მოლდოვური მედიის ანალიზი: რა დააკლდა შეფმზარეულ ვაისს

AutoSharing Option
moldfootball.com-მა საქართველო-მოლდოვის შესარჩევი მატჩის ანალიზი შემოგვთავაზა. გთავაზობთ ამ სტატიის მნიშვნელოვან ნაწყვეტებს.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას მუნდიალის შესარჩევ ციკლში უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ეს იყო მოლდოველთა პირველი ქულა ამ ციკლში, საქართველოს ნაკრები კი კვლავ მოგების გარეშე რჩება.

სტატიის ავტორის აზრით, იგორ დობროვოლსკიმ სწორი შემადგენლობა დააყენა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფლანგებს და საქართველოს ნაკრებს სწორად ეთამაშა, რადგან ეს გუნდი კარგად ჰყავდა შესწავლილი.

"რაკუ (გოლოვატენკო)-ჟარდანის წყვილმა უბრალოდ "შეჭამა" ოქრიაშვილი, მას მანევრისთვის თავისუფალი სივრცე არ დაუტოვა. აი, საპირისპირო ფლანგზე კი ყველაფერი ასე
კარგად არ იყო, ხანდახან სიდორენკო ვერ ეხმარებოდა ბოლოხანს, რითაც ჭანტურია სარგებლობდა. ის თავის დრიბლინგსა და ტექნიკას გვიჩვენებდა, კაკაბაძის ჩართვებიც აძლიერებდა მეტოქის ზეწოლას.

სიმართლე ითქვას, ქართველთა ყველა სახიფათო მომენტიც ამ ფლანგიდან ზეწოლას მოჰყვა, გოლიც, ოქრიაშვილის მომენტიც, ქვილითაიას დარტყმაც (რომლის "სეივმაც" მოლდოვას ფრის შანსი მისცა), ორი საკამათო ეპიზოდიც პენალტის დანიშვნასთან დაკავშირებით".

ამის შემდეგ ავტორი აქებს მოლდოველთა სათამაშო დისციპლინას, რომლის წყალობითაც საქართველოს ნაკრები მწვავედ ვერ უტევდა მეტოქეს. დობროვოლსკის გუნდს შეუქეს პრესინგი, კონტრპრესინგი, რასაც ან ქართველთა შორეული ჩაწოდებები, ან ბურთის დაკარგვა მოჰყვებოდა.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი საქართველოს ნაკრების პრობლემებს შეეხო და ამ ნაწილს მთლიანად გთავაზობთ:

"თუკი საქართველოს ნაკრები პირველ სამ მატჩში უმატებდა, მოლდოვასთან ეს აღარ გამოუვიდა. ამის ნათელი დასტურია ვლადიმირ ვაისის ქცევა ტექნიკურ ზონაში. მის შეგირდებს ამ საღამოს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ.

სტუმრებმა დაცვის კარგი რკალი შექმნეს, ფლანგებზე ჟანგბადი "გადაკეტეს", ცენტრი ქართველთათვის გაუვალი იყო. ბურთის კონტროლმა ქართველებს ხეირი ვერ მოუტანა, რადგან ეს ან მათსავე მოედანზე იყო, ან კიდევ ცენტრში. პასები მოედნის შემტევ მესამედში ძალიან ცოტა იყო. ეს, ნაწილობრივ, გვილიასა და დაუშვილის ბრალია, ისინი ვერ ავითარებდნენ შეტევებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ჰორიზონტალური მიმართულებით მეტად უწევდა თამაში, ვიდრე - ვერტიკალურით. ეს კი გუნდს მხოლოდ ბურთის ფლობის სტატისტიკას მატებდა.

პირველ ტაიმში ეს კიდევ ნაკლებად იგრძნობოდა, მეორეში კი ქართველთა შეტევების უუნარობამ ხილული სახე მიიღო. ბევრმა ნაადრევად დაიჯერა, რომ საქართველო მოიგებდა. შედეგად, არც ერთი დარტყმა მეტოქის კარში მოლდოვის ხუთის წინააღმდეგ.

საქართველოს ძალიან დააკლდნენ ლიდერები - ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. ანანიძე კოზირია, მაშინ, როცა სხვა ვარიანტი არ ჭრის, ჯანო ერთი-ორი შეხებით თამაშობს, ურტყამს შორიდან. შეუძლია ლიდერობა იტვირთოს, ერთ ეპიზოდში გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშა მჭედლიძემ. "ემპოლის" ფორვარდი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. ის დიდებულად იბრძვის ბურთისთვის, კორპუსით ფარავს მას, კარგ პასებს აკეთებს და უფრო სწრაფია, ვიდრე მისი შემცვლელი ქვილითაია.

შეფმზარეულმა ვლადიმირ ვაისმა ვერ გამონახა ორი მთავარი ინგრედიენტის კარგი შემცვლელი. ამიტომაც ქართულმა კერძმა უმალ დაკარგა გემო და არომატი. ასე რომ, სტადიონზე მისულმა მაყურებლებმა ის ვერ დააგემოვნეს...", - წერს ავტორი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თემურს ვეთანხმები დვალიშვილზეც და მჭედლიძეზეც.მაგრამ შედეგი მაინც ლოგიკურია - გუნდი როცა ნახევარი საათის მეტს ვერ თამაშობს, იმას ბუნებრივია, გაუტანენ. ნახევარ საათში კი ჩვენი დონის გუნდი გოლის გატანას რომ ახერხებს, ეგეც საქმეა. მოკლედ საშინლად ვწვალობთ და ჯერჯერობით არც გამოსავალი ჩანს
გგგ
12:55 15-11-2016
0
მადლობა ბ-ნ ნიკოლოზს კარგი სტატიისთვის!
გუჯა კახაძე
12:25 15-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული