"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო ამბები - ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, თენგიზ სულაქველიძეს, "ლელო" ჩვენი ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

სულაქველიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მისი პოზიცია ამადაც მნიშვნელოვანია...

- ბატონო თენგიზ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰყავს მწვრთნელი. თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ პოსტზე ქართველი სპეციალისტი უნდა ამჯობინოს თუ უცხოელი?
- ჩემი აზრი ასეთია: საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.

- რატომ ქართველი?
- ჩვენ გვყავდა უცხოელი სპეციალისტები
ნაკრებში. რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს, ასეულობით ბავშვთა სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ეყოფოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს?
- ჯერ ფეხბურთელებზე ვიტყვი. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ, თავი დადონ მინდორზე. ჩვენი თაობა ისე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, არ ეღირსა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა. ახლა ამ თაობას აქვს საამისოდ უნიკალური შანსი...

გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ბილეთს, მიდის სტადიონზე, ქომაგობს ბოლომდე და მან საპასუხოდ უნდა მიიღოს ჩვენი ფეხბურთელების თავდადება..

რაც შეეხება მწვრთნელს... ბუნებრივია, ნაკრებს მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე სპეციალისტთან მიმუშავია. თავი არასოდეს დამიზოგავს და ასევე იყვნენ სხვებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო, ეს კი საქართველოს ნაკრებია - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი...

- იქნებ, ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ იმ მწვრთნელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში?
- მალოფეევთან, ბესკოვთან და ლობანოვსკისთან ვიმუშავე და უნდა გითხრათ, სამივე ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო...

- ...და თქვენში ყველაზე დიდი კვალი რომელმა მათგანმა დატოვა?
- ლობანოვსკიმ. ის დიდი მწვრთნელი იყო.

- რომელს გამოარჩევდით მისი თვისებებიდან?
- არნახული პროფესიონალი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. ნაკრებს თამაში აქვს, ესპანეთში მივფრინავთ. ვასილი რაცს, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ერთი წუთი დააგვიანდა აეროპორტში. წარმოიდგინეთ, სულ ერთი წუთი დააგვიანა და თან საქმე ეხება ამხელა ფეხბურთელს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაკრები რაცის გარეშე გაფრინდა ესპანეთში...

ლობანოვსკის ჰქონდა ერთი დიდებული სამწვრთნელო თვისება - მასთან არასოდეს არაფერი დაგეკარგებოდა. არ არსებობდა გუნდში "მისიანი" და "სხვისიანი". ოღონდ გეთამაშა და... როცა ვაგებდით, არ მახსოვს, ლობანოვსკის რომელიმე ფეხბურთელისთვის დაებრალებინა მარცხი. ვაგებდით ყველა ერთად და ვიგებდით ასევე ყველა ერთად!

მაშინ საზღვარგარეთ რომ წავიდოდით, თამაშის წინა დღეს ერთი საათით შეგვეძლო გასვლა მაღაზიაში, საყიდლებზე, გარეთ ავტობუსი გველოდა. თუ იმ ერთ საათს გადააცილებდი, უნდა შეგუებოდი იმას, რომ ავტობუსი აღარ დაგხვდებოდა. რეჟიმის ოდნავ დარღვევასაც კი ვერ იტანდა.

- გამომეტყველებითაც ძალიან მკაცრი იყო...
- მე ბევრი არ მინახავს მისნაირი კარგი ადამიანი. დიდებული კაცი იყო, დიდი და ღრმა შინაგანი სამყაროთი.

- გეგულებათ დღეს ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებში?
- ჩემი აზრით, გვყავს ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო მწვრთნელები. ქართველი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს ნაკრებში და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ!

თავის დროზე, თბილისის "დინამოში" გერმან ზონინი მოიყვანეს. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მასზე უკეთ გააკეთებდა საქმეს, მის ხელში სულ აირია გუნდი...

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც უნდა გკითხოთ...
- მე ასე მგონია: ამ პროგრამის დამტკიცება თითოეული ჩვენგანის უდიდესი გამარჯვებაა. თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ხანაშიც კი არ ჰქონია ფეხბურთს ამხელა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის შედეგად ქართული ფეხბურთი სულ მალე იგრძნობს მნიშვნელოვან წინსვლას.

ერთიცაა - მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს მტკიცე საძირკველი სჭირდება. ზოგადად კი, ჩვენი ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 61 /
არაფერი ზღაპარი არ არის, სძულდა მესხი, ყიფიანი, 1976 წლის მონრეალის ამბები მაინც არ გაგიგია; ახალკაცმა შექმნა იმ დროის საუკეთესო გუნდი, რომელმაც წამოიხია ლივერპულიც კი; ყიფიანის, შენგელიას, გუცაევის ქვეყანაში ბელანოვის ხსნება შეიძლება; ლობანოვსკი ვერ იტანდა ყიფიანს, გუცაევს, მესხს; აფანატებდა კალაძეზე და სულაქველიძეზე; პატივს ვცემ კალაძესაც, სულაქველიძესაც, მაგრამ ფეხბურთი უყვართ მესხის, ყიფოს, ბაჯოს, ზიზუს გამო
ქუთაისელს
23 თებერვალი 2016 17:40
0
ახალკაცი როგორ არ ახსოვს მაგრამ რა დააშავა რამე თენგიზმა თუ ლობანოვსკი უფრო მეტად ძლიერი იყო და კიდე საიდან ეგეთი ზღაპრები რო უკრაინელ ლობანოვსკის ძულდა ყიფიანი.დდ ახალკაცი საქართველოს კვალობაზე იყო დიდი მწვრთნელი და ღმერთმა აცხონოს მაგრამ გადახედე ლობანოვსკის დროინდელი თუგინდ დამოუკიდებლობის დროინდელი გინდ ნაკრები და გინდ კლუბი შევჩენკო ბლოხინი ბელანოვი სამი ევროპის ოქროს ბურთის მფლობელი აჩუქა თავისქვეყანას კაცმა რაზეა საუბარი აქ საერთოდ.ახალკაცით სპეკულირება აქ კიდე უადგილო მგონია.
qutaiseli
23 თებერვალი 2016 16:26
0
რატომ არ მიდებთ კომენტარს, რა ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს კაცი მაგარი ფეხბურთელი იყო, ძალიან მაგარიც, მაგრამ ლეგენდა და სიმბოლო მესხი და ყიფიანია,.... ან ახალკაცი როგორ არ უნდა გაიხსენო
morte
23 თებერვალი 2016 11:46
0
ახალკაცი აღარ გახსოვს; ლობანოვსკის სძულდა ჩვენი ლეგენდა ყიფო, კარგი ფეხბურთელი იყო სულაქველიძე, მაგრამ საქართველოს საფეხბურთო სიმბოლოები მესხი და ყიფიანი არიან, ....
morte
23 თებერვალი 2016 11:40
0
ლობანოვსკი იყო ყველაზე მაგარიო სულქაველიძე რო ამბობს ამას თავისი ქვეტექსტიც აქვს რაში იყო ლობანოვსკი ძლიერი იცით 1 იყო უძლიერესი პროფესიონალი ტაქტიკოსი და დისციპლინის მოყვარული ადამიანი და 2 ფულს კიარ ითხოვდა ზერელედ როგორც ჩვენთან ხდება ჯერ შედეგი და მერე დანარჩენი ყველაფერი აი ეს იყო ამ ადამიანის ლეიტმოტივი და ასეთივე დამოკიდებულება ქონდა ფეხბურთელებთანაც.წააგებდი ფული ფაფუ მოიგებდი მიიღე შენი ეჭვიც არ მეპარება რომ ლობანოვსკი თავისი ქვეყნის ნაკრებს მილიონების გარეშედაც გაწვრთნიდა და არა ისე როგორც ჩვენები.სულაქველიძე კიდე დიდი ფეხბურთელი იყო რომელიც მთელ ჯიგარს დებდა მოედანზე არ მახსოვს თენგიზის ჩაგდებული თამაში გუნდის ძრავი იყო რასაც ქვია.
qutaiseli
20 თებერვალი 2016 01:00
0
ქართველს ესმის ჩვენი პრობლემა და უკვე ნაფიქრიც ექნება ყველაფერი და სანამ უცხოელს მოიყვან აზრზე რომ ქართული ფეხბურთი ჭაობია მანამ ხელფასაც აიღებს და გაიქცევა! რატომ არ უჯერებთ ამ ვეტერანებს ვერ გამიგია
vaaax
20 თებერვალი 2016 00:32
0
ერთადერთი მოტივაცია რითაც მწვრთნელმა ნაკრებს შედეგი შეიძლება მოუტანოს ეს არის პატრიოტიზმი !!სხვა ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია აქ პროფესიონალიზმზე საუბარი ზედმეტია და ვერც უცხოელს მოსთხოვ ვერაფერს!! გაიგეეთ?!
gio
19 თებერვალი 2016 23:53
0
კი ბატონო, მეც მომხრე ვარ ქართველი მწვრთნელის, მაგრამ ვსვამ კითხვას, არიან კი ქართველი მწვრთნელები ნაბიჯაყოლილი თანამედროვე ფეხბურთისადმი, ესმით თანამედროვე მოთხოვნები და გამოწვევები? მზად არიან, გაუძლონ კორუფციულ ზეწოლებს? თუ კი, გაუმარჯოთ, მაგრამ, ვაგლახ...
giorgi
18 თებერვალი 2016 01:28
0
აბა გააგებინე ეგ კობიაშვილს რომ ქართველი უნდა იყოს ფეხბურთელებთან უფრო ოჯახური სიტუაცია იქნება ნაკრებში!!
gio
17 თებერვალი 2016 16:05
0
ეს ახალგაზრდები ვინ გაზარდა ასე უფროსების დაფასება რომ არ იციან, გამოცდილება რას ნიშნავს აზრზე არ არიან, გოდორი იწვნება, ჭომას დონეს ჯერ მიაღწიონ და მერე ილაპარაკონ
tamazino
17 თებერვალი 2016 15:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული