პოლონეთი-საქართველო 4:0 - არაპროფესიონალზმი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთთან შეხვედრას გარკვეული დანაკლისით შეხვდა. დაგვაკლდნენ ჯაბა კანკავა, საბა კვირკველია, ლევან მჭედლიძე და გოგიტა გოგუა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ კი, დისკვალიფიკაციის გამო, დაცვის ბურჯი, იტალიური "ტორინოს" უკანახაზელი კამილ გლიკი მოისაკლისა.

ჯგუფის ლიდერ პოლონეთისთვის აუტსაიდერ საქართველოსთან შეხვედრას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, არაერთხელ გვითქვამს - კახა ცხადაძის კრებულისთვის, ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეულ თამაშს ოქროს ფასი აქვს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ტაქტიკა
არც ერთ მწვრთნელს არ შემოუთავაზებია რაიმე განსაკუთრებული ტაქტიკური სიახლე. ნავალკამ ამ
ციკლში მრავალნაცადი 4-4-2 სათამაშო სქემა აირჩია. შეტევის ფორპოსტზე "ბაიერნის" სუპერშემტევ რობერტ ლევანდოვსკის "აიაქსის" ფორვარდი არკადიუშ მილიკი შეუწყვილდა.

უნდა ითქვას, რომ ამ თავდამსხმელის სახით მსოფლიო ფეხბურთს დიდი მასშტაბის ვარსკვლავი ეზრდება. ლევანდოვსკის კი კარიერის საუკეთესო ხანა უდგას.

საქართველოს ნაკრების სქემაც უკვე ნაცნობი 5-4-1 იყო. ოღონდ, ტრადიციულად ფლანგელ მცველებს, უჩა ლობჟანიძესა და გიორგი ნავალოვსკის, შეტევაში აქტიურად ჩართვა ევალებოდათ. კვლავ საყრდენად ითამაშა ჯანო ანანიძემ, უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა. მათე ვაწაძემ ბაჩანა ცხადაძე ჩაანაცვლა.

როცა ლორია და ფორტუნა კარში ერთად დგანან
პოლონეთის ნაკრებმა შეხვედრა ქარიშხლისებურ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთზე ვერ "ამოვიტანეთ" ბურთი, მაგრამ გვაპატიეს, თუმცაღა მძლავრი სიგნალი მაინც გაისმა...

მე-10 წუთზე უზომოდ აქტიური მარჯვენაფლანგელი, ლუკაშ პიშჩეკი, აწვდის ქართველთა საჯარიმოში და კამილ გროსიცკი ურტყამს - სასწაულით გადავრჩით.

მალე სანდრო კობახიძემ დაკარგა ბურთი და გიორგი ლორიამ ზედიზედ ორჯერ გვიხსნა - ჯერ პეშკოს არ გაატანინა, მერე კი არც გროსიცკი ახეირა. საცნაური გახდა, რომ ქართველი მცველები მწყობრად ვერ მოქმედებდნენ...

იქვე, მილიკს გადაეღობა ლორია. მე-18 წუთზე კი ჩვენს კიპერს იღბალიც დაეხმარა და ალეკო ამისულაშვილიც. ამ უკანასკნელმა უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და ლევანდოვსკი ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა, მეკარეს ბურთი ააცილა და გოლის აღსანიშნავადაც მოემზადა, თუმცა თავისივე შეცდომა ამისულაშვილმა გამოასწორა და ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, რომელიც იქვე ლევანდოვსკიმ დაინადავლა და... ისევ ლორია!

22-ე წუთი. ქართველმა ცენტრალურმა მცველებმა კიდევ ერთხელ "ჩაიძინეს". ლევანდოვსკიმ მშვიდად მიიღო ბურთი, გაისწორა და საგოლედაც დაარტყა, თუმცა ლორიამ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი და არნახული სირთულის ბურთი აუღო.

28-ე წუთზე პირველი მომენტისმაგვარი შევქმენით. მარცხენა ფლანგიდან გიორგი ნავალოვსკიმ ჩააწოდა. უჩა ლობჟანიძემ თავური სცადა, თუმცა - უშედეგოდ.

პოლონეთის ნაკრებს სწრაფი გოლი აღარ გამოუვიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ადამ ნავალკას გუნდი შედარებით დაწყნარდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ასეთ ტემპში დიდხანს მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი თუ ნაკრები ვერ ითამაშებდა...

პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მილიკს ლორიამ არ გაატანინა. მერე კი პირველად დავარტყით პოლონელთა კარის ჩარჩოში. ეს სანდრო კობახიძემ გააკეთა, შორიდან...

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ლორია და მისი უდიდებულესობა - საფეხბურთო ფორტუნა პირველ ტაიმში ერთად იდგნენ საქართველოს ნაკრების კარში. შეიძლებოდა, ისიც დაგეჯერებინა კაცს, რომ მეკარე, რომელსაც ასე წაუვიდა თამაში, გოლს არ გაუშვებდა...

კარგი დასაწყისი
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო. თორნიკე ოქრიაშვილი, ვინც ძალიან შორსაა ოპტიმალური ფორმიდან, ბუბა დაუშვილმა შეცვალა. მოხდა გადაადგილება - დაუშვილმა საყრდენის პოზიცია დაიკავა, ანანიძემ კი ოქრიაშვილის ადგილი შეავსო.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა. 51-წუთზე ანანიძის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს გურამ კაშია დაუხვდა და თავური დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

მერე მცველისგან "ამოტანილი" ბურთი ვაკო ყაზაიშვილმა მოიხელთა და ერთი შეხებით სცადა გატანა, თუმცა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კარგად ითამაშა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა...

მილიკის ულამაზესი
62-ე წუთზე პოლონეთის ნაკრები დაწინაურდა. მილიკი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ცაციათი ულამაზესი "მოჭრილი" დარტყმით აიღო ლორიას კარი - ბურთი შორეულ კუთხეში ჩაეშვა.

ცხადაძემ თამაშის სურათის შეცვლა ცვლილებებით სცადა. მინდორზე გიორგი ჭანტურია და ბაჩანა ცხადაძე გამოვიდნენ, პოლონეთმა კი კინაღამ გაგვიტანა. კუბა ბლაშჩიკოვსკიმ ცარიელი კარის წინ დარჩენილ გროსიცკის უპასა, თუმცა მან ვერ შეაგდო - თავური კარს ასცდა.

ჩვენი შანსი
82-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კინაღამ აღადგინა წონასწორობა. ანანიძემ გადააწოდა შეტევაში ჩართულ ნავალოვსკის, რომელმაც უძლიერესად დაარტყა - ბურთი პოლონელთა კარის ხარიხას მოხვდა. ამ ეპიზოდში ფაბიანსკი თავისიანებს ვერ იხსნიდა.

ნავალოვსკის რომ გაეტანა, შესაძლოა, საქართველო ქულას გამორჩენოდა, თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ სხვანაირად ინება - თურმე, კოშმარულ ენდშპილს გვიმზადებდა.

არაპროფესიონალიზმი
რა თქმა უნდა, წაგება ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. ამის მიუხედავად, რაც ბოლო ოთხ წუთში მოხდა, ამას ვერაფრით ავხსნით, ერთის გარდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ნაადრევად დაიწყეს შვებულება, ეს კი ყოვლად დაუშვებელი ამბავია. მით უმეტეს მაშინ, როცა სასწორზე ქვეყნის პრესტიჟი დევს.

რა თქმა უნდა, ცხადაძის სამწვრთნელო კარიერაში ეს იყო უარესი 4 წუთი, რა თქმა უნდა, მწვრთნელი პასუხისმგებელია მომხდარზე, თუმცა ერთიც სათქმელია - სულ რომ არ გყავდეს მწვრთნელი, ოთხ წუთში 3 გოლი არ უნდა გაუშვა. პროფესიონალიზმის გარდა, არსებობს საფეხბურთო თავმოყვარეობაც. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრები ამ ცნების დეფიციტსაც განიცდის.

ტელეტრანსლაცია ამ დროს შეფერხებით მიდიოდა და ამან კიდევ უფრო მოუშალა ნერვები ქართველ ქომაგს, თუმცა მინდორზე ისეთი არაფერი ხდებოდა, სანახავად რომ ღირებულიყო.

ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთი რჩებოდა, როცა ანგარიშში სხვაობა გაიზარდა. მილიკმა დიდებული პასით ლორიასთან პირისპირ დატოვა ლევანდოვსკი და "ბაიერნის" შემტევს სიზუსტემ არ უმტყუნა.

მერე ისევ ლევანდოვსკის ჯერი დადგა, თანაც - ორჯერ. საქართველოს ნაკრების დაცვა ამ დროისთვის უკვე აღარ არსებობდა და მსოფლიოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეგოლემ "ღია კარის დღით" მშვენივრად ისარგებლა.

დეჟავიუ
შარშან, ნოემბერში პოლონეთმა თბილისში 4:0 მოგვიგო. ვარშავაში იგივე განმეორდა. არც ფეხბურთელების კრიტიკას ვერიდებით და არც მწვრთნელისას, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ქართულ ფეხბურთში ჯერ "ზემოთ" უნდა დალაგდეს სიტუაცია.

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების მიერ დაკავებულ ადგილს "ძლიერნი ქართული ფეხბურთისანი" ამ რეიტინგის თავისებურებებით ხსნიან. არავითარი - გუშინ სრულად ვნახე ფარერები-საბერძნეთის მატჩი და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მაინც დავწერ - ამ დროისთვის, ფარერებს საქართველოზე სოლიდური გუნდი ჰყავს.

არადა, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ფარერების ჩემპიონატისა და დანიის მეორე-მესამე ლიგების ფეხბურთელთა გაქანება ჩვენებისას სჯობს. უბრალოდ, იქ საქმე სწორად კეთდება, ჩვენთან - არა.

კრიტიკა კი არავის უნდა ეწყინოს, რადგან ყველა დროსა და ეპოქაში ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაოს მთავარი საზომი იყო, არის და იქნება ქვეყნის ეროვნული ნაკრები, როგორც საფეხბურთო პირამიდის წვერი...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. VI ტური
13.06. ვარშავა. ნაროდოვი. 56 000
პოლონეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 მილიკი (62), 2:0 ლევანდოვსკი (89), 3:0 ლევანდოვსკი (90+1), 4:0 ლევანდოვსკი (90+2)

პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, შუკალა, პაზდანი (90. კომოროვსკი), რიბუსი - გროსიცკი (80. იედლოვიეცი), კრიხოვიაკი, მაჩინსკი, პეშკო (64. ბლაშჩიკოვსკი) - ლევანდოვსკი, მილიკი.
სათადარიგოები: შჩესნი, ბორუცი, ბროზი, ციონეკი, კეძიორა, კუხარჩიკი, ლინეტი, მილა, ზიელინსკი
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
საქართველო (5-4-1): ლორია - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი - ოქრიაშვილი (46. დაუშვილი), ანანიძე, კობახიძე (76. ცხადაძე), ყაზაიშვილი - ვაწაძე (63. ჭანტურია).
სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, ალადაშვილი, ყენია, მახარაძე, პაპუნაშვილი, სალუქვაძე, თოთაძე, ცინცაძე.
მწვრთვნელი: კახა ცხადაძე
არბიტრი: ა. კულბაკოვი (ბელარუსი)

მომდევნო მატჩები
4 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
გერმანია-პოლონეთი
გიბრალტარი-ირლანდია

7 სექტემბერი
ირლანდია-საქართველო
შოტლანდია-გერმანია
პოლონეთი-გიბრალტარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. D ჯგუფი: ზავი დუბლინში, რბევა ფარუში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
არ უნდათ ალბათ თამაში! ძალით ვერავის ვათამაშებთ!დაფინანსება რომ თხოულობენ,ჯერ იმის თუ ითამაშეს რაც მიცემულია?სამარცხვინო ქვეყნის სახელი გვაქვს,ვის დონეზე დაგვიყვანეს--ამას ადვილად ვერ გადავხარშავთ!მოდი მივხედოთ იმ სახეობებს სადაც ასე თუ ისე ხალხს თამაში მაინც უნდათ--რაგბი,კალათბურთი,ჭადრაკი,მოჭიდავეები-ყველა არა,წყალბურთი ასევე წავეშველოთ კიდევ რამდენიმე სახეობას,რომლებიც წარმატებას დღეს თუ არა ხვალ მაინც მიაღწევენ! რომ დაინახავენ ეგებ მაშინ მაინც მოვიდნენ თამაშის ხასიათზე,მასე მასეთ შედეგს ჩვენი უბნის ბავშვებიც დადებდნენ და მშობლებსაც წაეხმარებოდნენ
sano
15:20 18-06-2015
0
ჩვენი მეკარე ბატონო ლორია, შესახედავად მშვენიერი ბიჭია, მაგრამ როგორც ფეხბურთელი და მეკარე აზროვნებაში კარგი გვარიანად მოიკოჭლებს. ბატონ ლობჟანიძეს უნდა მისცე ხელში ოროყიანი თოხი და გაუშვა სათოხარში. და საერთოდ, ასეთი უსუსური გუნდი, როგორიც ჩვენი ნაკრებია, მეორე მსოფლიოში არ არსებობს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული