7 ქულა პირველ ოთხ მატჩში - რევაზ არველაძე ევრო 2016-ის წილისყრის შესახებ

AutoSharing Option
საფრანგეთში გამართული, საქართველოს ნაკრებისთვის არცთუ იღბლიანი წილისყრის შემდეგ, ნიცაში ფეხბურთის ფედერაციის გენ-მდივან რევაზ არველაძეს მივაწვდინეთ ხმა და კომენტარი ვთხოვეთ.

- თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი გერმანიაა, აუტსაიდერი კი გიბრალტარი, - გვითხრა არველაძემ საუბრის დასაწყისში, - ირლანდია, შოტლანდია და პოლონეთი თითქმის ერთი კალიბრის გუნდები არიან და მათთან ტოლ-სწორად თამაში, დამეთანხმებით, შეგვიძლია.

ჩემი აზრით, ამ სამი გუნდიდან უკეთესი პოლონეთია - ლევანდოვსკი, შჩესნი, ბლაშჩიკოვსკი... ასეთი ფეხბურთელები არც ირლანდიას ჰყავს და არც შოტლანდიას. ისე, ჩვენი ჯგუფი ახლა მეტ-ნაკლებად რომ დაბალანსებულია, ირლანდიის დამსახურებაა -
მეორე კალათიდან ხომ ჩვენს ჯგუფში სწორედ ეს გუნდი ამოვიდა.

- გიბრალტარი აუტსაიდერად მოიხსენიეთ, არადა, ამ გუნდის თამაში ჯერ ბევრს არც უნახავს და საქართველოს ნაკრებისთვისაც წინასწარ იოლ ლუკმად არ უნდა ჩაითვალოს...
- ვფიქრობ, გიბრალტარი ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი აუტსაიდერია და თქვენ თუ სხვა აზრი გაქვთ, არ ვიცი.

- აქამდე შესარჩევი ჯგუფის კალენდარზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირა და თვეც მიჰქონდა. ახლა როგორ მოხდა კალენდრის დადგენა?
- უეფამ ყველაფერი წინასწარ გაწერა, ჩვენ კი რამდენიმე ტექნიკური საკითხი მოვაგვარეთ. კალენდრის ბადე მზად იყო და წილისყრის შემდეგ გუნდები მარტივად დაწყვილდნენ. ასე მოხდა ყველა ჯგუფში. ახლა ყველაფერი ცენტრალიზებულია.

საქმე ისაა, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უეფას ახალი კონცეფციის - "ფეხბურთის კვირეულის" შესაბამისად ჩატარდება. თუ აქამდე შესარჩევი მატჩები მთელ ევროპაში ერთ დღეს იმართებოდა, ახლა ტურის შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდა. ამ ყველაფერს კი, ცხადია, სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ამიტომაც აიღო უეფამ ეს მისია საკუთარ თავზე.

- ასეთი წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს საფრანგეთში მოხვედრის რა შანსი აქვს?
- როგორც ვთქვი, გერმანია ამ ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია, გიბრალტარი - ასევე გამოკვეთილი აუტსაიდერი, ჩვენ კი უკეთესი მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იმედია, წარმატებას მივაღწევთ. ამავე აზრზეა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც.

- კალენდარი თითქოს არ ჩანს ურიგო. ამაზე რას ფიქრობთ?
- გეთანხმებით, საქართველოსთვის კალენდარს ცუდი ნამდვილად არ ეთქმის. 2014 წელს ოთხი თამაში გველის და თუ კარგად მოვემზადებით, შესაძლოა, წლეულს 7 ქულა მოვიპოვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა
თემურ ქეცბაია: ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ
მკითხველის კომენტარები / 22 /
გული მტკივა,რამდენ ნიჭიერ ქართველ ბიჭუნას ენატრება ფეხბურთის თამაში,მაგრამ არათუ ვარჯიშზე სიარულის,ბურთის ყიდვის საშუალებაც არა აქვს;ფეხბურთი შეძლებული ხალხის შვილებისთვის არის მხოლოდ;მე პირადად (6!)შვილის მყავს და მაინც უმაზე მეტი მაქვს რაც გვჭირდება,რაც შენიძლია გავცემ,მაგრამ იმდენი არა მაქვს ყველას დავეხმარო.ჩემნაირები სამწუხაროდ 10% თუ იქნება;რა ქნას დანარჩენმა 90%-მა?როდემდე უნდა ატყუონ ხალხს ამ კაკი-კუკებმა და აყროლონ ქვეყანა?საქმის ფუჭების გარდა არაფერს აკეთებენ და არც შეუძლიათ,თან მწყემსობა რომ ეთაკილებათ,სამარცხვინო გონიათ.მე რომ აქ აღარავის დავჭირდები სადაც ვარ,თუ სხვას ვერაფერს გავაკეთებ კარგს,მწყემსადაც წავალ,ოღონდ ჩემ სამშობლოს,ხალხს,ოჯახს,ვიღაც გაჭირვებულს რაღაცაში გამოვადგე და რაღაცა კარგი შევქმნა.მალტას ვერ ვუგებთ და ვტრაბახობთ?კვდება ქართული ფეხბურთი კაკი-კუკებო,რომელ ევროპაზე ლაპარაკობთ?ნუთუ მართლა გჯერავთ თქვენ თვითონ?!გეყოთ!სირცხვილია!მიხედეთ ქვეყანას!მიხედეთ მომავალს!
komble
20:07 24-02-2014
0
მოიარეთ საქართველოს კუთხე-კუნჭული და აუცილებლად იპოვით ნიჭიერ ბავშვებს, რომელთა გაწვრთნა შედეგს გამოიღებს.
დაანებეთ თავი შეკვეთილი ვაი ფეხბურთელების გამოჩორკნას.
tomba
20:36 24-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული