მერებაშვილი და ჩაშლილი ფინალი

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილს პირველი სერბული ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი "ვოივოდინა" ქვეყნის თასის ფინალში ბელგრადის "პარტიზანთან" დამარცხდა, თანაც ისე, რომ მატჩისთვის განკუთვნილი დრო მეტოქეებს მოედანზე ბოლომდე არ გაუტარებიათ.

"პარტიზანი" მე-17 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც "ვოივოდინა" გააქტიურდა. მე-60 წუთზე მოედანზე მერებაშვილი გაიყვანეს და ორ წუთში მისი შედეგიანი გადაცემით ნოვისადელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

71-ე წუთზე ბელგრადელები ისევ წინ გავიდნენ, მე-80-ზე კი ქართველი შემტევის პასით კიდევ ერთი გოლი გავიდა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. "ვოივოდინას" მწვრთნელ-ფეხბურთელები ამ ეპიზოდამდეც გამოთქვამდნენ მსაჯობით უკმაყოფილებას, ხოლო არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ
კლუბის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აუვსო და "ვოივოდინამ" მოედანი დატოვა.

მერებაშვილი და მისი თანაგუნდელები არც მატჩისშემდგომი დაჯილდოების ცერემონიალს დასწრებიან, თასის მფლობელად კი, ბუნებრივია, "პარტიზანი" გამოცხადდა.

მოგვიანებით "ვოივოდინას" მესვეურებმა ოფიციალური განცხადებით საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა სცადეს, თქვეს, რომ "პარტიზანს" თასი დაუმსახურებლად მიაკუთვნეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს მიიღებს "ვოივოდინა" ფინალში ჩადენილი საქციელისთვის.

მერებაშვილი მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე მაინც ითამაშებს, რადგან "ვოივოდინას" სერბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს ვეღარავინ შეეცილება, თუმცა მეორეობის შანსიც აქვს - ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ცრვენა ზვეზდას" სამი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონობასთან და დუბლის შესრულებასთან კი ძალიან ახლოსაა "პარტიზანი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული