ადამია და სამეული მეორე რაუნდში

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ ხუთშაბათს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, რომელთაგანაც მეორე რაუნდში მხოლოდ ყარაბახელმა გიორგი ადამიამ გააღწია. მისმა გუნდმა ჯერ სტუმრად 4:0 გაანადგურა ლიტვური "ბანგა", შემდეგ შინ 3:0 გაიმარჯვა და მეორე ეტაპზე საქმეს, ალბათ, კიდევ უფრო სუსტ გუნდთან, ფარერულ "სტრეიმურთან" დაიჭერს.

"ბანგასთან" განმეორებით შეხვედრაში ადამიამ სრულად ითამაშა, მაგრამ გოლი ვერც ამჯერად გაიტანა.

მეტოქის კარი დალაშქრა ლატვიური "დაუგავას" ქართველმა თავდამსხმელმა მამუკა ღონღაძემ, მაგრამ ეს მისი გუნდისთვის დიდი ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა. "დაუგავამ", რომელიც წინა ხუთშაბათს შინ 0:5 განადგურდა ნორვეგიულ "ტრომსოსთან",
სტუმრად 1:2 წააგო. ღონღაძემ პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მეორეში კი დაუგაველმა ბიძინა ცინცაძემ ავტოგოლი გაიტანა. ღონღაძემაც, ცინცაძემაც და გიორგი ჩიხრაძემაც შეუცვლელად ითამაშეს.

სომხურმა "ულისმა" "ფერენცვაროშთან" სტუმრად წაგებული 0:3-ის შემდეგ უნგრელებს წინააღმდეგობა ვერც ერევანში გაუწია და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი კრასოვსკიმ და შოთა ჯიქიამ სრულად ითამაშეს, თენგიზ უგრეხელიძე 86-ე წუთზე შეცვალეს, ლევან აკობია კი სათადარიგო იყო.

"ყარაბახისგან" განსხვავებით, პირველი ეტაპი ვერ დასძლია მეორე აზერბაიჯანულმა კლუბმა აზალ-მა, რომელიც ბელარუსში "მინსკთან" 1:2 წაგების შემდეგ შინ 1:1-ს დასჯერდა. აზალ-ის შემადგენლობაში ნუგზარ კვირტიამ შეუცვლელად ითამაშა.

ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე კიდევ რამდენიმე ჩვენებური ითამაშებს. აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" ფინურ "კუოპიოს" დაუპირისპირდება, გიორგი მერებაშვილის "ვოივიდონას" მეტოქე ლიხტენშტაინური "ვადუცი" იქნება, ვაჟა თარხნიშვილის "შერიფი" კი ბოსნიურ "ჟელეზნიჩარს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული