ნაკრების ახალი სახე - აკაკი ხუბუტია

AutoSharing Option
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 17 ნოემბერს, სლოვენიასთან გასვლით ამხანაგურ მატჩისთვის გამოძახებულთა შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი იქნება ნაკრების შემადგენლობაში. ეს რუმინულ "გაზ მეთანში" მოასპარეზე მცველი აკაკი ხუბუტიაა. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ტანმაღალი (191 სმ.) მცველი ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა და ერთი ხანობა 21-წლამდელთა გუნდის კაპიტანიც იყო.

ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ სლოვენიასთან ახალ ფეხბურთელებს გამოცდიდა. ახალ სახეებს შორის ხუბუტიას გამოჩენა მართლაც რომ ლოგიკურია. აკაკიმ "გაზ მეთანში" ყველა მატჩი ჩაატარა, სტაბილურად სასტარტო შემადგენლობაშია, მისი გუნდი ლიგაში მე-4
ადგილზეა... ასე რომ, ეროვნულ ნაკრებში ხუბუტიას გამოძახება მოსალოდნელიც იყო.

ვნახოთ, თავად რა აზრის არის აკაკი ხუბუტია ნაკრებზე, სლოვენიასთან მატჩზე, ეროვნულ გუნდზე... აკაკის გუშინ რუმინეთში დავუკავშირდით და სანაკრებოს გარდა, საკლუბო თემებზეც ვესაუბრეთ. ინტერვიუ კი ეროვნულ გუნდში მისი გამოძახებით დავიწყეთ.

- სლოვენიასთან 17 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ გუნდში ხართ გამოძახებული...
- დიახ, ვიცი. ხუთშაბათს დამიკავშირდა ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და ეს ამბავი მახარა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის მიზანია. ჯერ კიდევ ახალგაზრდულში ასპარეზობისას ვოცნებობდი ეროვნულში თამაშზე. ახლა შანსი გამომიჩნდა და უნდა გამოვიყენო.

- დებიუტისთვის მზად ხართ?
- რაც "გაზ მეთანში" სტაბილურად ვთამაშობ, მუდამ მქონდა იმედი, რომ ეროვნულში გამომიძახებდნენ. 21-წლამდელთა ნაკრებში ყოველთვის მოტივირებული ვთამაშობდი. ეროვნულში გამოსვლაზე უფრო საპატიო არაფერია და ბუნებრივია, მაქიმუმს გავიღებ წარმატებისთვის.

რაც შეეხება მზადყოფნას. გუნდში სტაბილურად ვარ სასტარტო შემადგენლობაში, ცხრილში ისეთ გუნდებს ვუსწრებთ, როგორებიც არიან ევროტურნირებზე მოასპარეზე "კლუჟი", "დინამო" "სტიაუა". მცველი ვარ და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "რაპიდის" მსგავსად, ჩვენს გუნდსაც ლიგაში ყველაზე ნაკლები, 7 გოლი აქვს გაშვებული. ასე რომ, კარგ ფორმაში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულში კარგი დებიუტი მქონდეს.

- არანაკლებ მნიშვნელოვნია ფსიქოლოგიური მომენტი...
-ამ მხრივაც არ მექნება პრობლემა. რუმინეთის ლიგა კარგი დონისაა, საერთაშორისო მატჩებში გამოცდილება ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობიდან მაქვს. მოედანზე გასვლისას დაძაბული და შემოჭილი არასდროს ვარ. კარგად ვიცი, როცა ნერვიულობ, სანახევროდაც ვერ გამოავლენ შესაძლებლობებს.

- თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებზე როგორია თქვენი წარმოდგენა?
- შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ ჩვენი ნაკრების მატჩებს. ალალად ვიტყვი, ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნა ჩინებული გადაწყვეტილება იყო. მანამდე ქეცბაიას აქ, რუმინეთშიც ეპატიჟებოდნენ... რაც შეეხება ჩვენს ეროვნულს, შედარებაც არ არის, ნაკრები ახლა უკეთ თამაშობს. თუმცა კიდევ დიდი შრომა მოგვიწევს, უკეთესიც შეიძლება... შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ გუნდი პროგრესს განიცდის. ხალხი მოგებას კი არა, იმას ნატრობდა, ნეტავ მომდევნო მატჩი აღარ წავაგოთო. ქეცბაიას ხელში ხომ ეროვნულს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

- ქეცბაიას რუმინეთში იწვევდნენო, თქვით. რომელ კლუბში?
- შარშან, სანამ თემურ ქეცბაია ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა, მოქმედ ჩემპიონ "კლუჟის" ბოსები ქეცბაიათი სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული. აქაურ გაზეთებშიც დაიწერა, სოლიდური თანხა დაასახელეს, ზუსტად აღარ მახსოვს. თუმცა თემურმა არჩევანი ჩვენს ნაკრებზე გააკეთა და ფეხბურთელებმა უნდა გავუმართლოთ.

- შაბათს ცხრილის ლიდერ "ოცელულს" ეთამაშებით და მოგების შემთხვევაში პოზიციებს გაიმყარებთ...
- დიახ, რთული მატჩი გველის. ამ მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით.

- თქვენი გუნდი რა მიზნისთვის იბრძვის?
- სეზონის დაწყებამდე, მოწინავე 8 გუნდში მოხვედრა დაგვისახეს მიზნად. თუ ამას შევძლებთ, სპეციალურ პრემიებს ავიღებთ. თუმცა, ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ და გვინდა პირველ ექვსეულში მოვხვდეთ, რაც ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას მოგვიტანს. საქმე კარგად მიდის.

- გავიგეთ, რომ ორი კარგი გუნდის ინტერესის სფეროში მოხვდით. რომელია ეს გუნდები? ერთიც, კლუბთან საკონტრაქტო ვადა როდის გიმთავრდებათ?
- ხელშეკრულების ვადა მომავალი სეზონის ბოლოს დასრულება. რაკი სტაბილურად ვთამაშობ ინტერესიც გაჩნდა. კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ზოგადად გეტყვით, რომ რუმინული და გერმანული კლუბები მაკვირდებიან.

- ისევ ნაკრებს დავუბრუნდეთ, ბერძენი და ლატვიელი თანაკლუბელები გყავთ. რას ამბობენ ჩვენს ნაკრებზე?
- 3 სექტემბრის ბერძნებთან მატჩამდე ჩვენი გუნდის თავდამსხმელი ვასილიოს გალანისი დაჟინებით მიმტკიცებდა, სანტოშის გუნდთან თქვენს ნაკრებს შანსი არ აქვსო. იაშვილმა მე-3 წუთზე რომ გაიტანა, ტელეფონით მანამდე არ მოვასვენე, სანამ საბერძნეთმა ანგარიში არ გაათანაბრა... მან და ლატვიელმა მეკარე ედგარას პორტნოისმა ამ 4 თამაშის მერე ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებს საგრძნობი წინსვლა აქვს. მეტსაც გეტყვით, რუმინელი თანაკლუბელები გადარეულები არიან, ევროპის ასეთ კარგ კლუბებში გვყავს ლეგიონერები და რუმინეთის ნაკრების საქმე კარგად ვერ არის, 3 მატჩში მხოლოდ 2 ქულა გვაქვსო.

- სლოვენიასთან მატჩისთვის ემზადებით. მეტოქე ნაკრებზე რა წარმოდგენის ხართ?
- სერბი თანაკლუბელები მყავს და გავიგე თუ არა, რომ ეროვნულში გამომიძახეს, უმალ სლოვენიაზე დავეკითხე. სერბეთისა და სლოვენიის ნაკრებების მატჩი ბელგრადში 1:1 დასრულდა. სერბმა თანაკლუბელებმა მითხრეს, სლოვენია კარგი გუნდია და იოლი გასეირნება არ გექნებათო. მე ვუპასუხე, თანამედროვე ფეხბურთში მალტასთანაც კი აღარ არის თამაში იოლი-მეთქი. ერთი სიტყვით, კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. როგორც გავიგე, 17 ნოემბრის მატჩში ნაკრებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი იქნება. კარგად მესმის, რომ ყველა ფეხბურთელისთვის ეს მატჩი დიდი გამოცდა და შანსია ეროვნულში ფეხის მოსაკიდებლად. ერთი სიტყვით, ვიცი, სლოვენიაში თუ თამაში მომიწევს რთული გამოცდა მელის, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენო.

- ბოლოს, თქვენი უმცროსი ძმა, თემურიც ფეხბურთელია. ახლა სად თამაშობს?
- აქ, რუმინეთში იყო ჩამოსული, მაგრამ აღარ თამაშობს, ადრეულ ასაკში დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული