[ლეგიონის უქმეები] მერებაშვილის გოლი, სირბილაძისა და კვეკვესკირის პასები [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე მხოლოდ ერთი ქართული გოლი გავიდა და მისი ავტორი პოლონურ "პლოცკში" მოთამაშე გიორგი მერებაშვილია. კიდევ ორი ჩვენებური საგოლე პასებით გამოირჩა, ხოლო დანიურ "ვიბორგში" დებიუტი ჰქონდა მათე ვაწაძეს...

იტალია. სერია A.
ამჯერად, ლევან მჭედლიძე ზურგის ტრავმამ შეაჩერა, მის გარეშე კი "ემპოლი" შინ დამარცხდა "ლაციოსთან" - 1:2.

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის (მე-80 წუთზე შევიდა) "ტუტოკუოიომ" 3:1 მოუგო "კარარეზეს".

ჰოლანდია. ერედივიზიე.
"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა "აიაქსთან" შინ წაგებულ (0:1) მატჩში.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიას "ატლეტიკო სევილია" სტუმრად
1:2 დამარცხდა "უესკასთან". ჩვენებურმა 64-ე წუთიდან ითამაშა.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას დრეზდენის "დინამომ" შინ 1:2 წააგო "ჰანოვერთან". ქართველი ტრავმირებულია.

ლუკას ჰუფნაგელის "ნიურნბერგი" დღეს "მიუნხენს" ესტუმრება.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავას თამაშის დღეს მოუხსნეს დისკვალიფიკაცია, რომელიც კურიოზული წითელი ბარათისთვის ჰქონდა მიღებული. საქართველოს ნაკრების კაპიტანმაც შეუცვლელად ითამაშა "რეიმსში", რომელმაც სტუმრად 1:0 დაამარცხა "კლერმონი". ამით კანკავას გუნდმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძემ "ეშტორილთან" მატჩში ბოლოსკენ გაუშვა გოლი და ისიც - საკუთარი მცველის დაუდევრობის გამო: რებუჩომ თავის კარში გაიტანა. ამის გამო "მორეირენშე" ფრეს (1:1) დასჯერდა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (61-ე წუთზე შევიდა) "ჟილ ვისენტემ" 2:2 ითამაშა ლისაბონის "სპორტინგის" დუბლებთან.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" სტუმრად ქართველის ყოფილ გუნდ "იაგელონიასთან" 0:5 შერცხვა. ჩვენებური შესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:2 იყო. ძალამიძის გუნდი 18 ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი მერებაშვილმა ჩემპიონატში მე-5 გოლი გაიტანა. მეკარესთან პირისპირ გასულმა შემტევმა მცველთან ჭიდილში დაარტყა და "კორონას" კარი დალაშქრა, მაგრამ საბოლოოდ, ქართველის გუნდი 2:4 დამარცხდა. მერებაშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წინა ტურში მან საგოლე პასი მიითვალა, ახლა კი - გოლი.

როგორც ჩანს, ლაშა დვალს სერიოზული პრობლემები აქვს "შლიონსკში". ზედიზედ მეორე თამაშია, ის სათადარიგოთა სკამზე ზის. ამასობაში, მისმა თანაგუნდელებმა 1:0 დაამარცხეს "ვისლა".

მათე ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშა "პოგონის" რიგებში, რომელიც სტუმრად "კრაკოვიას" დაუზავდა - 1:1.

"ლეგია" ერთ-ერთ აუტსაიდერ "რუხთან" 1:3 დამარცხდა. ვაკო ყაზაიშვილმა 65-ე წუთზე შეცვალა გილერმე.

ლუკა ზარანდიას "არკა" დღეს ესტუმრება "ზაგლებიეს".

დანია. სუპერლიგა.
ქართველთა დებიუტი "ესბიერგში" გადაიდო - ოთარ კაკაბაძეს "ხიმნასტიკიდან" დისკვალიფიკაცია გადაჰყვა, ხოლო ბუდუ ზივზივაძესა და ლაშა პარუნაშვილს ახლახან მისცეს დანიაში თამაშის უფლება და ჯერ გუნდთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ. ქართველების გარეშე კი "ესბიერგმა" შინ 3:0 გაანადგურა "სონდერიისკე".

დავით სხირტლაძის (87-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგმა" 1:0 დაამარცხა "ჰორსენსი".

"ვიბორგში" დებიუტი ჰქონდა მათე ვაწაძეს, რომელიც "მიდტიულანდთან" ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა "ადმირას" წინააღმდეგ, თუმცა "რაპიდის" ქართველმა ცენტრფორვარდმა ამჯერად თავი ვეღარ გამოიჩინა - 0:0.

რუმინეთი. ლიგა 1.
აკაკი ხუბუტია ჯერ არ გამოჩენილა "გაზ მეთანის" რიგებში. ის განაცხადშიც არ ყოფილა "ვოლუნტარისთან" წაგებულ (0:1) მატჩში.

ჩეხეთი. I ლიგა.
ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" 1:1 ითამაშა "ბრნოსთან". ქართველი არ გამოჩენილა.

ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავიამ" 2:0 მოუგო "იჰლავას".

უნგრეთი. OTP-ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილს არ უთამაშია, მისმა "დიოშდიორმა" კი სტუმრად "მეჟოკოვეშდთან" 0:3 წააგო.

თურქეთი. I ლიგა.
"სანლიურფასა" და "გიოზთეფეს" მატჩში (2:2) ძირითადი მოვლენები მას მერე განვითარდა, რაც მწვრთნელმა სტუმართა ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე მოედნიდან გაიყვანა (55-ე წუთზე).

კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის (81-ე წუთზე გამოჩნდა) "ერმისმა" სტუმრად 4:0 გაანადგურა "ზაკაკიუ".

ქართველთა "ახნასი" გასვლაზე 2:4 დამარცხდა "ანორთოსისთან". ნიკა კაჭარავა (გაფრთხილება) სასტარტოში იყო. ის 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ილურიძემ 76-ე წუთიდან ითამაშა.

ფინეთი. თასი.
ირაკლი სირბილაძის კპვ-მ 4:2 დაამარცხა "როვანიემი". მესამე გოლი მასპინძლებმა ჩვენებურის პასით გაიტანეს. სირბილაძე კლუბის ოფიციალურმა საიტმა მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

რუსეთი. I დივიზიონის თასი.
კვიპროსში "ურალი" ნალჩიკის "სპარტაკთან" 0:1 დამარცხდა. რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ძირითადში შეუცვლელად ითამაშა ახალწვეულმა ჯიმი ტაბიძემ, ხოლო გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია. კურიოზული გოლი 73-ე წუთზე გავიდა, როცა რუსეთის მოქალაქე ნიკა ჩხაპელიას დარტყმას რეზო ღავთაძე (ასევე რუსეთის მოქალაქე) გადაეღობა და ავტოგოლი გამოუვიდა.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის "ინტერი" "ზირას" დაუზავდა - 1:1. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა შორის ჯერ არ გამოჩენილა ახალწვეული გიორგი გოროზია.

"ნეფთჩიმ" 0:0 ითამაშა "ქიაფაზთან". ისევე, როგორც ხიზანიშვილმა, გიორგი ნავალოვსკიმაც შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ნუგზარ კვირტიას (79-ე წუთზე შევიდა) აზალ-მა სტუმრად 0:1 დათმო "სუმგაითთან".

ნიკა კვეკვესკირმა დიდი წვლილი შეიტანა "გაბალას" (2:0 მოუგო "ყარაბაღს") ხელახალ გალიდერებაში. მასპინძლებმა მეორე გოლი ქართველი ნახევარმცველის პასით გაიტანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგია არ არის ქართველი და ნუ წერთ ლეგიონერებში, კიმაგრამ ამ საიტს ვინმე ყურადღებას აქცევს?!!!
ქარ
11:29 20-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული