საქართველოს პროგრესმა ყველა გააოცა

AutoSharing Option
ნაკრები გუნდების ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ ეროვნული გუნდის წლევანდელი წარმატებული გამოსვლა ქართულ ფეხბურთის, ნაკრებისა და ფეხბურთელების იმიჯზე დადებით გავლენას მოახდენს.

"საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ასეთი წარმატებული სეზონი არ გვქონია: ერთი წელი და ზედიზედ რვა შეხვედრა არ წაგვიგია. სლოვენიასთან გამარჯვებამ ცხადყო, რომ ქართულ ფეხბურთს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ზოგს ჰგონია. ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა გვეზრდება და მალე ისინი ნაკრებს კიდევ უფრო გააძლიერებენ", - ამბობს ჩხეიძე.

ფედერაციის ტექნიკური დირექტორი სლოვენიელების პროგრესის მიზეზებზეც გველაპარაკა:"ბევრისთვის გამოცანაა, როგორ გახდა ორმილიონიანი სლოვენია ფეხბურთში
წარმატებული ქვეყანა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ევროპული ქვეყანა ხარ, ევროკავშირის წევრი, ეკონომიკურად კი სლოვენია ჩვენზე ბევრად ძლიერია. თანაც, მისი მეზობლები ავსტრია, იტალია და ხორვატია არიან. თუმცა, ფეხბურთის განვითარებისთვის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა და თუნდაც ძლიერი ეკონომიკა საკმარისი არ არის. მთავარია რესურსების გონივრული მართვა, ინფრასტრუქტურა, პირობები...

სლოვენიაში კი ძალიან კარგად განვითარებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მშვენიერი სტადიონები, ბაზები, მოედნები და სავარჯიშო პირობებია. ამ ქვეყნის კლუბები ევროპულ გრანდებს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ საკმაოდ კარგად ფინანსდებიან, ფეხბურთელებს ზრდის საშუალებას უქმნიან და ამ ყველაფრის შემდეგ კანონზომიერიც ჩანს, მნიშვნელოვანი ნახტომი რომ გააკეთეს.

ბუნებრივია, მათ იციან, რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ, რა გვიჭირს და რა გვილხინს. აქედან გამომდინარე, ბალკანელებისთვის საქართველოსთან წაგება დიდი მოულოდნელობა იყო. არ შემიძლია, სლოვენიელების ღირსეული მასპინძლობა არ აღვნიშნო – მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა ტაშით გამოგვაცილეს. გამარჯვებულ სტუმრებს ასე ყველგან არ ექცევიან და ეს სლოვენიელთა ღირსებაზე მეტყველებს".

რა რეაქცია ჰქონდათ სლოვენია-საქართველოს მატჩზე მყოფ უცხოელ სპეციალისტებს?

"შეხვედრას ხორვატიისა და საბერძნეთის ნაკრებთა წარმომადგენლები, აგრეთვე, იტალიელი სპეციალისტები და სელექციონერები ესწრებოდნენ. რამდენიმე მათგანს ველაპარაკე და თურმე ციკლის დაწყებამდე ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევდა, მაგრამ ოფიციალურმა და ამხანაგურმა მატჩებმა ეს წარმოდგენა შეცვალა. ახლა უკვე ანგარიშგასაწევ ძალად გვთვლიან და პატივს გვცემენ. საერთო აზრია, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა".



მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებოოო,,დააჩოქეთ კიდე ბარეორი.. ქეცბა მაგარიააააააააააა
lasha
17:00 20-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული