მოსალოდნელი ტრანსფერი: ირაკლი ძარია "სამსუნსფორში"?

AutoSharing Option
თურქული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, იქაური პირველი ლიგის (რანგით მეორე) ბინადარი "სამსუნსფორი" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრით, ირაკლი ძარიათი გაძლიერდეს.

ძარიას ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მისი საფეხბურთო კარიერა ფოთის "კოლხეთში" დაიწყო და "ზესტაფონში" გაგრძელდა, სადაც წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ამის შემდეგ ძარია თბილისის "დინამოში" გადავიდა, ბოლოს კი ჯერ გორის "დილას", მერე კი ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ძარიას 2012-14 წლებში იწვევდნენ. ამ დროის განმავლობაში მან ქვეყნის პირველ გუნდში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

"ლელო" ძარიას
დაუკავშირდა და "სამსუნსფორის" თაობაზე კომენტარი სთხოვა, თუმცა ფეხბურთელმა გვითხრა, რომ ჯერ კონკრეტული არაფერია.

ამ დროისთვის, "სამსუნსფორს" თურქეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ბოლოსწინა, მე-17 ადგილი უჭირავს და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

თურქეთის პირველი ლიგა თანდათან შინაური ტურნირი ხდება ქართველი ფეხბურთელებისთვის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "გიოზთეფეში" გადაბარგდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა უკეთეს ლიგებში გააგრძელონ კარიერა, მაგრამ რეალობა მწარეა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ვერც ფინანსურად და ვერც სხვა კრიტერიუმებით, ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

რაც შეეხება თურქულ პირველ ლიგას, ის საქართველოს ჩემპიონატზე ყველა კომპონენტით წინ დგას. თუნდაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ავიღოთ - იქ ყველა კლუბს შესანიშნავი სტადიონი და არაერთი სავარჯიშო მინდორი აქვს. ფეხბურთელსაც იქ ურჩევნია თამაში, სადაც უკეთესი პირობებია და მისი შრომაც უფრო მეტად ფასდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული