"სამწუხაროდ, აქ ისე არ ხდება, როგორც სხვა ქვეყნებში მინახავს - სხვაგან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია, ზოგი ჩვენი ფეხბურთელისთვის კი ასე არ არის. ნაკრებში ჩამოსვლისგან ისინი თავის არიდებას ცდილობენ.
ფეხბურთელისთვის მთავარი ფეხბურთი უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ნაკრებს ეხება. ამის მაგივრად..." - თქვა ქეცბაიამ, თუმცა არ დააზუსტა, რომელი ფეხბურთელების
ქეცბაია, ზოგადად, მართალია, თუმცა რებუსი არ არის ის ფორმა, რითაც მწვრთნელი უნდა ლაპარაკობდეს.
"არის ხალხი, ვინც სამშობლოს გამო ტანკს უვარდება და არიან ისეთებიც, რომლებსაც ფეხბურთის თამაში არ უნდათ! მარტო ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
პირადად მე ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ჩამოვდიოდი, ზოგისთვის კი ნაკრები მეათეხარისხოვანია", - ესეც იმავე პრესკონფერენციაზე ნათქვამია და მართლაც ვერავინ იტყვის, ქეცბაია საქართველოს ნაკრებში უგულოდ თამაშობდაო.
პირიქით, მოედანზე გასული ქეცბაია სამაგალითო იყო თანაგუნდელებისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. რაც შეეხება სამშობლოსა და ტანკს, ჰეროიკულ თუ პათეტიკურ ფრაზებს, როგორც წესი, შედეგი არ მოაქვს თანამედროვე ეპოქაში.
თუ საქართველოს ნაკრებში არიან უდისციპლინო და არაპატრიოტი ფეხბურთელები, რა უნდა გამოდნეს ასეთი გუნდისგან? ხოლო თუ ასეთები არ არიან, მწვრთნელის ამ რიტორიკას რა აზრი აქვს?
მწვრთნელი ფეხბურთელებისკენ რომ იშვერს ხელს, საქმეს კარგად ვერ ამთავრებს ხოლმე - ასე ხდებოდა საქართველოს ნაკრებსა და სხვა გუნდებშიც. პატრიოტიზმის თემა ვინც წამოჭრა საქართველოს ნაკრებში, მას ნდობაც დაუკარგავს ფეხბურთელებში. ასე იყო აქამდე...
კითხვას, კვლავაც გამოიძახებს თუ არა ქეცბაია ისეთ ფეხბურთელებს, არასაპატიო მიზეზით რომ აცდენენ სანაკრებო მატჩებს, ქეცბაიამ ასე უპასუხა:
"ნორმალურ ქვეყანაში მსგავს საქციელს არავის აპატიებდნენ, მაგრამ იძულებული ვარ, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო, რადგან კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვაქვს".
ქეცბაიას ნათქვამიდან გამოდის, რომ ფეხბურთელი კვალიფიციურია, მაგრამ არაპატრიოტი. ანუ ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია იმას, ვინც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ საქართველო არ უყვარს.
კი მაგრამ, თუ ფეხბურთელს ეროვნული ნაკრები არ უყვარს, რა მოტივაციით უნდა ითამაშოს? საქართველოს ამ ნაკრების ფეხბურთელებს არ აქვთ პრემია და არც ჯამაგირი ნაკრებში თამაშისთვის და რა გამოდის, რა მოტივაცია რჩება მოედანზე გასასვლელად?
პრესკონფერენციაზე ქეცბაიას ისიც უთხრეს, რომ "დინამო თბილისის" ესპანელ შემტევ ჩისკოს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს, რაზეც ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
"მოდით, ჩამოწერილ ფეხბურთელებზე ნუ ვისაუბრებთ".
მაშ, რა ხდება: ჩისკო გახდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მთავარი მეგოლე, არის საქართველოს საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და თუ ჩამოწერილმა ფეხბურთელმა მოინაგრა ასეთი რეგალიები, მაშინ რა განმარტება უნდა შეურჩიოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ეროვნულ ჩემპიონატს?
ქეცბაია ვერ არის კარგი მთქმელი და ეს არცთუ უმნიშვნელო ნაკლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის. როგორც უნდა იყოს, ქეცბაია ნაკრების თავია და მას თავისი წილი მხარდაჭერა სჭირდება მედიისგან. თუ ქეცბაია გუდას პირს მოხსნის და უდისციპლინო, არაპატრიოტ ფეხბურთელებზე პირდაპირ ისაუბრებს, ამით ყველას გააგებინებს, ვინ ვინ არის. სხვანაირად კი მის ასეთ განცხადებებს ფასი ვერ ექნება.
ქეცბაია ირლანდია-დანიაში ერთი ნომინალური თავდამსხმელით მიდის, თანაც ბოხუმელ ნიკა გელაშვილს გერმანიაში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. კი ბატონო, ყველა მწვრთნელს საკუთარი მეთოდები აქვს, მაგრამ...
მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელებისთვის პრემიაც უნდა იყოს და კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების სხვა ფორმებიც. იქნებ ამით მაინც დასრულდეს საუბარი მოტივაციაზე, ტანკსა და სამშობლოზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რამდენს იღებს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში?
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა
მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება
რომან ფიფია: ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება და დროა, შანსი მივცეთ
ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა