ფედერაცია "ბასას" ბაზას ხორვატიამდე გვპირდება

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას ფეხბურთის ფედერაციამ აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის სანაკრებო ბაზად გადაკეთება გადაწყვიტა. სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა თანადგომით ასეც მოხდა და ბაზის მშენებლობა დაიწყო. იდეა ფიფასა და უეფაშიც მოიწონეს, მორალურად და ფინანსურად წაგვახალისეს და საქმე დაიძრა.

თუმცა დაიძრა და ვერ გაგრძელდა. მას შემდეგ ფიფამ და უეფამ უამრავი გრანტი გამოგვიყო, მაგრამ ტექნიკური ცენტრი "ბასა" ლამის არაშენდად იქცა. შენობა კი აშენდა და დამშვენდა, მაგრამ ათი წელია, ხეირიანი საფარის დაგება არა და არ გვეღირსა. მერე უმცროსი ნოდარ ახალკაცის ფედერაციამ ყურადღება სულაც "ლოკომოტივის"
საგურამოს ბაზაზე გადაიტანა და ასე დაიკარგა ძვირფასი დრო, რომელიც სხვა პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარებოდა.

ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "ბასას" მოწესრიგებას გასული წლის მარტამდე დაგვპირდა, მაგრამ აგრარულ უნივერსიტეტში ხანგრძლივი იჯარით აღებული ტერიტორიის გარდაქმნის ნებართვას დრო დასჭირდა და ამას კიდევ ერთი წელი შეეწირა.

მოკლედ, ვერ გაიგებდი, საფეხბურთო ბაზა შენდებოდა თუ სურამის ციხე. თუმცა ახლა "ბასაში" გაგანია მუშაობაა და იმედია, "ზურაბის ჩატანება" არ დაგვჭირდება. ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი ამბობს, რომ ბაზა ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან მატჩისთვის შესაკრებად მოემსახურება.

"ბაზაზე მრავალი პრობლემა დაგვხვდა, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო ის იყო, რომ ნორმალური საფარის დაგებას წლები ვერ ვახერხებდით. ფედერაციამ ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა, ნაკრებს სხვაგან ვარჯიში რომ არ დასჭირდეს და შეკრება სრულფასოვნად გაიაროს. მოედნის საფარის დაგება უკვე დაწყებულია, კეთდება ტრენაჟორების დარბაზი, კვების ბლოკი, დასავენებელი ოთახები, საუნა, აუზი და სხვა. უკვე მოწყობილია სტანდარტული ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სხვათა შორის, "ბასაზე" 3000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნაც აშენდება, ანუ ეს იქნება პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება თუნდაც უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება. მოკლედ, ყველაფერი კეთდება, ხორვატიასთან 26 მარტის შეხვედრამდე ნაკრებმა შეკრება "ბასაზე" რომ გაიაროს", - ამბობს დვალიშვილი.

ფედერაციას საკუთრებაში მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონიც გადაეცა. 17 იანვარს თბილისს, სტადიონის სანახავად და სარეკონსტრუქციო პროექტის შესადგენად, მარკ ფენვიკი ეწვია, რომლის დაპროექტებულიცაა "ესპანიოლისა" და "ვალენსიას" სტადიონები, არქიტექტორი, რომლის ვიზიტიც დეკემბერში თბილისში უეფას ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ მიფსუდისა და ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის უფროს ტიერი ფავრის სტუმრობისას გადაწყდა. ფენვიკს "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქციაში ჩართვას სთავაზობენ.

"ფენვიკი რეკონსტრუქციის პროექტს რამდენიმე ხნის შემდეგ წარმოგვიდგენს. ჩვენი სურვილი სტადიონის სრული რეაბილიტაციაა. თავიდან უნდა დაიგოს საფარი, დამონტაჟდეს ინდივიდუალური სკამები, ვიპ და პრეს-ლოჟები, ტრიბუნები სანახევროდ უნდა გადაიხუროს. მოკლედ, ეროვნული სტადიონის გარდა თბილისში უმაღლესი დონის კიდევ ერთი სტადიონი უნდა გვქონდეს", - ამბობს დვალიშვილი.

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციას სტადიონის სათადარიგო მოედანიც გადაეცა, რომლის მთავარი სტადიონისგან გამოყოფაც მავანთ სურდათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

"ვაკის სტადიონის სათადარიგო მოედანიც გადმოგვეცა, სადაც ასევე შეიძლება პატარა სტადიონის მოწყობა. ახლა ფედერაციის ამოცანა "ბასას" და "მიხეილ მესხის" სრული რეაბილიტაციაა. ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ვაკის არენაზე კი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში უნდა დაიწყოს."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.


მკითხველის კომენტარები / 2 /
და ვინ არემონტებს?
0
ასე უსინდისოდ როგორ იბრალებს ფედერაცია ბასას რემონტს?? მადლობა მაინც გადაუხადეთ იმ ხალხს ვინც მართლა არემონტებს.
gigi
13:05 03-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული