გამოხმაურება: ჯერ პოლონეთმა წაგვლეკა, მერე სტიქიამ...

AutoSharing Option
შაბათ ღამეს, თბილისს დიდი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. არის მსხვერპლი და დიდი ზარალი.

მანამდე, საქართველო კიდევ ერთი დიდი უბედურების მომსწრე გახდა - ვარშავის "ნოროდოვიზე" პოლონელები თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ლომებივით დაგვერივნენ...


ეს ყველაფერი ლოგიკურია. რაც უნდა ცვალოს ტაქტიკა კახა ცხადაძემ, რაც უნდა თავი დადონ ფეხბურთელებმა, ქართული ფეხბურთი ისეთ ღრმა ჭაობშია, მდგომარეობის გამოსწორებას წლები და დიდი შრომა დასჭირდება და ასე სწრაფად შედეგს ტყუილად ველით.

მცირე ხნის წინანდელი ამბავი გავიხსენოთ: ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ლაქა 201
5 წლის 5 მაისის სკანდალური დაკავებები გახდა. ფარულ ჩანაწერებში გამოჩნდა, რომ ამ ბინძურ საქმეში ფართო საფეხბურთო სპექტრი იყო გარეულ-გასვრილი...

იყო დრო, როცა უეფასეული გამოძიება გარიგებული მატჩების მხრივ ლიდერებად ასახელებდა ალბანეთს, სომხეთს, რუსეთს, ფინეთს, ესტონეთს, გერმანიას, ბელგიასა და ხორვატიას. მაგრამ ბოლო წლებში საქართველომ თითქმის ყველა ჩამოიტოვა.

არცაა გასაკვირი - უეფა ჩაწყობილი თამაშების შესაძლებლობას იმ გუნდებში ხედავს, სადაც ფეხბურთელებს ხელფასს დროულად ვერ უხდიან, აქედან კი ცდუნებამდე აღარაფერი რჩება...

ეს არის სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. უფულო გუნდები ის მღვრიე წყალია, სადაც მსურველი თევზს იოლად იჭერს. თან საქართველოში თამაშის ჩაწყობაც გაიაფდა - ითქვა, რომ პირველ ლიგაში თამაშის "გასაკეთებლად" გუნდს მაქსიმუმ 10 ათასს ლარს უხდიდნენ. უფრო ნაკლებიც იყო ნახსენები...

მოკლედ, ამ გზით ფულის შოვნა ლამის ყველა "კვაჭი კვაჭანტირაძეს" შეუძლია. საქმე ისაა, რომ თამაშის ანგარიშის გამოცნობაზე ფსონი 27-დან 40 კოეფიციენტამდე მერყეობს. კაცმა 1000 ლარი რომ ისესხოს, თეორიულად შესაძლებელია, ორივე გუნდიც დააკმაყოფილოს და თავადაც მოგებაში დარჩეს.

აბა, წარმოიდგინეთ, მაქსიმუმ 20 ათას ლარში რომ თამაშს ყიდულობ, ის ფეხბურთი რა დღეში უნდა იყოს? ანდა, რაღა წარმოდგენა უნდა? 5 მაისამდეც და მას მერეც ცხადი იყო, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და მას კოსმეტიკური რემონტი ვერ უშველის.
* * *
გულშემატკივრები პოლონურ მარცხზე საგულისხმო კომენტარებს აკეთებენ. საინტერესოდ ერთი მათგანის წერილი გვეჩვენა:

"ფეხბურთს თავი დავანებოთ და სხვა სახეობებს მივცეთ ფული? მერე მსოფლიოც თავს დაანებს ფეხბურთს, რადგან ქართველები ვეღარ თამაშობენ?

ფეხბურთია ნომერ პირველი სახეობა, ყველაზე პოპულარული და კიდევ დიდხანს დარჩება ასეთად!

მეტი პროფესიონალიზმი, მეტი მუშაობა და მეტი ინტელექტუალური რესურსია საჭირო წარმატებისთვის", - წერს ერთი მკითხველი.

ორი აზრი არ არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მიხედვისა და განვითარების გარეშე, არც ეროვნულ ნაკრებს ეშველება, არც ფეხბურთელებს და საერთოდ, დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობას თავს ვერ დავაღწევთ.

ასაკობრივი ნაკრებები თუ გვახარებდნენ და გიორგი დევდარიანის 19-წლამელთა ნაკრების ამასწინანდელმა თბილისურმა მატჩებმაც გვიჩვენა, რომ ნელ-ნელა ქართული ფეხბურთის ჭაობი მათაც ითრევს - აქაური მომზადების დონე უკვე იმდენად არასაკმარისია, სხვაობის დამალვა ამ ასაკშიც შეუძლებელია.

ამიტომ არის აუცილებელი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რის არქონამაც ჩვენი ფეხბურთი ასე დააზარალა, ამ სახეობაში საქართველო მაჩანჩალათა შორის აღმოჩნდა, კლუბები კი გაჭირვებაში კვდებიან.

გაიხსენეთ - "მრეტები", "შევარდენი", "მარგვეთი", "სანავარდო", "თბილისი", თსუ-"შევარდენი"... რა გაკეთდა, რომ ეს გუნდები გადარჩენილიყვნენ და პრობლემები მოეგვარებინათ? ვინმეს ადარდებს, თუნდაც დღეს "გაგრა" რომ კვდება და ხელიდან გვეცლება? ანდა რამდენი საფეხბურთო ცენტრი გახდა ისტორიის საკუთრება - ძველი 35-ე სკოლა, "ოლიმპი", "ფეიქრები", ოლიმპიური მომზადების ცენტრი, ავლაბრის საფეხბურთო სკოლა, "ლოკომოტივის" ძველი სკოლა... ყველას რა ჩამოთვლის.

ან იმაზე ვინმე დაფიქრებულა, საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი 58 ქალაქიდან 20-ში ფეხბურთის ჭაჭანება რომ არ არის?!

ასეთ პირობებში პოლონეთთან კი არა, მალე გიბრალტარსა და ფარერებთანაც (თუმცა რა ფარერები, რეიტინგში უკვე გაგვასწრო და აგერ, ამ შესარჩევში ორივე თამაში მოუგო ბერძნებს) გაგვიჭირდება და რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან დამარცხებაც აღარ იქნება სტიქიური უბედურება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რა არის მეტი გონებამახვილური შედარება ვერ მოიფიქრეთ? თუ იუმორია მაშინ უნიჭო იუმორია, თუ არადა მაშინ საერთოდ არვიცი რა ქვია ამას...
fraternity
17:52 15-06-2015
0
am tragediss da fegburtis shedareba hseizleba ra sazisgari satauriaa raa es
jei jei
17:08 15-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული