ოთარ კაკაბაძე: პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანური "ხიმნასტიკიდან" დანიურ "ესბიერგში" გადავიდა. ის ნახევარ წელიწადს გაატარებს დანიის სუპერლიგის მეთორმეტეადგილოსან გუნდში, რის შემდეგაც ისევ "ხიმნასტიკს" დაუბრუნდება.

გუშინ კაკაბაძეს ესპანეთში დავუკავშირდით და ეს ინტერვიუ ჩავწერეთ...

- ახლა ესპანეთში ვარ, სამშაბათს კი უკვე დანიაში უნდა ვიყო, სადაც ახალ კლუბს შევუერთდები. "ესბიერგში" ძალიან მოტივირებული მივდივარ, - გვითხრა კაკაბაძემ საუბრის დასაწყისში.

- საინტერესოა, რატომ დატოვეთ "ხიმნასტიკი"?
- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. "ხიმნასტიკში" საქმე მთლად კარგად არ წავიდა. ისეთი პირი უჩანდა,
რომ მომავალი 6 თვის განმავლობაში არ მექნებოდა იმდენი სათამაშო პრაქტიკა, რამდენიც მსურს, რომ მქონდეს. ვთქვათ, 10 მატჩი ჩემთვის საკმარისი არ არის. ამიტომ გადავწყვიტე "ესბიერგში" გადასვლა. იქ ჩემი შესაძლებლობები კარგად იციან და ვიმედოვნებ, უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

- მიმდინარე სეზონში, ალბათ, გუნდის მიზანი დანიის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება...
- დიახ, ამ სეზონში სწორედ ეს არის მიზანი. მომავალი სეზონისთვის კი ისეთი გუნდის გაკეთებას აპირებენ, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძოლებს. ზოგადად კი, "ესბიერგი" ისტორიული კლუბია გამართული ინფრასტრუქტურით. როგორც ამბობენ ხოლმე - თავისი სიტყვა ეთქმის დანიურ ფეხბურთში.

- მაშ, თქვენი და "ხიმნასტიკის" თანამშრომლობა დასრულებული არ არის?
- არა, არანაირად! ექვსი თვის შემდეგ ისევ ესპანური კლუბის განკარგულებაში ვიქნები.

- საინტერესოა, საიდან გამოჩნდა "ესბიერგის" ვარიანტი?
- კლუბის სპორტული დირექტორია ტედ ვან ლეუვენი, რომელიც თავის დროზე "ანორთოსისში" მუშაობდა და ჩემ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა, მერე გიორგი აბურჯანიას მეშვეობით კიდევ მეტი შეიტყო და... ისედაც, მე და ლეუვენი დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ.

- რატომ ვერ წავიდა "ხიმნასტიკში" ყველაფერი ისე, როგორც გსურდათ?
- ალბათ, ჩემპიონატის სირთულეც უნდა გავითვალისწინოთ. ესპანური სეგუნდა დივიზიონი ძალიან თანაბარი დონის ჩემპიონატია და არ გაქვს უფლება, ერთი რომელიმე თამაში წინაზე თუნდაც მცირედით სუსტად ჩაატარო. არის ჩემპიონატები, სადაც შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაშს შედარებით სუსტთან მატჩი მოჰყვება ხოლმე. სეგუნდას შემთხვევაში კი ასე არ არის. ყველა გუნდი დაახლოებით ერთი დონისაა...

არის კიდევ კონკურენციის მომენტიც. ჩემს პოზიციაზე "ხიმნასტიკში" თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელიც კატალონიის ნაკრების წევრიცაა. სულ ცოტა ხნის წინ ეს ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდა და იმ შეხვედრაში ითამაშა კიდეც...

ჩემი მიზანი და სურვილია, რომ მქონდეს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. ვითამაშო ისეთი სიხშირით, როგორც თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი. სწორედ ამის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი და ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცი. ამასთან ერთად, სისტემატური სათამაშო პრაქტიკა დამეხმარება იმაში, რომ საქართველოს ნაკრებშიც შევინარჩუნო ადგილი.

- თქვენს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება...
- დიახ, სამშაბათიდან უკვე "ესბიერგის" მწვრთნელის განკარგულებაში ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ეტაპი წარმატებული გამოდგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოდის კონკურენციას გაექცა ვერაა მთლად კარგი არადა მაგ დროს იმაღლებ კლასს ღმერთმა ხელი მოგიმართოს გამოჩდება სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა
კახა
19:14 09-01-2017
0
ეხლა არ ვიცი ერთ დროს არა უშავდა ესბიერგს დანიის ჩემპიონატში
კახა ქირია
18:36 09-01-2017
0

სიახლეები პოპულარული