კიდევ ერთი ქართველი სერია B-ში - ინტერვიუ ირაკლი შეყილაძესთან

AutoSharing Option
ჯერ არ ვიცით, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე და დარჩება თუ არა "ემპოლიში" (რომელიც სერია A-დან გავარდა), მაგრამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იტალიის სერია B-ში ქართველებს ჩვენი ჯილა მაინც გვეყოლება.

24 წლის ირაკლი შეყილაძემ კონტრაქტი გააფორმა "სპეციასთან", რომელიც ახლახან იტალიის საფეხბურთო ელიტაში აღზევებისთვის იბრძოდა, მაგრამ პლეი ოფში "ბენევენტოსთან" დამარცხდა.

შეყილაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია ზუგდიდის "ბაიაში", "ემპოლიში", "ლატინაში" და "ზიუდტიროლში", ბოლო დროს კი "ტუტოკუოიოს" ერთ
-ერთი ლიდერი იყო.

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში მასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა - თითქოსდა, "ტუტოკუოიო" მის დასჯას ითხოვდა არაპროფესიული საქციელის გამო. "ტუტოკუოიოს" ხელმძღვანელობის მტკიცებით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი 31 მატჩში) პლეი აუტის მატჩებამდე თვითნებურად დაბრუნდა საქართველოში...

- ქართველ ფეხბურთელს საკუთარმა გუნდმა არაპროფესიონალური მოქცევისთვის უჩივლა

რა და როგორ იყო, ამას უშუალოდ შეყილაძის ინტერვიუდან გავიგებთ, ხოლო რაც შეეხება "ტუტოკუოიოს", ის საბოლოოდ ვერ გადაურჩა დაქვეითებას...

დღევანდელ ქართულ ტრანსფერებს თუ გადავავლებთ თვალს, იტალიის რანგით მეორე ლიგაში ქართველი ფეხბურთელის გამოჩენა მნიშვნელოვანი ამბავია. მით უმეტეს, შეყილაძეს მუშაობა მოუწევს დომინიკო (მიმო) დი კარლოსთან, ვისაც სერია A-ში არაერთი სეზონი აქვს გატარებული "პარმას", "კიევოსა" და "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ ირაკლი შეყილაძესთან...

- მიუხედავად იმისა, რომ "ტუტოკუოიოსთვის" არ იყო კარგი სეზონი, თქვენთვის ის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გახდით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და, ამასთან ერთად, ახვედით უფრო მაღალ დონეზე...
- მართალი ბრძანდებით, გუნდისთვის სეზონი ნამდვილად არ იყო წარმატებული, მეც ტრავმამ შემიშალა ხელი და ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ ვეხმარებოდი "ტუტოკუოიოს"... პირადად ჩემს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზუსტად გავიმეორე შარშანდელი შედეგი. პლუს ამას, შეთავაზება მქონდა ორი ძლიერი კლუბისგან: ერთი იყო სპალ-ი, რომელიც სერია A-ში გადავიდა, ხოლო მეორე - "სპეცია".

- ზოგადად, "ტუტოკუოიო" როგორი გუნდია?
- ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავდა გასულ სეზონში. მხოლოდ სამი ფეხბურელი ვიყავით ისეთები, რომელთაც ამ დონეზე თამაშის გამოცდილება გვქონდა.

- "სპეციაში" თქვენი გადასვლა საბოლოოდაა გადაწყვეტილი?
- დიახ, ამ კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად 1 ივლისიდან გავხდები. კონტრაქტი 3-წლიანია.

- რა იცით ახალ გუნდზე?
- საკმაოდ ძლიერი გუნდია. ბოლო 4-5 წელი სულ უძლიერესთა შორის გადასასვლელად იბრძვის, მაგრამ ვერ ახერხებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა გუნდში დავმკვიდრდე და კლუბის ხელმძღვანელობის იმედები გავამართლო.

- ზოგადად, სერია B-ზე რის თქმა შეგიძლიათ?
- ძალიან დაძაბული ტურნირია. შეიძლება, ყველამ ყველას მოუგოს. კლასიკურ იტალიურ ფეხბურთს თამაშობენ, უდიდესი ყურადღება ექცევა ტაქტიკურ ნიუანსებს.

- "სპეციაში" გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება...
- რა თქმა უნდა?! ზუსტად ვიცი, რომ ასეა და, ვფიქრობ, მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ორი წელი ვითამაშე სერია C-ში და ჩემი აზრით, ეს გამოცდილება წამადგება.

- "სპეციას" მწვრთნელს თუ ელაპარაკეთ?
- დი კარლოს თებერვალში ველაპარაკე. იმედია, დარჩება მომავალ სეზონშიც.

- და ბოლოს, იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე უნდა გკითხოთ - "ტუტოკუოიო" თავის ყოფილ ფეხბურთელს, ირაკლი შეყილაძეს უჩივისო. რა მოხდა რეალურად?
- მოგიყვებით ყველაფერს, რა და როგორ იყო. იანვარში მუხლის ტრავმა მივიღე, მაგრამ კლუბმა არ გაახმაურა. ბოლოს უნდოდათ, ეთქვათ, არ უნდა თამაშიო. სპალ-ს უარი ვუთხარი, ის ფულს უხდიდა "ტუტოკუოიოს". ვარჯიში თვე-ნახევრის მერე დავიწყე. პლეი აუტის პირველ მატჩში, რომელიც 2:2 მორჩა, ტკივილგამაყუჩებლით ვითამაშე 15 წუთი. ბოლო თამაშის წინ ისევ შემიტრიალდა ვარჯიშზე მარცხენა მუხლი. რა თქმა უნდა, ექიმებმაც მნახეს. რომც მნდომოდა, ვერ ვითამაშებდი. ბოლო თამაშს დავესწარი და მეორე დღეს გამოვფრინდი თბილისში. დღემდე თერაპიას ვიტარებ ფეხზე. ეს არის სიმართლე და მინდა, ეს ქართველმა გულშემატკივარმაც იცოდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ალეკო,ამ კაცის ნაკრებში არ გამოძახების შესახებაც რომ გეკითხათ ვაისისთვის კარგი იქნებოდა.დვალიშვილს რომ ერთი თავით ჯობია ფაქტია,სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.
თენგო
12:28 12-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული