სლოვენია ძლიერია, მაგრამ მოგება შეიძლება

AutoSharing Option
სლოვენიაში გამგზავრებამდე ეროვნული ნაკრების თბილისური ვარჯიში ე.წ. დახურულ რეჯიმში არ გამართულა და ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვების საშუალება მოგვეცა. 14 ნოემბრის გენერალურ რეპეტიაციაზე, ანუ ტესტ-მატჩისას და 15 ნოემბრის ორმხრივ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ თავი კარგად წარმოაჩინა და სამი გოლი გაიტანა. ქეცბაიას რუსთავის "ოლიმპის" თავდამსხმელი მოეწონა და გასამგზავრებელთა სიაში ჩართო.

ირაკლი მოდებაძეს ინტერვიუ სლოვენიაში გამგზავრებამდე ჩამოვართვით.

- ირაკლი, ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი ხომ არ იყო?
- ოთხი წელი ნაკრებში რომ არ ითამაშებ და ტრავმის გამო დროც გაგიცდება, უეჭველ მიწვევას არც ელი.
თუმცა დაბრუნებას ყოველთვის ვიმედოვნებდი. მით უფრო, რომ ქეცბაია ფეხბურთელების გამოძახებას ეროვნული ჩემპიონატიდანაც აპირებდა და აქედან გამომდინარე, სიურპრიზიც არ ყოფილა, ისე, მხოლოდ გამოძახებას აზრი არ აქვს, თუკი მწვრთნელის იმედი არ გავამართლე.

- ტესტ-მატჩში და ბოლო ორმხრივ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანე. ცხადია, თამაშის იმედი გაგიჩნდებოდა.
- თბილისში მაინც ვარჯიში იყო და არა ოფიციალური შეხვედრა. ასე რომ, ამ გოლებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, რა გამომივა კოპერში, თუკი მწვრთნელი მენდობა და მათამაშებს. ოფიციალური შეხვედრა სხვა რანგი, სხვა დაძაბულობაა და ფეხბურთელის რეალური შესაძლებლობა იქ უფრო ვლინდება.

- შენი აზრით, სანაკრებო დონისთვის მზად ხარ?
- ამაზე პასუხს მხოლოდ შეხვედრა გასცემს. თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა მეტ-ნაკლებად აღვიდგინე და ნაკრებისთვისაც მზად ვარ. თანაც, საკუთარ თავს მეტს ვთხოვ და ვფიქრობ, რომ ეს შემიძლია კიდეც. საუკეთესო ფორმის მისაღწევად მცირე დრო კიდევ მჭირდება. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში რომ გიწვევენ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

- ერთია, რომ ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს იცნობ, მაგრამ მეორეა - მოედანზე საერთო ენა თუ გამონახე.
- თავისთავად ცხადია, შესათამაშებლად მხოლოდ ნაცნობობა არაა საკმარისი. მე ბევრის გევრდით არ მითამაშია, მაგრამ რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ თამაში ძალიან გამიადვილდა, თუნდაც ტესტ-მატჩის დროს. ერთმანეთს კარგად ვუგებდით და თამაშიც წამივიდა.

ყოველი დღე ცარიელი ფურცელივით არის, რომელიც შენ უნდა შეავსო. გუშინ ვარჯიშზე რომ გავიტანე, ეს არავის აინტერესებს, მთავარია, დღეს გავიტანო, თავი სლოვენიასთან გამოვიჩინო და ბიჭებთან ურთიერთგაგება ოფიციალურ შეხვედრაში მოვახერხო. ყველაფერს ხომ ფასი მხოლოდ შედეგის შემთხვევაში აქვს.

- სლოვენიის ნაკრების შესახებ რა იცი?
- თუნდაც ის, რომ ფიფას რეიტინგში მეთხუთმეტე ადგილზეა, სლოვენიის სიძლიერეზე მეტყველებს. ჩვენ ძირითადი შემადგენლობით დაგვიპირისპირდებიან და რთული შეხვედრა გველის. ჯერ მეტოქის თამაშის დეტალური განხილვა არც გვქონია, რადგან შეკრებაზე ჩვენი შემადგენლობა იყო გასარკვევი, ვინ წავიდოდა და ვინ დარჩებოდა, ჯერ სამატჩო განაცხადში მოსახვედრი 18 ფეხბურთელის გვარიც არ ვიცით. ასე რომ, სლოვენიაზე ფიქრი ნაადრევი იყო. ჩავალთ და მწვრთნელები ადგილზე გაგვარკვევენ.

საერთოდ, სლოვენიელი ფეხბურთელების წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ორგანიზებული და მობილიზებული ხალხის შთაბეჭდილება დატოვეს. ამის ხარჯზე გავიდნენ რამდენჯერმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ნაკრების თამაშიც ბევრჯერ მინახავს და ასე დავახასიათებდი - მოძრავი და დისციპლინირებული გუნდია, რომელიც დაცვიდან, ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა. ხომ გახსოვთ, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩში, რუსეთს სწორედ ასეთი ფრთხილი და ჩაკეტილი ფეხბურთით აჯობეს და სამხრეთ აფრიკის საგზური მოიპოვეს.

- ასეთ გუნდთან თამაში საქართველოს ნაკრებს ყოველთვის უჭირდა.
- უჭირდა ადრე, მაგრამ ამ ციკლში ასეთ ნაკრებებთან - საბერძნეთთან და ლატვიასთან გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ, რადგან ქეცბაიას ხელში ჩვენი ნაკრები ჭკვიანურად და დისციპლინირებულად თამაშობს. ნაკრებს ვეღარ ვცნობ, სხვაგვარად მობილიზებულ და მებრძოლ გუნდად ყალიბდება და ეს მაიმედებს. ისედაც, ვისთანაც გიჭირს, იმ გუნდთან თამაშით გაიზრდები. თუმცა დღეს იოლი არავისთან აღარაა, ყველა იბრძვის და ბოლო წუთებამდე თამაშობს. მალტასთან ასე არ იყო?!@

- კოპერში მოგების იმედი გაქვს?
- დიახ, დიდი იმედი მაქვს.

- სლოვენია ძლიერი გუნდია და საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?
- იმას არ ვამბობ, რომ უეჭველად მოვიგებთ, მაგრამ ფეხბურთში უიმედოდ მოედანზე გასვლა არც ღირს. ბოლოს და ბოლოს, ბრაზილიას ხომ არ ვხვდებით, სლოვენია ძლიერია, მაგრამ არა დაუმარცხებელი. მათი პლუსი ისაა, რომ მასპინძლები არიან და კარგად შეთამაშებული ძირითადი შემადგენლობით გვეთამაშებიან. მაგრამ ვარჯიშზე ჩვენს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს დავაკვირდი, სლოვენიაში კალაძე, ხიზანიშვილი და კაშია შემოგვიერთდებიან და დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობას კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. მაგალითად, ხოჯავას. ბავშვობიდან ვიცნობ გოჩას და მის შესაძლებლობებს. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნაკრებში თავისი სიტყვის თქმა შეეძლო. ისეთი დრიბლინგი და პასი აქვს, ნებისმიერ დაცვას დაშლის. მჯერა, სლოვენიაში თავის პოტენციალს გამოავლენს. კუნთი აწუხებდა, მაგრამ იმედია, თამაშამდე მომჯობინდება.

მარცვალაძის ტრავმამ კი გული დამწყვიტა. ოთარს ძალიან კარგად ვიცნობ, მიხარია, რუსეთში წარმატებით რომ გამოდის და დარწმუნებული ვიყავი, სლოვენიასთან კარგად ითამაშებდა, მაგრამ ასე მოხდა და დროულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული