გუგა ფალავანდიშვილი: მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ!..

AutoSharing Option
22 წლის გუგა ფალავანდიშვილს არასოდეს დაავიწყდება გიბრალტართან სანაკრებო მატჩი. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა გორის "დილას" საყრდენი ნახევარმცველის დებიუტი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

ფალავანდიშვილი "დილას" ერთ-ერთი ლიდერია, გამორჩეული ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატშიც და შემთხვევითი არ არის, რომ კახა ცხადაძემ მას ქვეყნის პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

შემადგენლობის სიღრმე - ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი კოზირი ცხადაძის გაწვრთნილი გუნდისა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ჯგუფი ძლიერია, მაგრამ ძალიან თანაბარი. საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი კარგი თამაში კი იმედს გვაძლევს, რომ "ჯვაროსნები" მომდევნო შესარჩევ ციკლში მუნდიალზე გასვლისთვის
ბოლომდე იბრძოლებენ...

- გუგა, გაიხსენეთ სანაკრებო დებიუტი. როგორი გრძნობა დაგეუფლათ, როცა გიბრალტართან შეხვედრაში მინდორზე შეხვედით?
- როცა ეროვნულ გუნდში პირველ თამაშს ატარებ, ეს განსაკუთრებული გრძნობაა. მართლაც განსაკუთრებული გრძნობა იყო, განსაკუთრებული ემოციები... ეს დღეს არასოდეს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, დებიუტს დიდი ემოცია ახლავს თან. გიბრალტართან შეხვედრაში რაც შემეძლო, გავაკეთე, თავი არ დამიზოგავს.

ყველა ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს ფეხბურთს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს. ამის საუკეთესო საშუალება კი ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენაა. საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და ვამაყობ იმით, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. საქართველოს ნაკრები ყველა ჩვენგანისთვის უძვირფასესი გუნდია.

- როგორ მიგიღეს ნაკრებში? ახალბედასთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...
- ძალიან კარგად. ყველა გვერდით დამიდგა. გუნდში იდეალური სიტუაციაა. მინდვრის გარეთ ასეა, მინდორზე კი ყველამ ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს...

- რას იტყვით თქვენს თამაშზე?
- ეს თქვენი, ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შესაფასებელია. მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავი არ დამიზოგავს.

- მოდით, გერმანიასთან მატჩზე მოგვიყევით. რა გამოჩნდა სათადარიგოთა სკამიდან?
- ჩვენ ვითამაშეთ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ და გამოჩნდა, რომ, თურმე, ყველასთან შეგვიძლია თამაში. გერმანიის ნაკრებთან ამდენი სახიფათო მომენტი გვქონდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

- საქართველოს ნაკრები, საყოველთაო აზრით, პროგრესირებს. თქვენ თუ ხედავთ ამ პროგრესს?
- ყველაფერში. ეს არის, რომ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და შრომა, წინსვლა გავაგრძელოთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია ვიბრძოლოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად?
- შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ამოცანა რთულია, მაგრამ ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მჯერა, საქართველოს ნაკრებს აქვს ამის პოტენციალი. ყველა მოუთმენლად ველით მომავალი შესარჩევი ციკლის დასაწყისს.

- უცხოეთში თამაშზე თუ ფიქრობთ და თუ არის რაიმე რეალური ვარიანტი?
- რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია, მაგრამ დღესდღეობით ჩემი ფიქრები და მიზნები გორის "დილას" უკავშირდება. მინდა, ამ გუნდთან ერთად მეტ წარმატებებს მივაღწიო.

- "დილას" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ცუდადაც არ დაუწყია საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ ბოლო ტურში, პირადად ჩემთვის და ბევრისთვისაც, აუხსნელი რამ მოხდა. რა მოუვიდა "დილას" სამტრედიაში (გორელებმა ეს მატჩი 0:5 წააგეს - რედ.)?
- მხოლოდ თქვენთვის კი არა, ჩვენთვისაც აუხსნელია. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება - ამ ამბავს მხოლოდ ასე თუ ვუპოვით მეტ-ნაკლებად ლოგიკურ ახსნას. იმ დღეს მეტოქეს ყველაფერი გამოუვიდა, ჩვენ კი - არაფერი.

- ვიცით, რომ "დილაში" არ არის იდეალური ფინანსური მდგომარეობა...
- შეკრულები ვართ ერთ მუშტად. გვპირდებიან, რომ უკეთესობა იქნება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სტადიონზე 1968 წლიდან დავდივარ. 60-იანების ბოლოდან ყველა თაობის ქართველი ფეხბურთელების მომსწრე ვარ. 1976 წ თასი.1978 წ ჩემპიონობა. ლივერპულთან მოგებულ 3-0.ეს ყველაფერი სტადიონზე მაქვს ნანახი. მანუჩარ მაჩაიძე,დათო ყიფიანი,ვიტალი დარასელია და სხვა დიდი ფეხბურთელები არ ლაპარაკობდნენ ასე თავის თავზე,როგორც გუგა ლაპარაკობს.მე ეს ვთქვი სხვა არაფერი.
ნუკრი
10:27 16-10-2015
0
ნუკრის კომენტარზე-გუგა არის საქართველოს ფეხბურთის მომავალი. მან "დილაში" თავი უკვე წარმოაჩინა-ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯება,არ არსებობს მისი გაჩერება,ვერცხლის წყალივით მოძრავია,რითიც სტიმულს აძლევს თანაგუნდელებს,მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა.მჯერა რომ იგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს,მას დიდი პოტენციალი გააჩნია.
merabi
10:07 16-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული