გიორგი დარასელიაა - ისრაელის ნაკრები? რატომაც არა

AutoSharing Option
ისრაელი-საქართველოს მატჩს მასპინძელთა ნაკრებში ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. უკვე გიამბეთ, რომ ლუის ფერნანდესს ებრაელ ჟურნალისტებთან დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდა, ნაკრების შედეგების გამო მისი პოზიციები ისედაც არ იყო მყარი და საქართველოსთან ვერმოგების შემთხვევაში ფრანგს დიდი ალბათობით თანამდებობიდან დაითხოვდნენ.

მის ყველაზე რეალურ შემცვლელად კი სახელდებოდა და ახლაც სახელდება ჰაიფას “მაქაბის” თავკაცი ელიშა ლევი. სპეციალისტი, რომელმაც გუნდი ჯერ ისრაელში გააჩემპიონა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ზედმეტად მიგვაჩნია იმის შეხსენება, რომ “მაქაბიში” ლევის მარჯვენა ხელი გიორგი დარასელიაა. მათ ერთად სხვა კლუბშიც უმუშავიათ და
ერთმანეთთან დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ასე რომ, ისრაელის ნაკრებში დანიშვნის შემთხვევაში ლევი დარასელიას უთუოდ იქაც წაიყვანდა.

“ბუნებრივია, ეს საკითხი ჯერაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. რაღა დაგიმალოთ და ისრაელის ნაკრებში მუშაობის დიდი სურვილი მაქვს, რადგან ჩემი მომავალი კარიერისთვის ეს დიდი ტრამპლინი იქნება”, - გვითხრა დარასელიამ.

შარშან მან მწვრთნელის პროლიცენზია მიიღო. სხვათა შორის, გამოცდები ისრაელშივე, ივრითზე ჩააბარა. გიორგი, რომელიც ისრაელში უკვე 12 წელია ცხოვრობს, იქაურ ენას კარგად ფლობს.

პროლიცენზიის მფლობელი სპეციალისტები კი იშვიათად სჯერდებიან მეორე მწვრთნელობას და საინტერესოა, როდის შეუდგება დარასელია რომელიმე გუნდის მთავარმწვრთნელობას:

“ვგრძნობ, რომ ამის დრო უკვე მოვიდა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და, ისრაელში ავტორიტეტი მაქვს და “მაქაბიზე” შედარებით მოკრძალებული კლუბები მთავარ მწვრთნელობასაც მთავაზობენ. მოკლედ, ამ ეტაპზეც მალე გადავალ, მაგრამ ცოტა კიდევ უნდა მოვითმინო, რადგან ელიშას ვერ დავაღალატებ. სეზონი ერთად უნდა ჩავამთავროთ და ჩემპიონები გავხდეთ, მერე ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ და ვნახოთ... ყველაფერი წინ მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ უკვე დავაგროვე იმდენი ცოდნა და გამოცდილება, გუნდს დამოუკიდებლად გავუძღვე”.

დარასელია ჰაიფადან 80 კილომეტრით დაშორებულ პატარა და წყნარ კფარ სავაში ცხოვრობს, მაგრამ ისრაელის კეთილმოწყობილი გზით ჰაიფაში ჩასასვლელად ორმოციოდე წუთი ჰყოფნის. “მაქაბის” ვარჯიშებს უმეტესად თავად უძღვება და დიდი მოცულობის “შავ სამუშაოს” ასრულებს - აწარმოებს ფეხბურთელთა ამომწურავ სტატისტიკას, მოიპოვებს მეტოქეთა ვიდეოჩანაწერებს, სისტემატურად ესწრება სამწვრთნელო სემინარებს და გუნდში ახალ-ახალ სავარჯიშოებს ნერგავს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ “მაქაბის” ბაზა, რომელიც სადად გამოიყურება, მაგრამ, რაც მთავარია, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დვალიშვილისა და მისი თანაგუნდელების განკარგულებაში უნაკლო გაზონებია. აი, კლუბის სტადიონი კი მშვენიერი უნდა გამოვიდეს - ჰაიფას 35-ათასიანი არენა 2013 წელს დასრულდება და მიუნხენის “ალიანც არენას” მსგავსი იქნება.

საფეხბურთო ინფრასტრუქტურით მხოლოდ ჰაიფელები როდი იწონებენ თავს. თელ ავივსა და ჰაიფას შორის მდებარე ტრასაზე არაერთი სუპერთანამედროვე სტადიონი და ბაზა შევნიშნეთ, სხვათა შორის, ზოგიერთი ქვედალიგელ კლუბებს ეკუთვნით.

დარასელია ისრაელში მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. უფროსი, გიორგი 20 წლისაა და ფეხბურთის თამაშს რამდენიმე თვის წინ დაანება თავი. იგი უკვე ფიფას ლიცენზირებული აგენტია და ისრაელში აქტიურად საქმიანობს, მალე კი ქართულ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებასაც აპირებს. უმცროსი, ჯიჯი 12 წლისაა და თელ ავივის “მაქაბის” საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი ქართველი მწვრთნელი მუშაობს უცხოეთში? მათი პროფესიონალიზმი ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება.
guja_kakhadze
10:56 02-04-2011
0

სიახლეები პოპულარული