ქართველი ტალანტი უეფას ობიექტივში

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯანო ანანიძის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც, ცხადია, ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს. მართალია, ფაქტების უმეტესობა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მაინც საყურადღებოა, თუ როგორ აცნობს უეფა მსოფლიოს ქართველ ტალანტს.

სიმაღლით მხოლოდ 170 სანტიმეტრია, წონითაც სულ რაღაც 60 კილოგრამი, მაგრამ რუსულ პრემიერლიგას ჯანო ანანიძემ თავისი კვალი უკვე დაატყო. შარშან ტანმორჩილი თინეიჯერი რუსეთის ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა, მალე კი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე თამაშით საერთაშორისო გამოცდილებაც შეიძინა.

საქართველოს პატარა ზღვისპირა ქალაქ ქობულეთში დაბადებული ჯანო მამის, ამირანის კვალს გაჰყვა. ამირანი
ჯერ ფეხბურთელი იყო, მერე კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ჯანომ პირველი საფეხბურთო ნაბიჯები მშობლიურ ქალაქში გადადგა, 12 წლისა კი თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში გადავიდა. 18 თვე ანანიძემ კიევის "დინამოში" გაატარა, 2007 წლიდან კი მოსკოვის "სპარტაკის" წევრია.

"სპარტაკის" სკაუტებმა იგი რუსეთისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩში შენიშნეს, რომელიც მოსკოვში გაიმართა. ანანიძემ "სპარტაკის" დუბლებიდან ძირითად გუნდში 16 წლისამ გადაინაცვლა. სადებიუტი მატჩი მან რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში "კრასნოდართან" ჩაატარა, მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

სამი თვის შემდეგ ანანიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" გაუტანა და ზემოთ ნახსენები რეკორდიც დაამყარა. ამ მატჩისას იგი 17 წლისა და 8 დღისა იყო. ქართველი ვუნდერკინდის სახელი უმალ დაუკავშირეს "არსენალს", "მილანსა" და "იუვენტუსს", მაგრამ "სპარტაკმა" საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა - ანანიძე არ იყიდება!

ჯანო საქართველოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იმავე წელს მას დებიუტი ჰქონდა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ის შეხვედრა ქართველებმა თბილისში იტალიასთან 0:2 წააგეს.

2010 წელი მისთვის ისეთივე ეფექტური ვერ გამოდგა, მაგრამ დასამახსოვრებელი ეპიზოდები მაინც იყო - ივლისში ნოვოსიბირსკის "სიბირთან" "სპარტაკმა" 5:3 გაიმარჯვა და ანანიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში ამხანაგური მატჩი მოიგო და ერთი გოლი ჯანოს ანგარიშზეა.

გამორჩეული მატჩი
ბაზელი-სპარტაკი 2:3
2011 წლის 17 თებერვალი, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალი
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილი "სპარტაკი" ევროპის ლიგაზე გადაერთო, სადაც "ბაზელთან" 0:2-ს აგებდა და ამ ტურნირიდან გავარდნის რეალური საფრთხეც ემუქრებოდა. ანანიძის მოედანზე გასვლის შემდეგ მოსკოველებმა თამაში გამოასწორეს და ანგარიშიც გაათანაბრეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ქართველმა ეფექტური ჯარიმა გაიტანა და თავისიანებს 3:2 მოაგებინა.

ანანიძე "სპარტაკზე"
"აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. "სპარტაკის" სტილი გაცილებით მომწონს, ვიდრე კიევის "დინამოსი".

საყვარელი ამპლუა
"თამაში მოედნის ცენტრში, თავდამსხმელების უკან მირჩევნია, მაგრამ თუ გუნდს დასჭირდა, ორივე ფლანგზე თამაშიც შემიძლია."

მიზნები
"ჩემი უმთავრესი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, დღესდღეობით კი უფრო რეალური მიზანი "სპარტაკთან" ერთად რუსეთის ჩემპიონობაა."

"სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი ანანიძეზე:
"მისი განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჯანო მოედანზე ძალიან სწრაფად აზროვნებს და ჩანაფიქრსაც იოლად ახორციელებს. მეტოქეები მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ ანანიძეს უმეტესად ვერაფერს უხერხებენ."




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანანიძე, მსოფლიოში ყველაზე ძვირათღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდება, ოგონდ ,,სპარტაკს'' როგორმე თავი უნდა დააღწიოს და უფრო მარალი დონის გუნდში გადავიდეს.....
giorgi moxeve
18:47 14-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული