სანდრო გურული: მადლობა თემურ ქეცბაიას და კახა კალაძეს

AutoSharing Option
უკრაინული პრემიერლიგის 20 ტურში სანდრო გურულმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, აქედან შეუცვლელად - მხოლოდ ერთი. 26 წლის ქართველი შემტევი, რომელიც ახლო წარსულში ლვოვის "კარპატის" შეუცვლელი ფიგურა იყო, დღესდღეობით სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდის და კლუბის შეცვლაზეც ფიქრობს.

"ლელო" გურულს უკრაინაში შეეხმიანა და საკლუბო პრობლემების გარდა, სანაკრებო თემაზეც ესაუბრა.

- როგორ ფიქრობ, უთამაშებლობის მიზეზი უფრო შენშია თუ სხვა გარემოებების ბრალია?
- საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ძალიან მომთხოვნი ვარ. შრომა არასოდეს მეზარება და ყოველდღიურად ვცდილობ, მოედანზე უფრო და უფრო მეტი შევძლო.

საკუთარ
თავზე მუშაობას ძველებურად ვაგრძელებ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიფასდება და მოედანზე გასვლა იშვიათად მიწევს. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ჩემს შანსს დაველოდო, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან მიჭირს.

- გუნდის მთავარ მწვრთნელ პაველ კუჩეროვთან ამ თემაზე არ გილაპარაკია?
- როგორ არა, არაერთხელ, ყოველთვის მეუბნება, რომ კარგი თვალით მიყურებს და ჩემი იმედი აქვს. კუჩეროვთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ არცთუ ხშირად მენდობა. მხოლოდ ვარჯიშით კი შორს ვერ წავალ, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით მჭირდება.

- შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად რა გესახება?
- უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტს დაველაპარაკები და გავიგებ, რა გეგმები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. თუ მეტყვიან, რომ ვჭირდები, დავრჩები და ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად ვიბრძოლებ, თუ არა და ჩემს გზას მოვნახავ. "კარპატიში" თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან მეგობრული გუნდია, მაგრამ ასე გაგრძელება ჩემს კარიერას ძალიან დააზარალებს.

- თუ პრეზიდენტმა წასვლის საშუალება მოგცა, სად ვარაუდობ კარიერის გაგრძელებას?
- მგონია, რომ გამიშვებენ, რადგან "კარპატისთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემს სანაცვლოდ თანხას აიღებენ. რაც შეეხება ჩემს სამომავლო ადგილსამყოფელს, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უგუნდოდ არ დავრჩები. ვიცი, რომ ჩემით დაინტერესებულნი არიან როგორც უკრაინული, ასევე დასავლეთევროპული კლუბები, რომელთა დაკონკრეტებისგანაც ჯერ თავს შევიკავებ.

- ხომ არ ფიქრობ, რომ სხვა ქვეყანაში საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენ?
- შესაძლოა, ასეც იყოს. უკრაინაში აქცენტს სწრაფ და აგრესიულ თამაშზე აკეთებენ. მართალია, არც აქაურ სტილთან ადაპტაცია გამჭირვებია, მაგრამ შესაძლოა, სხვა ქვეყანაში უფრო შედეგიანად ვითამაშო - ტექნიკურ ფეხბურთელად ვითვლები, ფიზიკურადაც კარგად ვარ მომზადებული და იქნებ სხვა გარემოში მიჯობდეს ძალების მოსინჯვა.

- დათანხმდები ისეთ კლუბში წასვლას, სადაც ნაკლებს გადაგიხდიან, ვიდრე "კარპატიში"?
- მთავარია, კლუბი იყოს ამბიციური, თორემ თამაში ისე მომენატრა, ხელფასის ოდენობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ნამდვილად აღარ მივანიჭებ.

- საფრანგეთში დაბრუნებას გამორიცხავ?
- არ ვიცი, გამორიცხული არაფერია. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საფრანგეთში, ოჯახთან საახალწლოდ ჩავალ. საქართველოში ჩამოსვლაც ძალიან მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საამისო დრო აღარ მრჩება.

- ნაკრებსაც შევეხოთ. რომ არა "კარპატიში" შექმნილი პრობლემები, ეროვნულ გუნდში, ალბათ, მეტ მატჩს ჩაატარებდი.
- სწორედ ამის გამო მწყდება გული, რომ საკლუბო უსიამოვნებებმა ჩემს სანაკრებო კარიერაზეც იმოქმედა. არადა, კარგად დავიწყე, სლოვენიაში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გავიტანე, მაგრამ შემდეგ სანაკრებო საქმეები აღარ ამეწყო.

ყველაფრის მიუხედავად, თემურ ქეცბაიას მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მან ჩემი შესაძლებლობების ირწმუნა და ვიცი, რომ შრომას არც მომავალში დამიკარგავს. მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მალე დავიბრუნო და მჯერა, ნაკრებსაც დავუბრუნდები. გულით მინდა, ეროვნულ გუნდს გამოვადგე და მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო.

- მთლიანობაში, დასრულებული შესარჩევი ციკლი ნაკრებისთვის რამდენად წარმატებული გამოდგა?
- წარმატებაზე ლაპარაკი, ალბათ, უადგილოა, მაგრამ ცალკეული მატჩები მაღალ დონეზე ჩავატარეთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდმა ბოლო ტურებშიც ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა და უიღბლობის გარდა, ვერაფერს დავაბრალებ იმ ფაქტს, რომ ნაკრები ბოლოსწინა ადგილს ვერ გასცდა.

- რამდენიმე დღის წინ ნაკრებიდან წასვლის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
- ეს ამბავი მამაჩემისგან გავიგე და ზუსტად არც ვიცი, რატომ გადადგა კახამ ეს ნაბიჯი. გული დამწყდა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კალაძე ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება. იგი ნამდვილი კაპიტანი და ნამდვილი კაცია, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. კახასთან ურთიერთობამ სულ რამდენჯერმე მომიწია, მაგრამ მისი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, რადგან ნაკრებთან ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა.

- და რას უნდა ველოდოთ მომდევნო ციკლისგან?
- მთავარია, ნაკრებს პროგრესი შეეტყოს, რისი დიდი იმედიც მაქვს. შეუძლებელი კი არაფერია. თუკი ბელარუსის ნაკრებმა საფრანგეთს სტუმრად მოუგო, მოედანზე უიმედოდ არც ჩვენ უნდა გავიდეთ. ჯგუფიდან გასვლაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, მინიმუმ კი ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე უკეთესი პოზიცია დავიკავოთ.

- საფრანგეთის ნაკრებში თუ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც "ლიონის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდი?
- როგორ არა, ქარიმ ბენზემა და ლოიკ რემი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და თუ იმ დროისთვის ნაკრებში თამაშის ღირსი ვიქნები, მათ და მთლიანად საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ უდიდესი შემართებით ვითამაშებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იუტუბზე ვნახე ამ ბიჭის თამაშები და მართლა გული მწყდება რო არ უფასდება აშკარად მეტს იმსახურებ
fexburtisfani
21:54 16-12-2011
0
გურული და გოგუა დახატავენ დინამოს, ძველი იერს დაუბრუნებენ გუნდს..
mentalitet1
01:19 16-12-2011
0

სიახლეები პოპულარული