თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 28 მაისს, საღამოს, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ღია ვარჯიში ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

შეგახსენებთ, ჩვენი ეროვნული გუნდი ირლანდიასა და დანიაში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. პირველი შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება, მეორე - 5 ივნისს. ქართული დელეგაცია დუბლინში 29 მაისს გაფრინდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ქეცბაიას რჩეულთა სიაში ცვლილებები, უფრო ზუსტად კი, დანაკლისია. ეროვნული გუნდის თავკაცს 28 მოთამაშე ჰყავდა გამოძახებული. ხუთი მათგანი ირლანდია-დანიაში არ ჩავა:

ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელიც რუსული "კრილია სოვეტოვის" ღირსებას იცავს, პრემიერლიგაში დასარჩენი
ფლეი ოფი ელის; ლევან მჭედლიძის "ემპოლი" იტალიის სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის და ასევე ფლეი ოფში თამაშობს; თორნიკე ოქრიაშვილი, ოფიციალური ინფორმაციით, გადაღლილია და არასათანადო ფორმაშია; ელგუჯა გრიგალაშვილი სავიზო პრობლემების გამო ვერ ახერხებს ნაკრებთან ერთად გამგზავრებას; ლევან ყენიას ქორწილი აქვს.

ცნობისთვის, 2 და 5 ივნისი ფიფას მიერ დადგენილი სანაკრებო დღეები არ არის და სწორედ ამიტომ კლუბებს, რომლებსაც ოფიციალური მატჩები ელით, სრული უფლება აქვთ, ფეხბურთელები ნაკრებში არ გაუშვან.

თბილისურ შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა დავით დევდარიანი, მაგრამ იგი ნაკრებს დუბლინში შეუერთდება.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების სიამ ასეთი სახე მიიღო:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დილა, გორი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (ალანია, რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), მერაბ გიგაური (ტორპედო, ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);
თავდამსხმელი: ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

ვარჯიშამდე "ბასას" საკონფერენციო დარბაზში ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ნაკრების თავკაცმა ემოციური განცხადებები გააკეთა.

თემურ ქეცბაია:
- უკვე ერთი კვირაა, რაც ნაკრების შეკრება დაიწყო, თუმცა სრული შემადგენლობით მაინც ვერ შევიკრიბეთ. კიდევ კარგი, 28 ფეხბურთელი გამოვიძახეთ, თორემ მოახლოებული მატჩების ჩასატარებლად საჭირო კონტინგენტი ვერ შეგროვდებოდა. ზოგი ფეხბურთელი საპატიო, ზოგიც არასაპატიო მიზეზით დაგვაკლდა.

ისღა დაგვრჩენია, ფონს არსებული კადრებით გავიდეთ. თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მიეცემა. ნაკრებში გამოძახებულთა უმრავლესობას ირლანდიასა და დანიაში თამაში მოუწევს.

სამწუხაროდ, აქ ისე არ ხდება, როგორც სხვა ქვეყნებში მინახავს - სხვაგან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია, ზოგი ჩვენი ფეხბურთელისთვის კი ასე არ არის. ნაკრებში ჩამოსვლისგან ისინი თავის არიდებას ცდილობენ. ფეხბურთელისთვის მთავარი ფეხბურთი უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ნაკრებს ეხება. ამის მაგივრად, ჩვენი ნაკრების ზოგი წევრი სანაკრებო მატჩების დროს პირად საქმეებს აგვარებს.

არის ხალხი, ვინც სამშობლოს გამო ტანკს უვარდება და არიან ისეთებიც, რომლებსაც ფეხბურთის თამაში არ უნდათ! მარტო ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!

პირადად მე ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ჩამოვდიოდი, ზოგისთვის კი ნაკრები მეათეხარისხოვანია.

ორი გასვლითი და მეტად საინტერესო შეხვედრა გველის. ცუდია, რომ ამხანაგური მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობას სტუმრად ვატარებთ, მაგრამ რა გაეწყობა.

- ამ ორი მატჩის მთავარი მიზანი რა არის?
- ოფიციალური შეხვედრებისთვის მომზადება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა არ შეიცვლება.

- ლადო დვალიშვილის თამაში გამორიცხულია?
- დიახ, რადგან პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია დარჩენილი. მართალია, "ლეგიამ" ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, მაგრამ კლუბი დვალიშვილის ნაკრებში გამოშვებაზე უარს აცხადებს. სხვათა შორის, ვარშავაში რამდენიმე დღის წინ ვიყავი და მის თამაშს დავესწარი.

- იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრების თამაშებს არასაპატიო მიზეზებით აცდენენ, ოფიციალური მატჩებისთვის მაინც გამოიძახებთ?
- ნორმალურ ქვეყანაში მსგავს საქციელს არავის აპატიებდნენ, მაგრამ იძულებული ვარ, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო, რადგან კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვაქვს.

- ჯაბა დვალისთვის ნაკრების კარი საბოლოოდ დაიხურა?
- ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული. ბევრ კანდიდატს ევროტურნირების მატჩებშიც დავაკვირდები. ცუდი ტენდენციაა, რომ ბევრი ის ფეხბურთელი, რომლებიც ერთი-ორი წლის წინათ კარგ ფორმაში იყვნენ, რეგრესს განიცდიან.

- თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლიდერმა ჩისკომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა...
- მოდით, ჩამოწერილ ფეხბურთელებზე ნუ ვისაუბრებთ.

- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე რას იტყვით?
- მოხარული ვარ, რომ ჩვენი ჭაბუკები ასე წარმატებულად ასპარეზობენ. ცუდი კი ის არის, რომ მათ ჩვენს უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევათ. სამწუხაროდ, ჩემს ინიციატივას კლუბების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
murtalo
რომელ მწვრთნელს ჰქონდა დალაგებული ურთიერთობა ჩვენს ფეხბურთელებთან?ყველა გააგიჟეს ამ უწიგნურმა(ყველას არ ეხება),უზრდელმა და ,,ბარიგული,,გაგებით აღზრდილმაფეხბურთელებმა!გავიხსენოთ ბოსკამპი,კუპერი,ჟირესი...
რომელია ფეხბურთელი?კლუბები ჩამოვთვალოთ?კოლხოზის და სოფლის კლუბებში მოთამაშეები?
ნაკრების წარმატებისთვის საჭირო პირობაა:15-20 ფეხბურთელი ევროპის პირველი ხუთეულის ჩემპიონატებიდან!3-5 ფეხბურთელი -ლიდერი კლუბში!და კლუბიდან,რომელიც ყოველ თამაშზე,ყოველ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძვის!აბა წაგებულის ფსიქოლოგიით დაიზარდა ქინქლაძე სიტიში,სადაც ყველაფერს აგებდა,და ნაკრებშიც შესაბამისი ფსიქოლოგიით თამაშობდა..
akhali
15:04 31-05-2013
0
murtalo
რომელ მწვრთნელს ჰქონდა დალაგებული ურთიერთობა ქართველ ფეხბურთელებთან?ყველა გააგიჟეს ამ უწიგნურმა(ყველას არ ეხება),უზრდელმა და ,,ბარიგული,,გაგებით აღზრდილმა ფეხბურთელებმა!გავიხსენოთ ბოსკამპი,კუპერი,ჟირესი...
რომელია ფეხბურთელი?კლუბები ჩამოვთვალოთ?კოლხოზის და სოფლის კლუბებში მოთამაშეები?
ნაკრების წარმატებისთვის საჭირო პირობაა:15-20 ფეხბურთელი ევროპის პირველი ხუთეულის ჩემპიონატებიდან!3-5 ფეხბურთელი -ლიდერი კლუბში!და კლუბიდან,რომელიც ყოველ თამაშზე,ყოველ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძვის!აბა წაგებულის ფსიქოლოგიით დაიზარდა ქინქლაძე სიტიში,სადაც ყველაფერს აგებდა,და ნაკრებშიც შესაბამისი ფსიქოლოგიით თამაშობდა..
akhali
14:59 31-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული