რუსულ პრემიერლიგაში "ვოლგასა" და "ანჟის" მატჩმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა ალექსანდრ ბუბნოვმა "ვოლგას" მიერ თამაშის განზრახ დათმობის შესახებ ეჭვი საჯაროდ გამოთქვა.
მისი თქმით, ნიჟნინოვგოროდელთა თავკაცმა ომარ თეთრაძემ საგანგებოდ არ ათამაშა გუნდის რამდენიმე ლიდერი. ბუბნოვმა ისიც შენიშნა, რომ სხვა დროს ემოციური თეთრაძე მარცხს სათადარიგოთა სკამიდან მშვიდად ადევნებდა თვალს.
ამ მატჩში მხოლოდ ორმა ქართველმა ითამაშა - ვოლგელებმა ლაშა სალუქვაძემ და გოგიტა გოგუამ, თუმცა რომ მათ გარდა ორივე გუნდში ჩვენი თანამემამულეები კიდევ არიან და ამ თემაზე ყურადღებას ამიტომაც ვამახვილებთ.
რამდენიმე დღის
განმავლობაში თეთრაძეს ბრალდებისთვის პასუხი არ გაუცია, თუმცა გუშინ დუმილი დაარღვია, მატჩის ჩაწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო დაასვენა, წაგებამ კი გული ამჯერადაც ძალიან დასწყვიტა და თქვა, ადამიანი ემოციებს ყოველთვის ერთნაირად არ გამოხატავსო. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ძირითადად წმინდა საფეხბურთო საკითხებს შეეხო.
ჯერჯერობით უცნობია, ბუბნოვისა და სხვათა მიერ გამოთქმული ეჭვი ეჭვად დარჩება თუ ეს მატჩიც უეფას შავ სიაში მოხვდება და გამოძიება დაიწყება. "ვოლგას" ხემლძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.