ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა sbm.ge-თან საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016-17 წწ. გათამაშება შეაჯამა. ასევე,  სპორტული სააგენტო SBM-სა და სფფ-ს შორის თანამშრომლობასა და ბიზნესლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან ასევე ჩვენთან საუბრისას სპორტში ბიზნესსექტორის ჩართულობაზე, აუცილებლობასა და ფეხბურთის, როგორც სპორტის ამ სახეობის მასობრიობის გაზრდას გაუსვა ხაზი.

- რას იტყოდით ფუტსალის ლიგის 2016-2017 წწ. ჩემპიონატზე?
- ჩემი ჩართულობა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ადასტურებს, თუ რამდენად მომწონს ლიგა და რამდენად კმაყოფილი ვარ. დანარჩენი გულშემატკივარმა და მედიის წარმომადგენლებმა შეაფასონ.

რაც შეეხება ამ ჩემპიონატს, რამდენიმე სიახლე იყო,
გუნდების რაოდენობა, გასვლითი ტურები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები.

- საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ფინალური სერია შედგა ფუტსალის ლიგის გათამაშებაში. თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო ლიგის კულმინაციური სერია?
- ალბათ, თავიდანვე ცხადი იყო. ეს ორი გუნდი ჩემპიონატის ლიდერი იყო და დამსახურებულად გავიდნენ ფინალშიც, თუმცა პირველი თამაშის შემდეგ,  სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დასარული ექნებოდა ლიგას, მაგრამ მოხდა ის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არა მარტო დიდ ფეხბურთშიც, არამედ ფუტსალშიც, თუ რატომ არის სპორტის ეს სახეობა ასეთი საინტერესო; იმიტომ, რომ არის სიურპრიზებით სავსე.

გუნდი, რომელიც არ დანებდა, მაქსიმალურად ეცადა, რომ შედეგისთვის მიეღწია, გახდა ჩემპიონი "სტუ-თელასის" სახით. ვთვლი, რომ გულშემატკივრისთვის იყო მართლაც საოცრება. ყველანაირად გაამართლა. ვიქნები სწორი და აღვნიშნავ, რომ არ გვინდა სადღაც ფრენა, საოცრებებზე საუბარი, უნდა დავეშვათ მიწაზე, ვიყოთ მყარად და უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგი სეზონი იყოს უფრო უკეთესი.

- რაც შეეხება სპორტული სააგენტო SBM-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობას...
- მე მგონი, პირველი სეზონის შემდეგ, როდესაც ჩვენ ერთად ჩავატარეთ ჩემპიონატი, შემდეგ გავაგრძელეთ და ვთქვით, რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ერთობლივი პროდუქტით, რაც შევქმენით. ამით ყველაფერი ითქვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალებით შემდეგ სეზონს უფრო საინტერესოს შევთავაზებთ გულშემატკივარს.

- რას იტყოდით მინი-ფეხბურთში ბიზნესსექტორის ჩართულობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტში ბიზნესის ჩართულობა?
- SBM არის მართლაც მაგალითი ბევრისთვის, როგორ შეიძლება სწორი მენეჯმენტით, სწორი დაგეგმით მოიზიდო კერძო სექტორი, თუნდაც ის, რომ ჩემპიონატში მფკ "ტატიშვილი" თამაშობს, ეს ხომ მანამდე არ იყო. ეს არის სწორი მიდგომა, გრძელვადიანი იდეა, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო ამტკიცებს, რამდენად სწორად მუშაობს SBM.

პირველი წელი არ არის, რაც ჩვენ ვიღებთ ბიზნესლიგაში მონაწილეობას. წლების წინ სულ სხვა დარბაზში ტარდებოდა, წელს იდეალური პირობები აქვთ გუნდებს, გაცილებით მეტი კომპანია ჩაერთო ამ გათამაშებაში, ანუ ფაქტია, რომ გაამართლა.

- რამდენად უწყობს მსგავსი ტურნირები ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას?
- ერთი რამ საკვირველია, ყველა პროფესიონალი არ არის და ეს ბიზნესლიგა ნამდვილად აძლევს ამ ადამიანებს საშუალებას, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ითამაშონ ფეხბურთი, სპორტით იყვნენ დაკავებულები. კონკურენციაა კომპანიებს შორის, კომპანიის წარმომადგენლებიც ხშირად ესწრებიან, ზოგიც თამაშობს.

თავისთავად, ჩართულობისთვის და მასობრიობისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ფუნდამენტია და ძირითადი თემა ეს არის ფეხბურთში. ერთ-ერთი მთავარი როლი კი ამ ყველაფერში ბიზნესლიგას უკავია.

მე მიხარია და მინდა მადლობა გადავუხადო SBM-ს, რომ ასეთი იდეა წლების წინ შემოგვთავაზა, რომელიც ნამდვილად ამართლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მასიურ ჩართულობაზეა საუბარი როცა ძირითადად მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა მაინც ყოჩაღ ორგანიზატორებს, იმედია მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და მეტი გულშემატკივარ-მაყურებელი ეყოლებათ
ირაკლი
19:36 26-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული