სანაკრებო თემაზე: ვინ უდგას გვერდში მეთაურს?

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილის სკანდალურმა ინტერვიუმ თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე, ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. ვინ არის მართალი - ფეხბურთელი თუ მწვრთნელი?

ყველას საკუთარი აზრი და არგუმენტები აქვს, ხიზანიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი ერთს ამბობენ, ქეცბაია კი - მეორეს.

ხიზანიშვილმა ისიც თქვა, ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებს დედას აგინებსო. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა...

იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."

ასეთი ხმები ადრეც გამოდიოდა ჩვენი ნაკრებიდან, ოღონდაც, ჟურნალისტის ხელობა ისეთია, ამგვარ რამეს ვარაუდის თუ ეჭვის საფუძველზე
ვერ იტყვის და ვერ დაწერს. არ მიყვარს ანონიმური წერილების კითხვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა ამის საშუალებას იძლევა.

მოკლედ, გავეცანი ინტერნეტსივრცეში დაწერილ ანონიმურ წერილებს, რომელთა უმეტესობა ქეცბაიას მხარდამჭერი გამოდგა. ესენი სამშობლოს გამყიდველები არიან, ნაკრებში თამაში არ უნდათ, ქეცბაია კი პატრიოტი კაცია - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო ეს "ანონიმკები".

ანონიმურ წერილებს ძალა არ აქვს, არ იცი, ვინ არის ნათქვამის ავტორი და რა რეგალია აქვს. ამასობაში კი ფაქტია, რომ ქეცბაიას უტევენ, ხიზანიშვილისა და ამისულაშვილის გარდა, მანამდე სხვა ფეხბურთელებსაც უთქვამთ აუგი ნაკრების ამ მწვრთნელზე, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა - ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე მეორე შესარჩევი ციკლი დაასრულა და მწვრთნელის გარდა, ჯერ არავის არ უთქვამს, უკეთესი შედეგი გვაქვსო.

ამისულაშვილისა და ხიზანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ქეცბაიას მხარდასაჭერად არავინ გამოსულა, დუმილი კი ასეთ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ნაკრების მწვრთნელს არავინ ექომაგება.

რა თქმა უნდა, ქეცბაიას შეუძლია თქვას, რომ რასაც ამისულაშვილი და ხიზანიშვილი ლაპარაკობენ, სიმართლე არ არის, ოღონდაც, არა მგონია, ამით საკუთარი თავი მომგებიან პოზიციაში ჩააყენოს. ამ თემის კიდევ უფრო გამძაფრება, თავისთავად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას ნიშნავს, დაძაბული სიტუაცია კი უკვე დიდი მინუსია მწვრთნელისთვის, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, იყოს გუნდის მეთაური.

მრჩეველი ყველას სჭირდება და ვერც ქეცბაია იქნება გამონაკლისი. არ ვიცი, ვინ არის მისი მრჩეველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვისაც ქეცბაიასა და საქართველოს ნაკრებზე გული ალალად შესტკივა, ის მწვრთნელს ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას არ ურჩევს.

მწვრთნელის გადადგომა ტრაგედია არავისთვის უნდა იყოს, ეს ამ პროფესიის ნაწილია. ქეცბაიაზე უფრო სახელიან მწვრთნელებს დაუტოვებიათ პოსტი და მერე სხვა გუნდში მიუღწევიათ წარმატებებისთვის. ეს ყველაფერი ქეცბაიამაც ძალიან კარგად იცის.
ეს ოხერი დიპლომატია კი მწვრთნელისთვის ძალზე აუცილებელია.

რჩევის მიცემა ჟურნალისტის საქმე არ არის, უბრალოდ, სასურველი იქნებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეთაურს კომუნიკაციის უკეთესი უნარი გამოეჩინა, რაც მკვეთრად გამოაკეთებდა სიტუაციას.

ჯერჯერობით, ფეხბურთის ფედერაცია ერიდება მკვეთრი განცხადებების გაკეთებას შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ფედერაციას ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქეცბაიასა და ნაკრების თემაზე. დუმილი ის რჩეული ოქროა, რომელსაც ფედერაცია იყენებს, ოღონდაც, დუმილი უსასრულო რომ ვერ იქნება, ესეც ფაქტია.

არ ვიცი, ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა თუ დაურეკეს ქეცბაიას. ფეხბურთელები მწვრთნელს პატივსაცემ თანაგუნდელად თუ მიიჩნევენ, გვერდში დგომა და გამხნევება არ უნდა დაამადლონ - ვგონებ, ეს საკამათო არ უნდა იყოს.

ანონიმურ წერილებში კი ჟურნალისტების კრიტიკაც ამოვიკითხე და ეს სულაც არ გამკვირვებია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბევრს კარგად არ ესმის, რა არის ჟურნალისტიკა და მეორეც იმიტომ, რომ დღეს ქართულ მედიას ძალიან უჭირს და გაჭირვებული საქმე მაღალ დონეზე ვერ იმუშავებს.

როცა ლაპარაკობენ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე, სწორ, კონცეპტუალურ მიმართულებებზე, რატომღაც არავის ახსენდება, რომ ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი მედიაა და ძლიერი პარტნიორის ყოლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ქეცბაიას გაუჭირდა კარგი კომუნიკაციის დამყარება სუსტ, მაგრამ მაინც მოქმედ, რთულ პირობებში მომუშავე პარტნიორთან. ამ საკითხში მას ალბათ საერთოდ არ ჰყოლია მრჩეველი. რაც მოხდა, კარგი გაკვეთილია ნებისმიერი იმ მწვრთნელისთვის, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე. ეს ძალიან ძნელი საქმეა, რადგან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია.

ბოლომდე ბრძოლა ან გადადგომა - აბა, რა მიხვედრა უნდა, რომ ქეცბაიასთვის ახლა ასე დგას საკითხი. ბრძოლას თანაგუნდელები, გვერდში მდგომი ხალხი სჭირდება, გადადგომას კი - მხოლოდ ნება.

როგორ ფიქრობთ, შექმნილ სიტუაციაში რომელი ვარიანტი იქნება უკეთესი?..

იხილეთ: თემურ ქეცბაია: ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... [VIDEO]


ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, მხოლოდ მწვრთნელს რატომ აკრიტიკებთ, ნაკრების ფეხბურთელები განა უფრთო ანგელოზები არიანო? შესაძლოა, ასეთი საყვედური მართებულიც იყოს, ოღონდაც, მეთაურს ყოველთვის მეტი მოეთხოვება, მეთაურის პასუხისმგებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია.

ქეცბაიასთვის საქართველოში ბოლო ჩამოსვლა წარმატებული ვერ გამოდგა, ტელეეთერში ემოციითა და ყვირილით გადაფარა ჟურნალისტების კითხვები და პოზიციები, მაგრამ ამას მისთვის კარგი არაფერი მოჰყოლია - ჯერ ამისულაშვილის ინტერვიუ, მერე ხიზანიშვილის, ისედაც დაბინძურებული სიტუაციის ჩიჩქნა...

იხილეთ: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
დავუშვათ ქეცბა წავიდა, დავუშვათ მერე ი თქვენმა კანდიდატურამ ვერ გაამართლა, ამის მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი??? ჟურნალისტები??? თუ ხიზანა???

ეს არის შეკვეთილი სტატია, დამკვეთი კი ქართული საფეხბურთო მაფია!!!
იდი ამინი
19:31 24-11-2013
0
ქეცბო ბოლომდე მიაწექი !
ლუი
16:07 24-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული