პორტრეტი: სანდრო არის სანდო!

AutoSharing Option
იყო დრო, როცა "ოლიმპი" საქართველოში საუკეთესო საფეხბურთო სკოლად ითვლებოდა, რომლის ერთ-ერთი მესვეური თავს იმითაც იწონებდა, თუ დღეს ვინმე ნიჭიერი თამაშობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ყველა ჩვენი აღზრდილიაო.

შევეკამათე, "დინამოს" რომ სანდრო კობახიძე ჰყავს, მგონი, "ავაზადან" უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ მესვეური თავისას ამტკიცებდა, "ავაზამდე" კობახიძე ჩვენთან იყოო.

კობახიძე 20 წლის იყო, "დინამოში" ლიდერივით რომ თამაშობდა, ფლანგებიდან აწიოკებდა მეტოქეებს. საერთოდ ასეა, ცაციებს განსაკუთრებული დრიბლინგი აქვთ, ცაცია ფეხი თითქოს სულ სხვაა, ვიდრე მარჯვენა. ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთში ასეა.

კობახიძე "დინამოდან" ევროპულ გუნდში ვერ მოხვდა, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში"
გადავიდა, სადაც მყისვე ფეხი ვერ მოიკიდა.

ბევრი გვინახავს საქართველოდან უკრაინაში წასული და იქ ერთ ადგილას გაჩერებული. ამიტომაც გულს რეჩხი დაემართა - კობახიძე "დნიპროს" პირველ გუნდში არ ჩანდა. შემდეგ იქიდან კრივოი როგის "კრივბასში" გაანათხოვრეს, მერე კიევის "არსენალში", სადაც სანდრომ გოლების გატანა დაიწყო და ყველას შეახსენა თავი უკრაინაშიც და საქართველოშიც.

ერთი სიტყვით, კობახიძე უკრაინულმა სირთულეებმა ვერ გატეხა და მისით საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც დაინტერესდა.

შარშან ალბანეთს თბილისში ამხანაგურად ვეთამაშეთ და 2:1 დავამარცხეთ. პირველ ტაიმში კობახიძე ფლანგიდან უტევდა, მეორე ტაიმიდან კი თემურ ქეცბაიამ ის შუისკენ შესწია და სწორედ კობახიძემ გაათანაბრა ანგარიში.

VideoSportall.Ge
საქართველო - ალბანეთი 2:1


გამოჩნდა, რომ კობახიძე შუაში უფრო სასარგებლოა, მწვრთნელის ტაქტიკური ცვლილება სწორი აღმოჩნდა.

მანამდე ჩვენს ნაკრებს მოლდოვასთან ჰქონდა ამხანაგური შეხვედრა. მსაჯი ჩვენს სასარგებლოდ უსტვენდა, თუმცა კობახიძეს მსაჯი არც კარგ თამაშში მოხმარებია და არც გატანილ გოლში - სანდრომ თავისუფალი ზონა როგორც კი შეამჩნია, იქ შევარდა და ნიკა გელაშვილის გადაცემა თავური გოლით დააგვირგვინა.

VideoSportall.Ge
საქართველო ნაკრებმა მოლდოვას 2:0 მოუგო


ნაკრებში მესამე გოლი კობახიძემ 22 მარტს საფრანგეთს გაუტანა. პირველ ტაიმშიც, როცა ანგარიში 0:0 იყო, ჰქონდა შანსი, მაგრამ უგო ლორისმა სასწაული ბურთი აუღო.

VideoSportall.Ge
22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1


როცა ძლიერ მოწინააღმდეგეს ეთამაშები, იქ უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს ამა თუ იმ ფეხბურთელის დიაპაზონი. საფრანგეთთან წავაგეთ, ჩვენი გუნდიდან საუკეთესო კი კობახიძე იყო. სანდრო უკვე ის მოთამაშეა, მწვრთნელის დიდი ნდობა რომ მოიპოვოს - ტექნიკური, ღონიერი, ალღოიანი და საიმედო.

ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებმა ძალიან კარგი ფეხბურთელი მიიღო - ჩვენს ეროვნულ გუნდს პოზიტივი ძალიან ცოტა აქვს და რომ არა კობახიძე, ექნებოდა კი საერთოდ?..

კობახიძე თავისი ქცევითაც სამაგალითოა, უკრაინაში წასვლამდე და შემდეგაც ის არ გახვეულა არანაირ უსიამოვნო ისტორიაში. მოედანზე მშვიდი და კონცენტრირებულია, თითქოს ეტყობა, რომ ფეხბურთით ცხოვრობს.

ახლახან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელის ფოტოს წავაწყდი. მათ თურმე ბომონდურ გეისთან გადაუღიათ სურათი.

ამაში განსაკუთრებული, ალბათ, არაფერია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ გაერთიანებული სამეფოს დონეზე, სადაც ცნობილ მამათმავალს რაინდის წოდებას აძლევენ და ალბათ ამიტომაც დამაფიქრა ამ ფოტომ.

ჰომოფობია კი ყველგან დაგმობილია, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოშიც და თუ იქ ნიჭიერ გეის სერის წოდებას აძლევენ, განმარტებაც აქვთ - გენიოსებს ყველაფერი ეპატიებათ.

ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვანაირადაა. საკუთარ თავს ევროპელებს კი ვეძახით, მაგრამ მართლა ევროპასთან ალბათ ჯერაც დიდი მენტალური სხვაობა გვაქვს.

როგორც უნდა იყოს, გამიხარდა, რომ ამ ფოტოზე კობახიძე ვერ დავინახე, რადგან ეს ფეხბურთელი ჩვენი არცთუ კარგი ნაკრების კარგ სახედ ყალიბდება. ასეთ დროს კი ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს და საერთოდ, არსებობს კი უმნიშვნელო რაღაცები?..

კობახიძე ახლა "დნიპროში" თამაშობს, ეს კლუბი კი უკრაინაში გაქანებით მესამე ან მეოთხე უნდა იყოს. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ მოიმატა იმის შანსმა, რომ 26 წლის კობახიძე უკრაინიდან მართლა ევროპაში მოხვდეს.

ღმერთმანი, უნარიანი კაცია ეს კობახიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლა კარგი ფეხბურთელია და როგორც ამბობენ ძალიან ღირსეული ადამიანი; იღბალი მისცეს ღმერთმა, ნიჭი და კეთილსინდისიერება არ აკლია ნამდვილად;
fortunato
22:31 28-03-2013
0
კაი ბიჭია სანდრო
lelo
19:37 28-03-2013
0

სიახლეები პოპულარული