გია ჭიაბრიშვილი: თუ სწორად ითამაშებ, გამარჯვების შანსი ყოველთვის არის

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი, ვინც გია გეგუჩაძესთან ერთად მოძღვრავს ჩვენს ახალგაზრდებს, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. "ლელო"

მას რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ელაპარაკა...

- უკვე საკმაო ხანია, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობთ და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებსაც აქცევთ დიდ ყურადღებას. რას იტყოდით ჩვენს ახალგაზრდებზე, რას ელოდით და რა დაგხვდათ?
- ყოველთვის ვუსვამ ხაზს და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს, რომ საქმე ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა თაობასთან გვაქვს. არ ხდება ისე, რომ ერი საფეხბურთო თვალსაზრისით იყოს ნიჭიერი და მერე უცებ გახდეს უნიჭო ან ნაკლებად ნიჭიერი. ჩვენ ფეხბურთი,
საფეხბურთო ნიჭი გენში გვაქვს. ქართულ ფეხბურთს აქვს ხვალინდელი დღე, აქვს რესურსი... ოღონდ, იმ პრობლემების გამოსწორებაა საჭირო, ამ ნიჭის გამოვლინებას რომ უშლის ხელს და ეს სამუშაო დაწყებულია.

- 18-19 წლის ქართველი ფეხბურთელი მკვეთრად უკლებს თამაშს. გასაგებია, რომ ეს ტევადი, კომპლექსური თემაა, მაგრამ მაინც - რა ხდება?
- რაღაც დრომდე ფეხბურთელი მიდის მხოლოდ საკუთარი ტალანტის ხარჯზე, ანუ მხოლოდ ამ კომპონენტში არის საუკეთესო. მერე დგება დრო, როცა მარტო ნიჭი აღარ შველის საქმეს. ამ დროს ფეხბურთელის კარიერაში იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი. მოთამაშე გადადის ახალ რეალობაში და სჭირდება რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის თამაში, ძლიერი შეჯიბრებები. ამიტომ, უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ტურნირი თუ ფესტივალი.

თავად საქართველოს სჭირდება უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი და იცით, რომ ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. წელიწადში ერთი-ორი სერიოზული თამაშით ფეხბურთელი ვერ გაიზრდება, ვერ მოუმატებს.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოს ჩემპიონატზე...
- ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 10-გუნდიანი ჩემპიონატისკენ მივდივართ და ეს ძალიან კარგია. ცოტა ხნით უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ, რა ღირსეულად ითამაშეს ქართულმა კლუბებმა მაშინ ევროთასებზე, როცა 10-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდა. პლეი ოფში ითამაშა ორმა გუნდმა - "ზესტაფონმა" და "დინამომ". იმ სეზონში რუსთავის "მეტალურგიც" ძალიან ღირსეულად გამოვიდა ევროთასებზე, "გაგრა" კი ბოლომდე ებრძოლა მასზე ბევრად გამოცდილ "ანორთოსისს".

ეს არის ფაქტები. როცა 10-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდა, თავად ვმუშაობდი გუნდში და ვიცი, რა და როგორ იყო. ამ დროს გაცილებით მეტი მაღალი დონის თამაშის ჩატარება გიწევს. არც მწვრთნელი ეშვება და არც ფეხბურთელი. როცა ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მობილიზებულია, ეს ნათლად აისახება მის თამაშზე.

დიდი შეცდომა იყო 16-გუნდიანი ჩემპიონატის დაკანონება. დღეს ეს უკვე აშკარაა.

- ანუ, თქვენი აზრით, საქართველოსთვის იდეალური 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგაა?
- ეს არ არის დოგმა. უბრალოდ, დღეს ჩვენი რესურსისთვის იდეალურია. 10-გუნდიანი ჩემპიონატის პარალელურად, ჩვენ გვექნება მაღალი დონის პირველი ლიგა, ჭაბუკთა ჩემპიონატები... თუნდაც, 19-წლამდელთა ჩემპიონატი. თანდათან დონე მოიმატებს, რესურსიც მეტი იქნება.

რა აჯობებს იმას, თუ საქართველოს ყველა რაიონი უმაღლეს ლიგაში იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ უნდა მოხდეს ეს, როცა საამისო რესურსი გვექნება.

- "ზესტაფონზეც" უნდა გკითხოთ. ეს გუნდი ახლა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. თქვენთვის ეს განსაკუთრებული კლუბია. იქ წარმატებით იმუშავეთ - მეორედ, "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი სწორედ თქვენი ხელმძღვანელობით გახდა...
- ძალიან რომ აკლია ქართულ ფეხბურთს "ზესტაფონი", ეს ფაქტია. იქაური გულშემატკივარი, კლუბის პერსონალი, საკლუბო ინფრასტრუქტურა... ღირსია იმისი, რომ ეს გუნდი დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს. ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი.

გადაწყვეტის გზებს რაც შეეხება, ეს ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა იპოვონ. იქ დიდი ტრადიცია და რესურსია. რა თქმა უნდა, ეს ბოლომდე ვერ შეუვსებს ზესტაფონელ გულშემატკივარს საყვარელი გუნდის დანაკლისს, მაგრამ მოგეხსენებათ, იქ ითამაშა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ითამაშეს ქართულმა კლუბებმა... ვფიქრობ, ეს არ იქნება ბოლო თამაში, რომელიც ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა ჩაატარეს ზესტაფონში.

მჯერა, იქ დაბრუნდება ფეხბურთი და გუნდიც ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო ადრე.

- ახლა ევროპისკენ გავიხედოთ. რას იტყვით საფრანგეთში დასრულებულ ბატალიებზე?
- ყველა გუნდმა ძალიან კომპაქტური ფეხბურთი ითამაშა. თვალშისაცემი იყო ის გარემოება, რომ მსაჯებმა ფეხბურთელებს შედარებით ხისტად თამაშის საშუალება მისცეს, რითიც ანგარიშს გაუწიეს დღევანდელ ფეხბურთში არსებულ რეალობას. კერძოდ იმას, რომ ფეხბურთი გახდა გაცილებით კონტაქტური, ვიდრე ადრე იყო.

მთლიანობაში, ევროპის ჩემპიონატი მომეწონა. მაგრამ ძალიან არ მომეწონა ფორმატის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც შემდეგ ეტაპზე ჯგუფის მესამეადგილოსანიც გადიოდა. ამან ჯგუფურ ეტაპს სიმწვავე მოაკლო. იყო მატჩები, როცა გუნდებს თავი არ მოუკლავთ.

მესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც უკმაყოფილოა ევროპის ჩემპიონატის ხარისხით, მაგრამ ეს არის თანამედროვე ფეხბურთი. თითქმის გამორიცხულია, დღეს გამოჩნდეს ახალი მარადონა, აიღოს ბურთი და მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი... იყო ლამაზი გოლები, ბევრი თამაში არ დასრულდა უგოლოდ და ეს უკვე კარგია.

აქვე, არ შემიძლია, ერთ პრობლემაზეც არ ვთქვა: ევროპის ამ ჩემპიონატზე ძალიან ცოტანი იყვნენ კლასიანი ცენტრფორვარდები. არადა, ფეხბურთს სჭირდება ასეთი ცენტრფორვარდები, კლასიკური ტიპის თავდამსხმელები. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი გუნდის მწვრთნელი აყენებდა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე შემტევ ნახევარმცველს. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა და იმედი მაქვს, აუცილებლად გამოსწორდება.

- როგორ შეაფასებდით ევროპის ჩემპიონის, პორტუგალიის ნაკრების თამაშს?
- ეს საფეხბურთო ქვეყანა ღირსი იყო, რომ ერთხელ მაინც მოეგო მის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი. რამდენი დიდებული თაობა ჰყავდათ და ამას ვერ მიაღწიეს. კონკრეტულად ამ ჩემპიონატზე, სანახაობის მხრივ, მეტს ველოდი პორტუგალიისგან. სხვა ფორმაციის ნაკრებები ბევრად უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ... მეორე მხრივ, ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა და ასეთია უკვე დიდი ტურნირების სპეციფიკა.

- და ბოლოს, ევროფორუმზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების თამაშიც შევაფასოთ...
- როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდა, ბევრმა ჩათვალა, რომ იოლ ჯგუფში მოვხვდით. არადა, ასე არ არის. გასაგებია, რომ ჩვენს ჯგუფში არ არის გრანდი, მაგრამ ყველა უზომოდ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს.

დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ისეთია, რომ იოლი მეტოქე არ არსებობს საქართველოს ნაკრებისთვის. ყველა ჩვენმა მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. ამის მიუხედავად, თითოეულ მათგანთან შესაძლებელია ბრძოლა და გამარჯვება. თუნდაც ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ დღევანდელ ფეხბურთში აღარ არიან გამოკვეთილი ფავორიტები და აუტსაიდერები. თუ სწორად ითამაშებ, გამარჯვების შანსი ყოველთვის არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ოფიციალურად აქვს დაწესებული გეგუცაცეს ტანხა ნაკრებსი ალბატ,ვინც ვურციეტ ყველაზე უარი ტქვა,ფეხბურტელებიც უკვე უკმაყოფილონი არიან
gagnidze akademia d
24 ივლისი 2016 16:50
0
ფეხბურთი კონტკტური იყო 20-30 წლის წინ და კაცს მწვრთნელობაზე პრეტენზია როცა გაქვს ამდენი უნდა იცოდეთ, ჩართეთ 92 წლის ევროპის ნახევარ ფინალი , იუთობზე დევს ცოტა დიდი მიმოხილვა და ნახეთ რას აკეთებეს გვიდო ბუხვალდი, მაგაზე ეგრევე წითელს აუფრიალებენ ეხლა მაშინა ხშირად ყვითელსაც არ აძლევდნენ, მარადონას ფეხებს გლეჯდნენ, მესის იმის 10 პროცენტს არ უკეთებენ
ნიკო
24 ივლისი 2016 13:26
0
ფედერაციაში გაიღვიძეთ, თორემ ფულის სახლში წაღება ყველას რომ შეგიძლიათ ეგ ჩვენც ვიცით, ჩაუნერგეთ ამ ბავშვებს, რომ უნდა იმუშაონ ბევრი საკუთარ თავთან, რაიმე ღირებულს რომ მიაღწიონ, თქვენ კი მესვეურებო დაამტკიცეთ რომ ღირსნი ხართ ხელფასისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან
gio
24 ივლისი 2016 13:21
0
თალანტებისახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურტელების დაკარგვა ამავე მწვრტნელების მუსაობის სედეგია რომელნიც მერკანტილური და სხვა საღთავისო მოსაზრებებიტ ხდება საფეხბურტო საქმოსნებტან ერტად. აქვე ამ ინტერვიუში იჯითხება სეცდომებიც უბრალოდ თავის ტავს არავინ აკრიტიკებს
სანდრო
24 ივლისი 2016 13:06
0
ტალანტების, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურძტელების დაკაგვაძირიღთადად ამავე მწვრტნელები და ქარტულ ფეხბურტსი მოსაქმე საფეხბურტო საქმოსნების ერზტობლივი საქმიანობის სედეგია და ეს ამ ინტერვიუსიც იკიტხება.
სანდრო
24 ივლისი 2016 13:03
0
ხალხნო,რამ ხდება.საბოლაოდ დაუსვით კახაძის ინიციატივას წერტილი,თუ იტყვილება,შეგწევთ თუ არა ძალა გასცეთ პასუხი და თუ მართალია
რატომ არ იყენებთ,ფეხბურთის მტრები ხართ თუ რა ხდება,როდისმე ხომ უნდა დაესვას წერტილი.
9999999999999
24 ივლისი 2016 12:17
0
ქართველი ფეხბურთელი არის ტექნიკური და მხოლოდ ამტანობის და სისწრაფის მომატება სჭირდება და ეს ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს.

საჭიროა ცოტა ლოგიკა და ცოტაც ვითარების შესაბამისად მოქცევა და ქართული ფეხბურთი გადარჩება და მომგებიან ბიზნესად გადაიქცევა!

ქართულ ფეხბურთში ფინანსური დანაკარგების კოლოსალურობის მიუხედავად მენეჯერები არ ჩქარობენ აღიარონ „47+5“ მეთოდიკა, როგორც სწრაფი შედეგის მიღების საშუალება.

ამიტომაც ვკარგავთ ამდენ ტალანტს.
გუჯა კახაძე
24 ივლისი 2016 11:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული