ჩვენთან ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ
რამდენიმე წლის წინ გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული თავდმსხმელი იყო. 19 წლისამ მოსკოვის “ლოკომოტივის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ კარიერა ვერ აეწყო. შარშან ზუგდიდის “ბაიასა” და ბოლნისის “სიონში” რამდენიმე მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
ახლახან კი გავიგეთ – “პაჭელოს” ფეხბურთელის კარიერა დაუსრულებია, თუმცა ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს – ჩ ლიცენზიის მისაღებად სამწვრთნელო კურსებზე დადის და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ პროფესიით მუშაობა. “ლელოსთან” ინტერვიუში გიორგი განვლილს იხსენებს და მისთვის მტკივნეულ თემებზე
- ოცდახუთი წლის კვალიფიციური ფეხბურთელი კარიერას ძალიან იშვიათად ასრულებს. რამ გიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ?
- მივხვდი, რომ მაღალ დონეზე ვეღარასოდეს ვითამაშებდი. საქართველოს ჩემპიონატში თამაშს კი ისევ მწვრთნელობა მირჩევნია. ჯობს, ამ პროფესიას ამ ასაკშივე დავეუფლო და სამწვრთნელო კარიერისთვის საფუძველი შევიქმნა. ვგრძნობ, რომ ეს საჩემო საქმეა, ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის, მომავალში კი მაღალ დონეზეც მსურს მოვსინჯო ძალები.
- საქმეს უკვე შეუდექი?
- დიახ, პრაქტიკას “საბურთალოს” საფეხბურთო სკოლაში გავდივარ და მისი ხელმძღვანელების დახმარებით პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს სწორედ იქ გადავდგამ.
- როგორ ფიქრობ, რომელია შენი ის თვისებები, რომლებიც ახალ საქმიანობაში გამოგადგება?
- მე მგონი, გულღია და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, უზომოდ მიყვარს ფეხბურთი და შემიძლია, მოსწავლეებს ჩემი ცოდნა და ჩანაფიქრი გავუზიარო.
- ადრე მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, ახლა კი ძალზე დასერიოზულებული, გულჩათხრობილიც კი ჩანხარ.
- ადრე ჩემთვის უკეთესი დრო იყო, უდარდელი და კომფორტული. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი უცებ დადგეს თავდაყირა. საბედნიეროდ, მეყო ხასიათის სიმტკიცე საიმისოდ, რომ ცხოვრების რთული პერიოდები გადამელახა.
- ალბათ ბევრ რამეზე ხარ გულდაწყვეტილი...
- გულნატკენი იმ ხალხისგან დავრჩი, ვინც ჩემი არ ირწმუნა და რთულ პერიოდში გვერდში არ დამიდგა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ჩემ გამო საკუთარი ავტორიტეტი სასწორზე არ შეაგდო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ.
- მოვლენების შენთვის არასასურველად განვითარებაში საკუთარ თავსაც ხომ არ ადანაშაულებ?
- შეუცდომელი არავინაა და მეც ბევრჯერ გადამიდგამს არასწორი ნაბიჯი. მაგალითად, ვალდებული ვიყავი, მოსკოვის “ლოკომოტივში” უფრო მეტი მეშრომა და იქ დამკვიდრებისთვის თავი არ დამეზოგა. მოგვიანებით, როცა “ზესტაფონში” ვთამაშობდი, იქიდან წასვლა არ უნდა მეჩქარა და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ უიღბლობის გამოც ძალიან დავიჩაგრე. მძიმე ტრავმამ ხომ თითქმის წელიწადი დამაკარგვინა.
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თამაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს განუახლებია...
- ჩემი მხრიდან ეს გამორიცხულია, რადგან ფეხბურთის თამაშის ხალისი დავკარგე და ვიცი, რომ აზრს აღარ შევიცვლი.
- კარიერის საუკეთესო პერიოდებად რომლებს მიიჩნევ?
- პირველ დიდ წარმატებას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მივაღწიე, როცა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავედით. კარგი პერიოდი გავატარე “თბილისში”, “ბათუმსა” და “ზესტაფონში”, “ლოკომოტივი” კი მაინც გამორჩეულად მაგონდება. ძირითადში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ იქ სამი წელიწადი გავატარე და ეს დრო არასოდეს დამავიწყდება. ჩემი თანაგუნდელები ხომ შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ – მალხაზ ასათიანი, სერბი ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელიც დღეს “ჩელსიში” თამაშობს, დმიტრი ლოსკოვი, დმიტრი სიჩოვი, დინიარ ბილიალეტდინოვი, სერგეი ოვჩინნიკოვი, მარატ იზმაილოვი და სხვები. მითამაშია, მაგალითად, ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ, როგორიცაა “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი. იგი მაშინ მოსკოვის “სპარტაკში" თამაშობდა. ვიმუშავე იური სიომინთან, სლავოლიუბ მუსლინთან და ანატოლი დემიანენკო. ნასწავლი სამწვრთნელო საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.
- შენი თაობის არაერთმა ფეხბურთელმა კარიერა ნაადრევად ტრავმის გამო დაასრულა. ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაიმე კანონზომიერება?
- ყოველთვის მეგონა, რომ ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალი იყო, მაგრამ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი სამწვრთნელო კურსებზე მივიღე. არ შეიძლება, ბავშვი ადრეულ ასაკში ძალიან დატვირთო. ამით მისი ორგანიზმი იფიტება და ეს პრობლემა ზრდასრულ ასაკში აუცილებლად იჩენს თავს. ახალი თაობის მწვრთნელები ამ ფაქტორს აუცილებლად გავითვალისწინებთ და ჩვენს აღსაზრდელებს სწორი მეთოდიკით აღვზრდით. სხვათა შორის, ჩემთან ერთად კურსებზე ვალტერ გუჩუა და კახა გოგოლაძე დადიან. დარწმუნებული ვარ, ასეთი ბევრისმნახველი ფეხბურთელები კარგ თაობებს გაზრდიან.