ალექსანდრე იაშვილი: ეს არ მოხდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისეთი თემაა, იოლად ვერ ამოწურავ. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ალექსანდრე იაშვილია.

დასაწყისშივე ვთქვათ, რომ რესპონდენტის თხოვნის გათვალისწინება მოგვიხდა - ვისაუბრეთ მხოლოდ წარსულზე და სიტყვა არ გვითქვამს მომავალზე. ამიტომაც ვერ გამოგვივიდა ვრცელი ინტერვიუ, რაც ახლო მომავლისთვის გადავდეთ.

მომავლის ამბები კი ერთობ საინტერესოდ მოჩანს. თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას იაშვილის უახლოესი მეგობარი ლევან კობიაშვილი და ისე როგორ იქნება, ამ ბრძოლაში "იაშკაც" არ იყოს...

ვიდრე ინტერვიუზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ 37 წლის იაშვილმა
ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაუტანია...

- რაოდენ უსიამოვნოც უნდა იყოს, პოლონეთთან დიდი ანგარიშით წაგებული მატჩი შევაფასოთ...
- რა ვთქვა... მეც, ისევე, როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი გულმოკლული და იმედგაცრუებული ვარ.

- და მაინც, რა მოუვიდა საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმში?
- პირველი ნახევრის შემდეგ ასეთ სცენარს ვერ წარმოვიდგენდი. კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრ ფეხბურთელს დაღლა დაეტყო. ამის მიზეზები ჩემზე უკეთ ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებს ეცოდინებათ.

მაინც მგონია, რომ მიზეზი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა. რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, მარტო ამით ფონს ვერ გახვალ. ფეხბურთში სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია საიმისოდ, რომ 90 წუთი თანაბრად ითამაშო.

ერთიცაა - შეიძლება, ცუდად ჩატარებული მეორე ნახევრის მიზეზი ფსიქოლოგიაში ვეძებოთ. არ ვიცი, ზუსტად ასე იყო თუ არა, მაგრამ იმასაც ვუშვებ, რომ საქართველოს ნაკრები პირველმა გაშვებულმა გოლმა გატეხა.

- როგორ შეაფასებდით თემურ ქეცბაიას მიერ საქართველოს ნაკრებში გატარებულ ხუთწლიან პერიოდს?
- ფაქტია, რა გეგმაც იყო, ვერ შესრულდა. ფეხბურთის ფედერაციისა და თემურ ქეცბაიას მიზანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამეულში მოხვედრა იყო. სამწუხაროდ, ამის შანსი, პრაქტიკულად, აღარ არის.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესს, რომელიც მეც შემეხო, ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებ, რადგან უკვე კარგად იცით ჩემი აზრი. სათქმელი თემურ ქეცბაიასაც ვუთხარი. არ დავმალავ, ძალიან მეწყინა, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი ამბავია და გახსენება აღარ ღირს.

- თქვენი აზრით, ვინ უშველის საქართველოს ნაკრებს?
- ეს მომავლის თემაა. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მხოლოდ წარსულზე ვისაუბრებდით (იცინის)?

- მაშინ ზოგადი კითხვით შემოვიფარგლოთ. ბევრის აზრით, ქართული ფეხბურთი მოკვდა. ასე ფიქრობს თემურ ქეცბაიაც. საინტერესოა, თქვენ როგორ გესახებათ ჩვენი ფეხბურთის მომავალი?
- ეს არ მოხდება. ქართული ფეხბურთი იყო, არის და იქნება. ახლო მომავალში უფრო ვრცლად ვისაუბროთ ყველაფერზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უკვე მოხდა...
nuadrakebt
12:09 22-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული