ოზბილისი საქართველოსთან არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2011 წელს პირველ შეხვედრას 9 თებერვალს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდი კუნძულზე 6 თებერვალს შეიკრიბება და მოემზადება.

მატჩისთვის თადარიგს სომხებიც შეუდგნენ და მათ ბანაკში საინტერესო ამბები ხდება. საკმაოდ ტიპურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ამსტერდამის "აიაქსში" 20 წლის არაზ ოზბილისი თამაშობს, რომელსაც ერთდროულად თურქეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ.

თავად ოზბილისი კი უცნაურად იქცევა. თავდაპირველად სომხების ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვარდან მინასიანს კვიპროსში საქართველოსთან თამაშს დათანხმდა.

თუმცა თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გუს ჰიდინკის ასისტენტ ოგიუზ
ჩეთინთან შეხვედრის შემდეგ, აზრი შეიცვალა და თურქეთის ნაკრებში გამოსვლას დათანხმდა.

ოზბილისი თურქეთშია დაბადებული. რუსული მედია წერს, რომ თურქი ემიგრანტების შთამომავალია, თუმცა სომხურ ვებ-გვერდებს თუ დავუჯერებთ, სომეხია. სახელიდან გამომდინარე, ასეც უნდა იყოს, სახელი არაზი სომხებში გვხვდება.

სომეხია თუ არა ოზბილისი, თავად ფეხბურთელის ინტერვიუს ის ფრაგმენტი იძლევა ზუსტ პასუხს, სადაც განაცხადა, რომ სტამბულის "გალათასარაიში" გამოსვლაზე ოცნებობს.

მოგეხსენებათ, 1915 წელს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს მტრული ურთიერთობა აქვთ და არც ერთი სომეხი არ იტყვის, რომ თურქულ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობს.

თუმცა ახლახან "აიაქსმა" სტამბულში "გალათასარაისთან" ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ჩვენი თურქი კოლეგების კითხვაზე, რომელ ნაკრებში ითამაშებო, ოზბილისმა უპასუხა, ჯერ ვერ გავრკვეულვარო.

ასეა თუ ისე, არაზ ოზბილისის კვიპროსში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში მაინც სათუოა, თორემ სომეხია თუ თურქი, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა და ამბის გამოკვლევა მეზობლებისთვის გადაგვილოცნია.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ააი შე ერის გამყიდველოოოო!! ვაი –ვაი–ვაი–ვაი–ვააი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
mentalitet
06:42 19-01-2011
0

სიახლეები პოპულარული