ქართულ ფუტსალში დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალში არსებული მდგომარეობა უკვე კატასტროფულია. ეროვნული ჩემპიონატი არ ტარდება, კლუბები ფინანსურ გაჭირვებაში არიან და ასე შემდეგ.

ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს დაუსრულებელი დაპირისპირება საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში (სფა). ამის გამო, სფფ-ის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციას 31 დეკემბრამდე წევრობა შეუჩერა, ანუ, ვიდრე ასოციაცია წესდებას არ შეცვლიდა და არჩევნებს არ დანიშნავდა.

ახლა ეს სამყარო ორად არის გახლეჩილი. მცირე ხნის წინათ, გამგეობის წევრებმა ლევან გრიგოლიამ და გიორგი დარჯანიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა გამართეს და გარდაცვლილი ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის
წევრის, დევი სირაძის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტად ლევან გრიგოლია აირჩიეს, ზვიად ხაჩირაშვილი კი - გამგეობის წევრად.

ისინი აცხადებენ, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა კითხვები კვლავ უპასუხოდ დატოვა და ფინანსური ანგარიში არ წარადგინა. ზემოთ ხსენებულ პირთა შეკრებას სფა-ს პრეზიდენტი კახა დევდარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ბექა კვიციანი უკანონოს უწოდებენ. 21 დეკემბერს არჩევნები მათ თავადაც დაგეგმეს.

"ეს, ეგრეთ წოდებული, ყრილობა უკანონო იყო და იქ მისვლა არც გვიფიქრია. მათ საჯარო რეესტრმა ერთხელ გარკვევით უთხრა, რომ ყრილობის გამართვის წესებს არღვევდნენ, მაგრამ მაინც თავისას ცდილობენ.

უფრო ის მიკვირს, ფეხბურთის ფედერაცია ამ ყველაფერს მშვიდად რომ უყურებს, გამგეობის 2 წევრის მიერ მოწვეულ სხდომას დარბაზს უთმობს, რეაგირებას არ ახდენს და თავისი უმოქმედობით, უკანონობის დაკანონებას უწყობს ხელს. ჩვენ კი სფფ-ს აღმასკომის 9 ოქტომბრის დადგენილებას ვიცავთ.

რაც შეეხება სფა-ს საარჩევნო კონფერენციის თარიღს, ის უკვე დადგენილია - საპრეზიდენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება და უკანონობებს წერტილი დაესმება. უახლოეს დღეებში გამგეობის სხდომა დელეგატების კვოტას დააადგენს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველები კანდიდატურის წარმოდგენას შეძლებენ",
- ამბობს კვიციანი.

სფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეროვნული ჩემპიონატი 26 ნოემბერს დაიწყება და თბილისის 3 ("იბერია", "გრანდი", "თელასი") და რეგიონის 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისის, მცხეთისა და შიდა ქართლის, ხოლო თასზე უფრო მეტიც ჩაერთვება, მათ შორის - ლანჩხუთის "გურიაც", რომელიც სფა-ს სუბიექტი გახდა და ფუტსალის გუნდს აყალიბებს.

ამავე დროს, ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც კლუბებს გააცნეს ჩემპიონატის რეგლამენტი და კალენდარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული