როგორ დასრულდა ირანში მოთამაშე კახი კაკაშვილის კონფლიქტი თანაგუნდელთან

AutoSharing Option
კახი კაკაშვილი ზაფხულში ირანში გადავიდა და ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში შარშან დაწინაურებულ თავრიზის "მეშინ საზის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

23 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს საქართველოში საკმაოდ კარგ დონეზე უთამაშია: უმაღლესი ლიგის, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, "ცხინვალში" გამოჩნდა. 2014-15 წლებში რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, საიდანაც "ჩიხურაში" აღმოჩნდა. საჩხერელებთან კი კონტრაქტი რომ დაუსრულდა, ისევ მშობლიური რუსთავის გუნდში დაბრუნება სურდა. სწორედ მაშინ მიიწვიეს თავრიზის "მეშინ საზში" და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს კარგად შეეწყო და საქმეები კარგად მისდიოდა, მაგრამ დეკემბერში თანაგუნდელთან კონფლიქტის გამო
წამოსვლას აპირებდა.

"გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს, მაგრამ პრობლემა შემექმნა. საქმე ისაა, რომ "პრესპოლისიდან" გადმოყვანილმა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს ფეხი უხეშად მომარტყა. მერე მეც ხისტად ვეთამაშე, რაზეც მეორე გუნდელი მომვარდა, რომელიც მისი მეგობარი აღმოჩნდა და ვიჩხუბეთ. ამაზე ახალმა მწვრთნელმა ვარჯიში ჩაშალა და გუნდიდან ორივე გაგვიშვა.

ირანში ვარჯიშებსაც ძალიან ბევრი ხალხი ესწრება და ამ კონფლიქტის ამბავი უცებ გავრცელდა. ამის გამო, ბოლო შეხვედრის განაცხადშიც ვერ მოვხვდი, რომელიც 25 დეკემბერს უნდა გამართულიყო და დიდთოვლობის გამო გადაიდო.

საახალწლოდ, ირანიდან ისე წამოვედი, არც ვიცოდი, გუნდში დავრჩებოდი თუ არა. იმ დროს ირანში უკეთესი გუნდები მეპატიჟებოდნენ და ჩემი გაშვება რომ გადაეწყვიტათ, კონტრაქტიც შეწყდებოდა და ეს მაწყობდა კიდეც - ჩემში ფული გადასახდელი აღარ იქნებოდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვაგან უპრობლემოდ გადავიდოდი", - ამბობს კაკაშვილი.

საბოლოოდ, ყველაფერი ახალგაზრდა ქართველის სასარგებლოდ დასრულდა და ირანელებმა კონფლიქტი არა "ჩემიან-შენიანის" კუთხით, არამედ სამართლიანად გადაწყვიტეს:

"როდესაც ჩავედი, ცალკე გულშემატკივრები მამხნევებდნენ და ცალკე - ფეხბურთელები, "კაკაშ" - ასე მეძახიან - მართალი ხარო.

გუნდის პრეზიდენტს მოვწონდი, ისევე, როგორც ძველ მწვრთნელს, რასულ ხატიბს, რომელმაც საქართველოდან წამიყვანა. მაგრამ ის გაუშვეს, ახალი დაგვინიშნეს და ჩემი საკითხი მისი გადასაწყვეტი იყო.

საბოლოოდ, 8 კაცი გაუშვეს და მე დავრჩი. ეგაა, ხელფასიდან 5 პროცენტი ჯარიმის სახით დამაკისრეს, ირანელს კი - 10-პროცენტიანი. თუმცა, შევრიგდით და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

გუშინ კი 25 დეკემბრის გადადებული შეხვედრა სახლში გავმართეთ, რომელიც ბოლომდე ვითამაშე და პირველი საგოლე კომბინაცია წამოვიწყე. გასახდელში მწვრთნელი გადამეხვია და მადლობა გადამიხადა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ase dasrulda es zgapari, chiri iqa pqvili aqa...
0
a.a-ს ეხლა ეს მოძალადე არ არის?! ამოსაღებია წიგნებიდან)))
svan
18:58 10-01-2017
0

სიახლეები პოპულარული