებით 2 (!) წუთის განმავლობაში ჩვენებმა მეტოქეს ბურთი რომ "დაუმალეს" და ლევან კობიაშვილის, ანანიძის, გოგუასა და კახა კალაძის მონაწილეობით მრავალსვლიანი კომბინაციაც გაითამაშეს...
ამასობაში, მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა. ორივე გუნდის მწვრთნელმა სხვადასხვა ხასიათის შეცვლა განახორციელა. მატჩის ბოლო წუთზე ჩვენებს დაღლა დაეტყოთ თუ რა იყო მიზეზი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია - უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა. ერთი-ორჯერ ისევ და ისევ დაუღლელმა ცაუნიამ იაქტიურა, მაგრამ რევიშვილი საიმედოდ თამაშობდა კარის ხაზზეც და გამოსვლებზეც...
...და მაშინ, როცა 87-ე წუთზე ლატვიელებმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, გვეგონა, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩებოდა: რუდნევსის გამჭოლი პასის შემდეგ, შეცვლაზე შესულმა კრისტაპს გრებისმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ამის მიუხედავად, მასპინძელთა გვიანი გამოღვიძება და ჩვენი დაცვის პოზიციური შეცდომა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ლატვიელებს ანგარიში გაეთანაბრებინათ, არადა, შანსი იყო, ეს გოლი არ გაგვეშვა... სამწუხაროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ფეხბურთელების არცთუ მცირე (!) ნაწილმა კონცენტრაცია დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, კლავამ რომ მარჯვენა ფლანგიდან მაღალი ბურთი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს ჩააწოდა, ნამდვილად არ გვეგონა, თუ ასეთი ხიფათი მოჰყვებოდა - ტანმაღალმა გრებისმა ერთდროულად სამ (!) ქართველ მეტოქეს მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა და თავით ბურთი საჯარიმოს ცენტრისკენ ჩააწოდა, სადაც მასპინძელთა უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრს ცაუნია უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა და ეფექტური დარტყმით რევიშვილი უშანსოდ დატოვა - 1:1.
რას ვიზამთ, ესტონეთსა და მალტასთან თუ ჩვენ გაგვიღიმა ბედმა და გამარჯვების მომტანი გოლები ბოლო წამებზე გავიტანეთ, ახლა პირიქით მოხდა. უბრალოდ, საწყენი ის იყო, რომ მოგებაც აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მით უფრო, რომ მასპინძლებს ღირებული ბევრი არაფერი გაუკეთებიათ და, რაც მთავარია, თითქმის ყველა კომპონენტში უკეთ საქართველოს ნაკრები გამოიყურებოდა...
თუმცა არა უშავს - წაუგებელი სერიის გარდა, ბევრად უფრო ფასეული ფაქტია ის, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის ჩინებული შანსი აქვს. შეიძლება, ეს ეიფორია იყოს, ან "ცხელ გულზე" ნათქვამი, მაგრამ გაიხსენეთ - ოქტომბერში "ვამთავრებდით" ხოლმე შესარჩევ ეტაპებს...
12.10. რიგა. სკონტო. 4 330 მაყურებელი
ლატვია 1
საქართველო 1
0:1 სირაძე (74. ლობჟანიძის პასით), 1:1 ცაუნია (90+2. გრებისის პასით)
ლატვია საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
ვანინსი რევიშვილი
კლავა ლობჟანიძე
გორკშსი ასათიანი
ივანოვსი ამისულაშვილი
ზირნისი კალაძე
ლაიზანსი დაუშვილი
ასტაფიევსი კობიაშვილი
ჟიგაევსი იაშვილი
ცაუნია ანანიძე
რუბინსი კვირკველია
რუდნევსი სირაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. სტარკოვსი თ. ქეცბაია
ლატვია
82. ლაიზანსი - გრებისი
85. ჟიგაევსი - პერეპლიოტკინსი
სათადარიგოები: კოლინკო, მიხალიუკსი, კრიაუკლისი, ლაზდინში, ვერტოვსი
საქართველო
68. კვირკველია - გოგუა
79. ანანიძე - სალუქვაძე
87. იაშვილი - კოშკაძე
სათადარიგოები: ლორია, დვალიშვილი, გელაშვილი, მერებაშვილი
გაფრთხილება: კლავა (48), გორკშსი (64), სირაძე (74), გოგუა (83), რევიშვილი (87)
არბიტრი: ჟორჟე სოუზა (პორტუგალია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მე შევთავაზე და არ მოისმინა!
ჩვენი გუნდი კარგია რომ არ აგებს მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ფრე წაგების ტოლფასია!
აუცილებლად უნდა იზრუნონ ემოციურობაზეც! გუნდი ძალაინ ემოციებით სავსე იყო მასე შეიქლება ბრაზილიასთან განეწყო,თუმცა პროფესიონალისთვის მაგიც არ არის მისარები და გასასამართლებელი მაგალითი
მიუხედავად დაცვის შეცდომისა.
ასეთი გოლი მგონი ლატვიის ისტორიაში არავის გაუტანია!!
მაინც და მაინც ჩვენთან გაუვარდათ!!