ძაძამიამ ეროვნული ჩემპიონატი "ვიტ ჯორჯიას" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ამჟამად იქ მისი კონკურენტი, არდალიონ მიქაბერიძეა.
ვითომ პარადოქსია? ვფიქრობ, ქეცბაიამ საინტერესო მეკარეს მიაგნო და ცინიკოსების ქილიკს დრო გასცემს პასუხს - ვისაც "ვიტ ჯორჯიას" წლევანდელი მატჩები უნახავს, გიორგის აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას. 21 წლის ტანმაღალი (188 სმ) მეკარე კოლეგებისგან კარნახითა და ფეხის კარგი თამაშით გამოირჩევა. საქართველოში კი მეკარეებს პასიურობა და კარნახის
დ მაინც: საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდის სათადარიგო მეკარის მიწვევა დიდი მოულოდნელი იყო - უპირველესად თავად ძაძამიასთვის, რომელიც გახსნილი რესპოდენტი აღმოჩნდა:
- ნაკრებში გამოძახება ყველაზე მეტად მე გამიკვირდა. ეს რომ მითხრეს, ვიფიქრე, მეხუმრებიან-მეთქი. ისე, სასიამოვნო ფაქტია, ერთი წლის წინ ლანჩხუთის "გურიაში" ვთამაშობდი და უცებ, ეროვნულ ნაკრებში აღმოვჩნდი - ცხადია, მოულოდნელი ნახტომია.
- შენზე ბევრი არაფერი იცის ფეხბურთის ქომაგმა.
- ეროვნულის შეკრებაზე ისე მიმიწვიეს, არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, კანდიდატიც არ ვყოფილვარ. კლუბს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი შევიცვალე. 17 წლისა რეგიონალიგაში, მარნეულის გუნდში ვთამაშობდი, საიდანაც "ზესტაფონში" ამიყვანეს და ორი წელიწადი დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობდი. თუმცა, გასულ სეზონში გამომიშვეს და პირველი ლიგის "ნორჩ დინამოელს" დავუბრუნდი, სადაც "ვიტ ჯორჯიას" სელექციონერებმა შემნიშნეს და კონტრაქტი გამიფორმეს.
- "ვიტ ჯორჯიას" ძირითად შემადგენლობაში რატომ აღარ გათამაშებენ?
- "ოლიმპთან" 0:4 რომ წავაგეთ, მას შემდეგ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. როგორც გავიგე, წაგება მე დამბრალდა და ბოლო 3 ტური სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. მწვრთნელს უკეთ მოეხსენება, ვინაა თამაშის ღირსი და ვინ არა. თუმცა, ნაკლის გამოსწორებაზე ბევრს ვიმუშავებ და მჯერა, გუნდის ძირითადი მეკარე გავხდები.
- ნაკრების მწვრთნელმა სად გნახა, სათადარიგოთა სკამზე?
- (იცინის) ვარცხნილობის გამო ნაღდად არ მიმიწვევდა. როგორც ვიცი, ბატონი თემური "ვიტ ჯორჯიას" მატჩებს თბილისის "დინამოსთან", "ოლიმპთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" დაესწრო და ალბათ, სწორედ მაშინ შემნიშნა. მიწვევაზე დუბლებში ჩატარებული მატჩის შემდეგ მითხრეს და ხომ წარმოიგიდგენიათ, რა რეაქციაც მექნებოდა.
- ვიყოთ რეალისტები, სლოვენიასთან გამოუცდელი მეკარის თამაში საეჭვოა. ალბათ, ეს მიწვევა ნდობის ჟესტია, ნაკრებში ვარჯიში კი კარგი გამოცდილებაა.
- მენდობა თუ არა ქეცბაია და მაქვს თუ არა თამაშის შანსი, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მე ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ შანსის გამოყენებას ვცდილობ, არ მინდა მარტო გამოძახებას დავჯერდე.
- თამაშისას კარნახი კარგად გამოგდის, გასწავლა ვინმემ?
- ბავშვობაში მასწავლებელი არ მყავდა, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ მასწავლეს "ნორჩ დინამოელში", შემდეგ კი "ზესტაფონში". ამ უკანასკნელში გია ჭანტურიასთან ვვარჯიშობდი, რომელმაც ბევრი წვრილმანის საიდუმლოს მაზიარა. "ზესტაფონიდან" წასულმა აღმოვაჩინე, რომ ორი წელი ტყუილად არ დამიკარგავს. გიას დამსახურებაა, კარიდან სწორი და დროული გამოსვლა, კარნახი, ფეხით თამაში და ა.შ. უკეთ რომ ავითვისე. მირჩევდა, მეკარეს "გაფორმებული" ნახტომი და მხოლოდ ეფექტურობაზე ფიქრი ღუპავს, პოზიცია კარგად შეარჩიე და უფრო საიმედოდ იქნებიო. "ვიტ ჯორჯიაშიც" გამიმართლა, რადგან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეთა მწვრთნელი, ლევან აბაშიძე მავარჯიშებს.
"დაუგავას" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი შოთა მახარაძე, რომელიც ძაძამიას სამი წლის წინათ "ნორჩ დინამოელში" მამუკა სვანაძესთან ერთად ავარჯიშებდა, ამბობს, რომ ქეცბაიას არჩევანი არ გაკვირვებია: "ძაძამია ჩვენთან თამაშობდა "ნორჩ დინამოელში". თვალშისაცემი იყო მისი შრომისმოყვარეობა, კონცენტრაცია და კარგი ადამიანური თვისებები, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ფასობს. გიორგის ყველაზე დიდ პლუსად მაინც თავდადებას ვთვლი, ვარჯიშზე და თამაშზე ბოლომდე იხარჯება. და კიდევ - გიორგისთვის პენალტის გატანა ძალიან რთულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქეცბაიას დაინტერესებაც არ გამკვირვებია და მიმაჩნია, რომ კარგი მეკარე გაიზრდება. სხვათა შორის, სამი წლის წინათ, მამაჩემი "ზესტაფონში" მუშაობდა და გიორგის აყვანა ვურჩიე. სამწუხაროდ, თემურის წამოსვლის შემდეგ, გუნდიდან ძაძამიაც გამოუშვეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"