"იყო ნათქვამი, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ჩივაძე დააბრუნონ. ეს გზა უკვე ორჯერ მოვსინჯეთ და, ჩემი აზრით, ძველ კალაპოტში დაბრუნებას აზრი აღარ აქვს. უკეთესი იქნება, თუ შანსი ახალგაზარდა მწვრთნელებიდან რომელიმეს მიეცემა.
შეიძლება, განვიხილოთ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების, ვასილ მაისურაძის, გია ცეცაძისა და გიორგი დევდარიანის ვარიანტები, რადგან მუდმივად წარმატებით მუშაობდნენ, სანაკრებო სპეციფიკის ცოდნა კი ეროვნულ გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელიც დააწინაურეს, რომლებიც მალე
ამ კატეგორიის მწვრთნელებში ამბიციურობა მომწონს. ელიტრაუნდში სხვაგვარად გუნდს ვერ გაიყვანდნენ. დღევანდელ ეროვნულ გუნდს კი სწორედ ამბიცია აკლია", - ამბობს მიშა მშვილდაძე.
ის სამ სასურველ კანდიდატს აკონკრეტებს:
"უცხოელის ჩამოყვანა სიახლე არაა. ჩემი აზრით, რეალურად, შოთა არველაძე და კახა ცხადაძე სწორედ ამ კატეგორიის მწვრთნელებად ჩამოყალიბდნენ, რადგან საქმიანობა უცხოეთში ააწყვეს.
საინტერესოა ცხადაძის კანდიდატურა. ჩვენ ევროპის ლიგაზე ვნახეთ "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირება და გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანული კლუბი არაფრით ჩამოუვარდებოდა თურქულ "ბურსასპორს". ანუ აზერბაიჯანში დონე საკმაოდ გაიზარდა. იქ კი ცხადაძის "ინტერი" სულ ლიდერებში ტრიალებს. ანუ ცხადაძე უკვე საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტად ჩამოყალიბდა.
ისე, ყველაზე მეტი გამოცდილება მაინც გია გეგუჩაძეს აქვს, რომლის კანდიდატურაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. გია ერთადერთი ქართველი სპეციალისტია, რომელმაც ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. მისი შემდგომი შედეგებიც გვაფიქრებინებს, რომ სერიოზული მუშაობის უნარი აქვს.
სწორედ გეგუჩაძის წარმატება გახდა ახალი თაობის ქართველი მწვრთნელების წამოწევის წინაპირობა. მას შემდეგ სულ სიახლეები გვესმოდა - ხან ვინ გამოჩნდა და ხან - ვინ".
მშვილდაძე ფავორიტსაც ასახელებს:
"შოთა ჩამოსვლას არ ჩქარობს. იმედია, ადრე თუ გვიან ნაკრების მწვრთნელი მაინც გახდება და იმ ეშმაკურ კომბინაციებს, რასაც თამაშის პერიოდში მოედანზე ხლართავდა, მწვრთნელობისას ეროვნულ ნაკრებში გადმოიტანს და გუნდს სულ სხვა, აზრიან ფეხბურთს ათამაშებს".
"ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი მიიჩნევს, რომ "ჯვაროსნების" ახალ დამრიგებელს აუცილებლად უნდა მოსთხოვონ კონკრეტული ამოცანის გადაჭრა:
"ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, მწვრთნელად დანიშნულს კონკრეტულს რომ არაფერს ვთხოვდით. ასეთი უაზრო დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და მწვრთნელს ამოცანად თუნდაც ჯგუფში მე-4 ადგილის დაკავება დავუსახოთ.
სპორტული ამოცანის გარეშე ძნელია, მისი მუშაობა შეაფასო, სტატისტიკა კი ქოთანივითაა - ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამ და შენი შეხედულებით დაატრიალებ. სატურნირო ცხრილში კი ყველაფერი ნათლად ჩანს და მოგვცემს საშუალებას, მწვრთნელის მუშაობა დადებითად ან უარყოფითად შევაფასოთ".
მშვილდაძე ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გუნდში დისციპლინა უნდა დაამყაროს:
"ზოგჯერ ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებზე ისეთი ისტორიები მესმის, დაჯერება მიჭირს, მაგრამ ფაქტია - წესრიგის გარეშე შედეგი არც ერთ გუნდს არ ჰქონია. ეს ჩვენ ვინმეზე ნაკლებად არ გვჭირდება".
სხვათა შორის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ ბოლო სერიაში იყო ეპიზოდი, როცა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, პარტიის აქტივისტებთან ერთად, სტადიონზე მოვარჯიშე ფეხბურთელებს მიეჭრა და მეტი მონდომებით თამაში მოსთხოვა:
"მცველი რომ შეტევაში ერთვება, ის რომ ნახევარმცველმა უნდა დააზღვიოს, რატომ არ აზღვევთ ხოლმე, ხალხო?!"
მშვილდაძე უარყოფს, რომ ეს გულშემატკივრის ანალოგიურ ქმედებაზე პროვოცირების მცდელობა იყო:
"ასეთი სურვილი არ გვქონია. მაგრამ რა დასამალია და, პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს ჩვენი სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძის იდეა იყო - მე, ირაკლისა და სერიალის რეჟისორ გიორგი ლიფონავას ფეხბურთზე ჭკუა გვეკეტება. გადავწყვიტეთ, სათქმელი და სატკივარი ამ ერთ ეპიზოდში გადმოგვეცა და ფეხბურთელებისთვის გვეთქვა, რომ რაღაცებს ჩვენც ვამჩნევთ.
ნაკრების მიერ გაშვებული გოლები რომ გავარჩიოთ, აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა მარტივ შეცდომებს მოჰყვება ხოლმე - ვიღაც დაცვაში არ ჩავიდა, ვიღაცამ თავისიანი არ დააზღვია და ასე შემდეგ. ამდენი მარტივი შეცდომა კლასისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. მწვრთნელის თქმა სჭირდება ფეხბურთელს, რომ ერთმანეთი უნდა დაზღვიონ?!
ფეხბურთი იმდენად პოპულარული თემაა, ვფიქრობ, აქტუალურ საკითხებს აუცილებლად კიდევ გამოვეხმაურებით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"