კახა მახარაძე: "ფახთაქორიდან" რომც არ გამომიშვან, ნაკრებში მაინც ჩამოვალ

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ მალტასა და გერმანიასთან სანაკრებო მატჩებისთვის ტაშკენტის "ფახთაქორის" 27 წლის უნივერსალი, გუნდის კაპიტანი კახა მახარაძეც გამოიძახა. მიმდინარე სეზონში მახარაძე მართლაც ჩინებულ ფორმაშია და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი (თამაში შეუძლია ცენტრალურ მცველადაც) თამაშიდან უგოლოდ არ გადის.

მახარაძე "ფახთაქორის" თურქულ შეკრებაზე ხომ ბომბარდირობდა და, რაც აზიის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ამ ტურნირშიც უკვე 2 გოლი შეაგდო.

ერთი შეხედვით, უზბეკეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება უცნაურ ამბად კი მოჩანს, მაგრამ მახარაძის შემთხვევაში ამას ვერავინ იტყვის. ჯერ ერთი, სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს და მეორეც -
ვისაც, თუნდაც წლების წინათ, ერთხელ მაინც უნახავს კახა მახარაძის თამაში, ალბათ დაგვეთანხმება, რომ მას ახალი შტრიხების შეტანა შეუძლია საქართველოს ნაკრების თამაშში.

"ლელო" მახარაძეს ტაშკენტში შეეხმიანა. რესპონდენტს პირველ რიგში საქართველოს ნაკრებში გამოძახება მივულოცეთ...

- უზომოდ ბედნიერი ვარ. ვერ წარმოიდგენთ, ისე გავიხარე, - გვითხრა მახარაძემ საუბრის დასაწყისში.

- "ფახთაქორში" თუ გაიგეს, ნაკრებში რომ ხართ გამოძახებული?
- გაიგეს და მომილოცეს კიდეც. უზბეკეთში ქართული ფეხბურთი ძალიან უყვართ, საქართველოს ნაკრებს აფასებენ...

- თქვენი გუნდიდან სხვა მოთამაშეები თუ არიან მიწვეულნი ეროვნულ გუნდებში?
- ოთხი ფეხბურთელია გამოძახებული უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც აზიის მასშტაბით საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს.

- "ფახთაქორი" ძნელად გელევათ ხოლმე. ეროვნულ გუნდში თქვენს წამოსვლას ხომ არ შეაფერხებენ?
- არანაირად! ეს გამორიცხულია! ადრე ეს მწვრთნელების შეთანხმების საფუძველზე მოხდა და მაშინ არ იყო ოფიციალური სანაკრებო დღე. რას ამბობთ?! რომც არ გამომიშვან, მაინც ჩამოვალ (იცინის)...

- მალტასა და გერმანიასთან მატჩებზე რას იტყვით?
- ყველა ფეხბურთელმა, ვინც ერთი წუთით მაინც ითამაშებს ამ ორ შეხვედრაში, მაქსიმუმი უნდა დადოს მინდორზე, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამოგვივა.

- გინდათ, თქვათ, რომ გერმანიასთანაც გვაქვს შანსი?
- ჩემი თქმა რად უნდა, რომ გერმანია მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია. ერთ ადგილზე თანაბარი ძალის სამი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში შანსი ყველასთან არის. წინასწარ არავინ არავისთან აგებს. მიმაჩნია, რომ შანსი გვაქვს...

- საქართველოს ნაკრების უკეთესი მომავლისა თუ გჯერათ?
- მჯერა. საჭიროა, ყველა ერთად დავდგეთ, ერთ მუშტად შევიკრათ... აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა ცხადაძეს იმისთვის, რომ მენდო და შანსი მომცა. ვეცდები, ეს შანსი გამოვიყენო.

- სათამაშო ფორმას არ უნდა უჩიოდეთ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ და "ფახთაქორმა" სეზონი შესანიშნავად დაიწყეთ...
- აზიის ჩემპიონთა ლიგაში ორი მატჩის შემდეგ "ფახთაქორს" 4 ქულა აქვს და ეს კარგი შედეგია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გეტყვით ამ ტურნირში ჩემი თამაშის გაშუქებისთვის...

რაც შეეხება მიზნებს, "ფახთაქორი" ამ წარმომადგენლობით გათამაშებაში შორს აპირებს წასვლას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაიმახსოვრეთ! ეს ბიჭი ივარგებს!
jiji
16:30 20-03-2015
0
საღოლ ძმაო მართლა ჭირდება საქართველოს შენისთანა პატრიოტები ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა მამულიშვილები წარმატებები ქვეყნისთვის სასიკეთო დიდ საქმეში
თამაზაშვილი
12:31 16-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული