ბრაზილიელი ბოშა ჟოანი: თბილისი კარგად დამებედა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჟოანი ტურნირის ერთ-ერთი მშვენება გახლდათ. ვინც "ოთხთა ფინალის" შეხვედრებს დაესწრო, დაგვეთანხმება, რომ სწორედ ეს ტანდაბალი და ტექნიკური ბრაზილიელი გახლდათ "ქაირათის" შეტევების ორგანიზატორი და მისი სული და გული.

36 წლის გამოცდილ ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებშიც უთამაშია და 2000 წელს მის შემადგენლობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გამხდარა. 2007 წლის 26 აპრილს, ბელგიური "აკსიონის" დამარცხებით (3:1), მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში პირველად მოიგო უეფას თასი. ზუსტად 6 წლის შემდეგ კი სპორტის სასახლეში ალმატელებს ნახევარფინალში ყოფილ თანაგუნდელებთან მოგებაში დაეხმარა.

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 19-წლიან კარიერაში 13 გუნდი
შეიცვალა, რის გამოც მეტსახელად "ბოშა" შეარქვეს. ჟოაოს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა:

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონები გავხდით. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. როდესაც "ბარსელონასა" და მოსკოვის "დინამოს" მოუგებ, ეს ისედაც დიდი სიხარულია, მაგრამ ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსი კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა.

საერთოდ, თბილისი ჩემთვის იღბლიანი ქალაქია. ჯერ იყო და, "იბერიადან" ძლიერ რუსულ კლუბში გადავედი, ახლა კი უეფას თასი მოვიპოვე. თბილისში ადაპტაცია არ მჭირდებოდა. ფუმასაც ხომ აქ თამაშობდა და რომ იცოდეთ, ეს ბევრს ნიშნავს.

მე ბრაზილიის ნაკრების წევრი ვარ, მრავალი გუნდი შემიცვლია და გამოცდილება ნამდვილად არ მაკლია, მაგრამ ყოველ ახალ ქალაქსა და დარბაზში სათამაშოდ სამდღიანი ადაპტაცია მჭირდება. თბილისში ეს ფაქტორი არ მაწუხებდა.

- არ მახსოვდა, რომ თურმე "იბერიაში" თამაშობდი...
- დიახ, აქ 2009-10 წლებში გამოვდიოდი. გუნდთან და თბილისთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. კარგი თანაგუნდელები მყავდა. გუნდის პრეზიდენტს ვახოს (წერეთელი) ყველა დიდ პატივს ვცემდით, რადგან ყოველთვის გვერდში გვედგა. ქართველები თბილი ხალხია - მათ თანადგომას ფინალშიც ვგრძნობდით.

- "იბერიადან" რატომ წახვედი?
- "სიბირიაკში" მიმიწვიეს, ფუტსალელისთვის კი რუსეთის სუპერლიგაში თამაში პრესტიჟულია და ცხადია, წინადადებას დავთანხმდი. საქართველოს ჩემპიონი ძლიერი გუნდია, მაგრამ აქაურ ჩემპიონატში ისეთი თამაშები არ არის, ბრაზილიის ნაკრებში ადგილი რომ შემენარჩუნებინა. ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

- როგორც ვიცი, "იბერიამდე" მოსკოვის "დინამომ" დაგითხოვა და ფინალში განსაკუთრებულად მოტივირებული იყავი...
- დიახ, მოსკოველები კარგად არ მომექცნენ, კონტრაქტი არ გამიგრძელეს და ფინალში მსურდა დამემტკიცებინა, რომ მათგან უკეთეს მოპყრობას ვიმსახურებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"კაირათი" ფუტსალის თასის მფლობელი გახდა
"იბერია სტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
იბერია სტარი-დინამო 2:5 - შეგვეძლო თუ არა მეტი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული