ტოპმიოლერი წარსულია, დღეს კი სლოვაკი ვაისის მიერ დამოძღვრილი საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. და არამარტო ნაკრებს - სლოვაკეთის დღევანდელ ნაკრებში ხომ ვაისის ვაჟი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი თამაშობს. ასე რომ, ინტრიგა შეიძლება იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე ერთი
საქართველო VS სლოვაკეთი - ჰაერივით საჭირო პოზიტივი
სულ მალე სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ, სადაც ინგლისის, რუსეთისა და უელსის ნაკრებებთან მოუწევს პაექრობა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარ გუნდს უფრო დიდ სპორტულ ფორუმზეც აქვს მონაწილეობა მიღებული - 2010 წელს, საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს!
2010 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვება უკვე დიდი სენსაცია იყო, მაგრამ სლოვაკები ამას არ დასჯერდნენ და საფეხბურთო სამყარო უშუალოდ ტურნირის მსვლელობის დროსაც აალაპარაკეს, როცა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს.
ბევრს ემახსოვრება ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, როცა ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა სლოვაკეთის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა მარჩელო ლიპის ხელმძღვანელობით მოასპარეზე იტალიის ნაკრები (3:2). არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ იმ მუნდიალზე იტალია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში იყო ჩასული...
იმ მატჩში დუბლი შეასრულა რობერტ ვიტეკმა, წლების განმავლობაში რომ გამოდიოდა ბუნდესლიგაში. ვიტეკის მაშინდელი ბევრი თანაგუნდელი დღესაც აგრძელებს სანაკრებო კარიერას და საერთოდაც, სლოვაკეთის ნაკრების ლიდერებად მიიჩნევიან - იან მუხა, იან დიურიცა, მარტინ შკრტელი, მარეკ ჰამშიკი, იურაი კუცკა...
ვფიქრობთ, შეხსენება არ სჭირდება ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, რომ 28 წლის ჰამშიკი იტალიური "ნაპოლის" ლიდერია; ასევე იტალიაში თამაშობს 29 წლის იურაი კუცკა ("მილანი"), 31 წლის შკრტელი "ლივერპულში" გამოდის, 33 წლის სტანისლავ შესტაკი - "ფენერბაჰჩეში", 26 წლის მიროსლავ შტოხი - "ბურსასფორში", 26 წლის რობერტ მაკი და 24 წლის ერიკ საბო - ბერძნულ პაოკ-ში, 30 წლის ადამ ნემეცი - ჰოლანდიურ "ტილბურგში", 30 წლის დუშან შვენტო - გერმანულ "კიოლნში", 29 წლის პეტარ პეკარიკი - ასევე გერმანულ "ჰერტაში"; კიდევ ორი გამოცდილი ფეხბურთელი კი რუსეთის პრემიერლიგაში აგორებს ბურთს: 34 წლის იან დიურიცა - მოსკოვის "ლოკომოტივში", ხოლო 30 წლის ტომაშ ჰუბოჩანი - მოსკოვის "დინამოში".
აი, ასეთი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები იქნება ჩვენი უპირველესი გუნდის დღევანდელი მეტოქე, ასევე გამოცდილი სპეციალისტი რომ თავკაცობს - 62 წლის იან კოზაკი, რომელსაც საკლუბო დონეზეც ჰქონდა წარმატებები (1997 წელს "კოშიცე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა), ახლა კი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა სლოვაკეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცის მსგავსად, იან კოზაკსაც ჩინებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და ისევე, როგორც ვაისი, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.
სლოვაკ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ვაისი და კოზაკი არ იყვნენ, დიდი წარმატებით რომ გამოდიოდნენ ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში - იან პოპლუხარი, იოზეფ ადამეცი, კარელ დობიაში, ანტონ ონდრუში, ალექსანდერ ვენცელი, იან პივარნიკი, კოლომან გიოგი, იოზეფ ჩაფკოვიჩი და სხვები წლების განმავლობაში მიიჩნეოდნენ ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წამყვან ფეხბურთელებად, დობიაში და ონდრუში კი სულაც კაპიტნები იყვნენ.
სხვათა შორის, 1976 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მართლაც სენსაციურად მოიგო (ნახევარფინალში იოჰან კრუიფის ჰოლანდიას მოუგო, ფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გფრ-ის ნაკრებს დააყრევინა ფარ-ხმალი), ამ გუნდის ძირითად ბირთვს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელები შეადგენდნენ, მთავარი მწვრთნელის, ვაცლავ იეჟეკის თანაშემწე კი ასევე სლოვაკი, შემდგომში ცნობილი სპეციალისტი იოჟეფ ვენგლოში გახლდათ.
სანაკრებო დონეზე ვაჯობეთ...
ჩვენ მსგავსად, სლოვაკეთის ნაკრებსაც 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჰქონდა დებიუტი, თუმცა, იქიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრებთან არასდროს ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი. სამაგიეროდ, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ერთხელ უკვე ვეთამაშეთ ამხანაგური მატჩი კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე. ეს იყო პირველი მატჩი, როცა საქართველოს ნაკრებს დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის ტანდემი მოძღვრავდა. დებიუტი წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი) აკლდა, სამაგიეროდ, გარკვეული პაუზის მერე ნაკრებს დაუბრუნდა გიორგი ჩიხრაძე, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა და გივი კვარაცხელიამ სლოვაკებთან სადებიუტო მატჩები ჩაატარეს.
იმდროინდელი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ ქვეყნის ცოცხალი ლეგენდა იოზეფ ადამეცი გახლდათ, ფეხბურთელთა შორის კი რამდენიმე ცნობილი ლეგიონერიც გამოდიოდა - მარეკ მინტალი, შილარდ ნემეტი, კამილ ჩონტოფალსკი...
სლოვაკეთთან პირველი და დღემდე ერთადერთი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - მატჩის მიწურულს თავი გამოიჩინეს თემურ ქეცბაიამ და მიხეილ ყაველაშვილმა. აქვე, იმ მატჩის ოქმიც:
ამხანაგური მატჩი
02.02.2000. ლარნაკა
სლოვაკეთი-საქართველო 0:2
0:1 ქეცბაია (83), 0:2 ყაველაშვილი (86)
საქართველო: გვარამაძე - შეყილაძე (29. ხიზანიშვილი), სილაგაძე, ნემსაძე, ჩიხრაძე - ქეცბაია, კვარაცხელია (38. სიჭინავა), ჯამარაული, ყაველაშვილი (89. ქემოკლიძე) - ზ. ჯანაშია (55. მენთეშაშვილი), ა. არველაძე.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი
საკლუბოზე პირიქით...
...მას შემდეგ, რაც ქართული კლუბები დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ ევროტურნირებზე, უიშვიათეს შემთხვევებში თუ გვაქვს ამა თუ იმ მეტოქესთან დადებითი ბალანსი. ოღონდ ამ მეტოქეებში, რაღა თქმა უნდა, სან-მარინოს, ფარერებისა და ანდორის კლუბები არ იგულისხმება, თორემ ისიც კარგად გვახსოვს, როგორ გადალახეს ქართული გუნდების ბარიერი... ლუქსემბურგისა თუ მალტის კლუბებმა.
ჰოდა, სლოვაკურ გუნდებთან უარყოფითი ბალანსიც არავის უნდა უკვირდეს და ამის დასტურად ეს სტატისტიკური მონაცემებიც გამოდგება: 14 მატჩიდან ქართული გუნდების გამარჯვებით მხოლოდ 3 დამთავრდა, 3 ფრე იყო, 8 შეხვედრა კი მეტოქე გუნდებმა მოიგეს. თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენი გუნდების მეტოქე ტიტულოვანი "სლოვანი" იყო თუ ყველასთვის უცნობი "პუხოვი"...
2000 წლიდან დღემდე, ქართული და სლოვაკური კლუბები შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ევროტურნირებზე და მხოლოდ ორჯერ მოხდა, მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდები რომ გავიდნენ - 2008 წელს, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ვიტ ჯორჯიამ" ტრნავის "სპარტაკს" აჯობა - 2:2, 1:0. 2010 წელს კი ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონმა" "ბისტრიცა" დაჯაბნა - 3:0, 0:1.
აი, სხვა შემთხვევებში კი სლოვაკური გუნდები ყოჩაღობდნენ:
2000/01. უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლოკომოტივი-სლოვანი 0:2, 0:2
2003/04. უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
სიონი-პუხოვი 0:3, 0:3
2006/07. უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიტ ჯორჯია-პეტრჟალკა 0:2, 2:1
2013/14. ევროპალიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-ჟილინა 0:3, 3:3
2014/15. ევროპალიგა
II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ტრნავა 0:0, 0:3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"