მას შემდეგ, რაც სანაიამ "სამტრედია" დატოვა, უმუშევარია. "ლელომ" ახალგაზრდა სპეციალისტს ინტერვიუ სთხოვა...
- თავდაპირველად, ის გვითხარით, "სამტრედიიდან" წასვლის შემდეგ თუ გქონდათ შეთავაზება რომელიმე კლუბისგან?
- რეალური და საინტერესო შეთავაზება, ისეთი, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდებოდი, არ ყოფილა.
- მოდით, შევაფასოთ "სამტრედიაში" თქვენ მიერ გატარებული პერიოდი...
- უპრიანია, შეფასება იმ დღიდან დავიწყოთ, როცა გუნდში მივედი. მაშინ
რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში ამ გუნდის მწვრთნელად გატარებულ პერიოდს, ბუნებრივია, იყო გარკვეული ხარვეზები და ყველა თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი, თუმცა ფაქტია - ჩემი წამოსვლის დროს გუნდი მეორე ადგილზე იყო საქართველოს ჩემპიონატში.
აქვე, მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - ძალიან გამახარებს "სამტრედიას" წარმატება. ამ გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!
- საინტერესოა, თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?
- ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა ვერ გაამართლა, არგუმენტად ზოგიერთი კლუბის ფინანსურ გასაჭირს იშველიებენ. კი, საქართველოში ბევრს არ ულხინს, მაგრამ განა მაშინ არ იყვნენ ფინანსურად გაჭირვებული გუნდები, როცა 10 და 12-გუნდიან პირველობებს ვატარებდით?
არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე, მაგალითად, შარშანდელთან შედარებით საქართველოს ჩემპიონატს რეგრესს ვერ ვამჩნევ. 16-გუნდიან პირველობას კი ის პლუსი აქვს, რომ რამდენიმე ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებიც თანდათან უმატებენ. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოებაც, რომ რეგიონები ფართოდ არიან წარმოდგენილნი საქართველოს ჩემპიონატში და ეს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის, ჩვენ რომ გვინდა, თუმცა ვითარება ერთად უნდა გამოვასწოროთ.
- არ იქნება, საქართველოს ნაკრების თემას გვერდი ავუაროთ. რას იტყვით მის ახალ მწვრთნელზე, რომელმაც, საყოველთაო აზრით, ძალიან გარისკა?
- მართალია, კახა ცხადაძის მხრიდან ეს ნაბიჯი არის რისკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მან თანხმობა აბსოლუტურად შეგნებულად თქვა. ცხადაძე მაღალი დონის პროფესიონალია, მას ყველა შესაძლო დაბრკოლება და რისკი ექნება გათვლილი. გასაგებია, რომ ის ურთულეს მისიას შეეჭიდა, თუმცა ვიღაცას ხომ უნდა მოეკიდა ხელი ამ საქმისთვის?!
როგორც ერთი რიგითი ქართველი, კახა ცხადაძეს წარმატებას ვუსურვებ.
- ბუნებრივია, ცხადაძისგან სასწაულს არავინ ითხოვს. ალბათ, ამ ეტაპზე ისიც წარმატება იქნება, ცოტა მეტი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, ცოტა მეტჯერ დავარტყათ კარში, ცოტა მეტი შევუტიოთ... ისე, ყოველივე ეს სათქმელად ადვილია...
- კითხვას ნაწილობრივ უკვე გაეცით პასუხი. მართლაც, სათქმელად ადვილია. არ მეგულება მსოფლიოში მწვრთნელი, რომელსაც არ სურს, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. სხვა საქმეა, რამდენად გაძლევს ამის საშუალებას გუნდში არსებული კონტინგენტი. აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში განვიხილოთ ამა თუ იმ სპეციალისტის სამწვრთნელო ფილოსოფია, თუმცა კონტინგენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ალბათ, არ გავაკეთებ ახალ აღმოჩენას, თუ ვიტყვი, რომ დიდწილად მაინც მწვრთნელის განკარგულებაში თავმოყრილი ფეხბურთელები განაპირობებენ იმ სათამაშო მოდელს, რომელსაც თამაშის აწყობისას ესა თუ ის სპეციალისტი ირჩევს.
- ფაქტია, ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი დარჩა უმუშევარი, მათ შორის - თქვენც. ვფიქრობთ, ეს არ არის კარგი ჩვენი ფეხბურთისთვის...
- მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ჩემი უმუშევრობა არ არის ტრაგედია ქართული ფეხბურთისთვის. მწვრთნელის პროფესიას თუ ირჩევ, საამისოდ მზად უნდა იყო.
მჯერა, გამოჩნდება ჩემთვის საინტერესო შეთავაზება, რომელსაც დავთანხმდები და მუშაობასაც დავიწყებ. არ არის ეს ისეთი მდგომარეობა, რომლისთვისაც მზად არ ვიქნები. ის კია, რომ მზად ვარ მოვისმინო და განვიხილო ნებისმიერი საინტერესო შეთავაზება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"