იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძემ ტრავმის გამო გამოტოვა მილანის "ინტერთან" დაპირისპირება, რომელიც "ჯუზეპე მეაცაზე" 2:0 დასრულდა, იტალიური ფეხბურთის გრანდის სასარგებლოდ.
იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიომ" სტუმრად "ერმინიოს" 1:0 აჯობა. ჩვენებური 84-ე წუთზე გამოცვალეს.
ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანია 81-ე წუთზე გამოჩნდა "სევილიას" დუბლებისა და "ლუგოს" მატჩში, როცა მისი გუნდი აგებდა. საბოლოოდ, ანდალუსიელებმა ქულა გადაარჩინეს - 1:1.
გერმანია. II ბუნდესლიგა.
ლუკას
აკაკი გოგიას სერიოზული ტრავმა აქვს, მის გარეშე კი დრეზდენის "დინამო" ჰამბურგში "ზანკტ პაულისთან" დამარცხდა - 0:2.
საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავა (რეიმსი) დისკვალიფიცირებული იყო. ასე რომ, "სოშოსთან" 0:1 წაგებულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
ჰოლანდია. ერედივიზიე.
"ვიტესმა" შინ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო "ვილემ II"-სთან. შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, რომელსაც პირველი გოლის ეპიზოდში უკეთ თამაში მართებდა.
"დღეს ეს მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია, რადგან კარგად არ გვითამაშია", - განაცხადა კაშიამ, რომლისთვისაც ეს თამაში მე-200 იყო "ვიტესის" მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში. სხვათა შორის, ქართველი კაპიტანი "ვიტესის" მხოლოდ მეცხრე ფეხბურთელია, 200-იანთა კლუბში რომ მოხვდა.
ავსტრია. ბუნდესლიგა.
განახლდა ავსტრიის ჩემპიონატი და გიორგი ქვილითაიამ თავი ვენის დერბიში გამოიჩინა - "აუსტრიამ" და "რაპიდმა" 1:1 ითამაშეს. 55-ე წუთზე "აუსტრიას" კარში ჩვენებურმა შესანიშნავი თავურით გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.
შემდეგ "რაპიდი" 10 კაცით დარჩა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ქვილითაია 70-ე წუთზე შეცვალეს. 23 წლის ფორვარდისთვის ეს მე-4 გოლია ჩემპიონატში.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" "სპორტინგს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დათმო. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
აუტსაიდერი "ოლიანენშეს" რიგებში არ ჩანს ამ გუნდში იჯარით გადასული რომან ჭანტურია, ამასობაში კი მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად მოულოდნელად დაამარცხეს "ფაფე" - 2:1.
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" კი ზედიზედ მეორე ტურში მოიგო (2:1), ამჯერად - "სანტა კლარასთან". ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთი. ექსტრაკლასა.
პოლონური პირველობა განახლდა, მაგრამ უამინდობამ ერთი მატჩი მაინც შეიწირა - ნიკა ძალამიძის "ლენჩნამ" ვერ უმასპინძლა "ზაგლებიეს".
ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" კი ლუკა ზარანდიას "არკას" ეწვია და 1:0 მოუგო. ზარანდია განაცხადში არ ყოფილა, ასე რომ, მისი დებიუტი გადაიდო. ვაკო კი მოედანზე იყო 76-ე წუთამდე. მეორე ტაიმში ქართველმა ორჯერ გამოიჩინა თავი სოლო-რეიდებით, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.
"პლოცკისა" და "შლიონსკის" დაპირისპირებაში ქართული დუელი არ შედგა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა, მაგრამ სტუმართა თერთმეტეულში ვერ მოიძებნა ლაშა დვალის ადგილი - ის არც შეცვლაზე შესულა.
დღეს ექსტრაკლასაში კიდევ ერთი მატჩი გვაინტერესებს - მათე ცინცაძის "პოგონი" "პიასტს" მასპინძლობს.
რუმინეთი. ლიგა 1.
"გაზ მეთანში" ისევ არ ჩანს გუნდში 5 წლის მერე დაბრუნებული აკაკი ხუბუტია, მისმა გუნდმა კი შინ 1:2 წააგო "კლუჟთან".
კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" "არისთან" 1:2 წაგებით ექვსეულში ადგილი დაკარგა. ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა რიგებში 50-ე წუთამდე ითამაშა.
ნიკა კაჭარავამ "ახნასს" ქულა გადაურჩინა "აპოლონთან" დაპირისპირებაში - 2:2. გუნდი 10 კაცით თამაშობდა და აგებდა, როცა 66-ე წუთზე კაჭარავა გავიდა სათამაშოდ. მან 82-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რომელიც ქართველი ფორვარდისთვის მეთორმეტეა მიმდინარე სეზონში. მისი თანაგუნდელი გიორგი ილურიძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" სტუმრად "ზირას" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა ამ დაპირისპირებაში.
დღეს ქართული დუელი (კვირტია-ხიზანიშვილი) შედგება აზალ-ისა და "ინტერის" თამაშში, გიორგი ნავალოვსკის "ნეფთჩი" კი "სუმგაითს" უმასპინძლებს.
ფინეთი. თასი.
ირაკლი სირბილაძის კპვ-მ 2:1 მოუგო ჰაუპა-ს. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"