[ლეგიონის უქმეები] მშრალი დღეები ქართველებისთვის

AutoSharing Option
ბოლო დროს ჩვენმა ლეგიონერებმა გოლებს მიგვაჩვიეს, თუმცა ამ უქმეებზე მათ არაფერი გამოუვიდათ - ჩვენებურებს ევროპაში არც გოლი გაუტანიათ და არც საგოლე პასი მიუთვლიათ...

იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 1:1 ითამაშა "ტორინოსთან". ამჯერად, ქართველმა ფორვარდმა თავი ვერ გამოიჩინა. მან 90 წუთი დაჰყო მოედანზე, სამჯერ არაზუსტად დაარტყა კარისკენ, 4-ჯერ თამაშგარეში მოხვდა და ერთხელ დაჯარიმდა (რისთვისაც გააფრთხილეს).

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიომ" შინ 0:3 დათმო "არეცოსთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიამ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ დამარცხდა მისი
"სევილია ატლეტიკო" სტუმრად "მურსიასთან" - 0:1.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელის დებიუტი "ნიურნბერგში" გადასვლიდან პირველივე მატჩში შედგა, "ჰაიდენჰაიმთან" სტუმრად 3:2 მოგებულ შეხვედრაში ქართველი 75-ე წუთზე გამოჩნდა. "ნიურნბერგი" 28 ქულით ცხრილის შუაშია.

დრეზდენის "დინამოსა" და ბერლინის "უნიონის" მატჩში აკაკი გოგია არ ყოფილა და კარგა ხანს არ იქნება, დინამოელთა ლიდერს საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შინ ვერ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ტური" - 1:1. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და მეორე ტაიმში სეზონში მე-4 ყვითელი ბარათი მიიღო.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "დენ ჰააგი". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" კუნძულ მადეირაზე"მარიტიმუს" დღეს ესტუმრება.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (არ უთამაშია) "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ვიზეუ".

კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის "ერმისი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ნეა სალამინას". ქართველი უკვე 24-ე წუთზე გამოჩნდა რუმინელი ბენგას ნაცვლად.

"ახნასი", რომლის რიგებში ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე თამაშობენ, ორშაბათს გავა მოედანზე.

რუმინეთი. ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" ტიმიშოარას "პოლის" დღეს ესტუმრება.

ფინეთი. თასი.
გიორგი ოსიტაშვილის კტპ შინ 2:2 დაუზავდა გრიფკ-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე. ჩვენებურს არ უთამაშია.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
აუტსაიდერმა აზალ-მა "ყარაბაღს" უმასპინძლა და ბრძოლაში წააგო - 1:2. მასპინძელთა რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა ნუგზარ კვირტია. რაც შეეხება დავით ჯანელიძეს, ის მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდიდან გაუშვეს.

ქართულ დუელში ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" 1:0 მოუგო გიორგი ნავალოვსკის "ნეფთჩის". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. კვეკვესკირი რამდენჯერმე დაემუქრა სტუმართა კარს.

ზაურ სვანაძის "ინტერმა" სტუმრად "სუმგაითთან" ბოლო წამებზე გაუშვა გოლი და გამარჯვებაც - 2:2. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ქართველთა გუნდების მდგომარეობა ასეთია: "გაბალა" 35 ქულით მეორეა, "ინტერი" 29 ქულით - მესამე, "ნეფთჩი" 10 ქულით ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა, ხოლო აზალ-ი 8 ქულით - ბოლოზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გუნდები რა გვარები, ვიცი იმედი გვაქვს კარგით რა, თითქმის არცერთი არაა ძირითადის მოთმაშე.
0

სიახლეები პოპულარული