რევაზ ძოძუაშვილი: იცით, რას ჰგავს ვლადიმირ ვაისის საქციელი?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები და ქართული ფეხბურთის შიდა სამზარეულო - ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ცნობილ ქართველ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს, რომელიც ახალ სამწვრთნელო გამოწვევას ელის...

- თავდაპირველად საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე გკითხავთ...
- პირველი, რაც უნდა ვთქვა, ის არის, რომ ვლადიმირ ვაისს გამბედაობას შევუქებ. ყველა ვერ გაბედავდა და ვერ აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას. ეს რას ჰგავს, იცით? მანქანას საბურავი რომ აქვს დაშვებული, აუცილებლად რომ უნდა ჩაჯდე შიგ და არ იცი, სახლში ცოცხალი მიხვალ თუ არა...

რაც შეეხება ყაზახეთთან მატჩის შეფასებას, ეს პირველი თამაში
იყო ახალი მწვრთნელის, თუმცა გარკვეულ ნიუანსებზე შეიძლება ლაპარაკი. ვაისმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა. საქართველოს ნაკრებმა პირველ ნომრად ითამაშა.

დავაკვირდეთ, როგორ ერთვებოდნენ ჩვენი ფლანგის მცველები შეტევაში. ჩემი აზრით, ლობჟანიძე და ნავალოვსკი წინ უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე უკან, დაცვით ფაზაში.

მეორე მომენტიც არის - გოლი სწორედ ფლანგიდან განვითარებული შეტევის შემდეგ მივიღეთ...

შეიცვალა ნაკრების ტაქტიკა. ჩვენ ვითამაშეთ ახალი, 4-4-1-1 სქემით, მაგრამ მე ვფიქრობ, არ უნდა დავივიწყოთ 3-5-2 სქემაც. მომავალშიც უნდა გამოვიყენოთ ის და ამავე დროს, დავხვეწოთ სხვა მოდელებიც.

არ შემიძლია, კიდევ ერთ საკითხს არ შევეხო - თავის მოტყუებაა ამაზე ლაპარაკი, რომ მესამე ადგილზე გავალთ და ეს იქნება კარგი შედეგი. არ იქნება კარგი შედეგი! ჩვენმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, საქართველოს ჩემპიონმა კი - ჩემპიონთა ლიგაზე. აი, ეს იქნება კარგი შედეგი!

- მოსასმენად კარგია, მაგრამ გვაქვს კი საამისო რესურსი?
- დამიჯერეთ, გვაქვს. აი, წავიდეთ მე და თქვენ, მოვიაროთ საქართველოს საფეხბურთო კერები და აუცილებლად დაგიმტკიცებდით, რომ რესურსი გვაქვს. ამ ქვეყანას გენში აქვს ფეხბურთი. სხვას თუ ჰყავდა პელე, ჩვენ მიშა მესხი გვყავდა, ბორის პაიჭაძე გვყავდა, გივი ჩოხელი, დათო ყიფიანი, მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე...

შანსი არაა, ისინი კიდევ არ იბადებოდნენ და არ დაიბადონ მომავალში.

- მაშ, რა ხდება, ვერ ვამჩნევთ ამ ნიჭს?
- პრობლემა უფრო ღრმაა. დღეს თანდათან იდება ფული ქართულ ფეხბურთში. თუნდაც მეორე ლიგის გუნდში გამოჩნდა იმის ფული, რომ მშიერი არ გავიდეს ფეხბურთელი მინდორზე. ჩვენ ბავშვთა ფეხბურთს და შედარებით დაბალ ლიგებს უნდა მივხედოთ. აქედან უნდა წამოვიდნენ ტალანტები. ქართულ ფეხბურთს საბოლოოდ მაშინ ეშველება, როცა აღარ იქნება სიბინძურე, როცა აღარავინ დაიჩაგრება, როცა სუფთა იქნება ყველაფერი!

- თავისთავად, ეროვნული ჩემპიონატიც ძალიან დაბალი დონისაა...
- რა თქმა უნდა, ყველას გვინდა უკეთესი ჩემპიონატი. ეს ვრცელი თემაა და ახლა ამაზე ვრცლად ვერ ვილაპარაკებ... ალბათ, არის ხალხი, ვისაც ევალება ამ თემის ანალიზი. აი, თუ მეტყვიან - რეზო, დადე შენი დასკვნაო, ჩავიხედავ თითოეულ გუნდში და ვიტყვი ჩემს აზრს. ახლა მხოლოდ ზოგადი ლაპარაკი შემიძლია.

უნდა შეიქმნას, ერთი მხრივ, პროფესიონალთა შტაბი და, მეორე მხრივ, ისეთი ხალხის კრებული, ვისაც საზოგადოება იცნობს და აფასებს. ყველა სფეროს წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ აქ. უნდა დაიდოს ზუსტი დასკვნა იმისა, თუ რა გვჭირს. თუ არ გაიგე, რა გტკივა, ტკივილს როგორ გააჩერებ? უნდა გაკეთდეს სარევიზიო შტაბი, რომელიც ამ დასკვნას დადებს.

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ახლა პაუზაა. ხომ არ გაქვთ საინტერესო შეთავაზება?
- ძალიან კარგია, რომ შეეხეთ ამ თემას. ესე იგი, რეზო ძოძუაშვილი გახსოვთ. ავიღოთ ჩემი ბოლო გუნდი, ჩემი მშობლიური ქუთაისის "ტორპედო". კარგად იცით, რა ვითარება იყო იქ, როცა მწვრთნელად მივედი. გულშემატკივრებმა პირდაპირ მითხრეს - რეზო, ოღონდ გუნდი დატოვე უმაღლეს ლიგაში და ქუთაისში შენს ძეგლს დავდგამთო. დავტოვეთ კი არა, ძალიან კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. უკვე მეორე სეზონში ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ "ტორპედო" გასულიყო ევროთასებზე, მაგრამ... კლუბის ხელმძღვანელობამ სხვანაირად გადაწყვიტა.

მე ყველგან წავალ სამუშაოდ, ოღონდ არ წავალ აუტსაიდერ, უამბიციო გუნდში. დაუძახონ რეზო ძოძუაშვილს და დაავალონ, რომ გაიყვანოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში და რეზო ძოძუაშვილი თავს მოიკლავს, ისე იმუშავებს.

რაც შეეხება ჩემს მშობლიურ ქუთაისს, მე ყველაფერი გავაკეთე იქ ფეხბურთისთვის. საკუთარ თავს ვეუბნები მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ იმავეს ფიქრობენ "ტორპედოს" ქომაგებიც. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ზუსტად ვიცი, რომ მის გარეშე ვერ გავძლებ. მინდა, ჩემი გამოცდილება ქართულ ფეხბურთს მოვახმარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ინტერვიუს სათაური და თვითონ ინტერვიუ სხვადასვხა ხომ არ არის???)))
Zaza
20:06 21-05-2016
0
რაღა ვაისი მოყავდათ მწვრთნელად ძოძუაშვილი ვერ მოიყვანეს, გადავირიე რა გვეშველება აღარ ვიცი როდის დავაფასებთ ჩვენს ფეღბურთელებს
guram
17:32 08-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული