ჯაბა კანკავა: იმედი მაქვს, ნაკრები ნავსს 2012 წელს გატეხავს

AutoSharing Option
მიმდინარე წელი ჯაბა კანკავას კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მძიმე ტრავმების შემდეგ, რამაც საერთო ჯამში ორი წელიწადი დააკარგვინა, სტაბილურად სწორედ წლეულს ათამაშდა და ეროვნულ ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი.

უკრაინული "კრივბასის" 25 წლის ნახევარმცველი "ლელოს" რესპონდენტია. ჩვენთან ინტერვიუში მან საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა და კახა კალაძის გადაწყვეტილებასა და მას შემდეგ მომხდარ ამბებზეც გააკეთა კომენტარი.

- "კრივბასი" ზამთრის პაუზას მეხუთე ადგილზე ხვდება, რაც ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.
- ჩვენი მიზანი ევროთასებზე გასვლაა და თუ ასე გავაგრძელეთ, მიზანსაც მივაღწევთ. თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე ათი ტური
დარჩა და მოდუნების უფლება არ გვაქვს, სტაბილურად თამაში უნდა განვაგრძოთ.

- უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარე. ეს შენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია?
- მინდა, ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩავატარო, მაგრამ გუნდში დიდი კონკურენციაა. მთავარი ის არის, რომ მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ და ძირითად შემადგენლობაშიც ხშირად ვხვდები.

- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?
- იმის კვალობაზე, რა უსიამოვნებებიც გადავიტანე, ვიტყოდი, რომ ნორმალურ ფორმაში ვარ, მაგრამ ისევე, როგორც ფეხბურთელების უმრავლესობა, მეც მაქსიმალისტი ვარ და საკუთარ თავს ყოველთვის მეტს ვთხოვ. მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა ყოველთვის ძნელია, მაგრამ, თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, ყველაფერი კარგად იქნება.

- კლუბის შეცვლაზე ხომ არ ფიქრობ?
- ცოტა ხნის წინ "დნიპროსთან" ახალი სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და "კრივბასში" განათხოვრებით თამაშს განვაგრძობ.

- "დნიპროში" დაბრუნების შანსი ან სურვილი თუ გაქვს?
- ფაქტია, რომ ამ კლუბს დღეს არ ვჭირდები და მეც იქ მირჩევნია ყოფნა, სადაც ჩემი სჯერათ და მენდობიან.

- ქვეყნის შეცვლაზე არ გიფიქრია?
- დასავლეთ ევროპაში თამაშის უდიდესი სურვილი კი მაქვს, მაგრამ იქიდან რეალური წინადადება არ მიმიღია და გაურკვევლობაში წასვლას სტაბილურ ვითარებაში ყოფნა მირჩევნია.

- უჩა ლობჟანიძე როგორ ფორმაშია?
- ბოლო დროს აშკარად მოუმატა და აქებენ კიდეც. დაცვაში საიმედოდ თამაშის გარდა, შეტევებშიც კარგად ერთვება და რამდენიმე საგოლე პასიც მიითვალა. უჩა "კრივბასის" ერთ-ერთი საუკეთესო და საიმედო ფეხბურთელია.

- საქართველოს ნაკრებმა კარგად დაწყებული წელიწადი ცუდად დაასრულა.
- ნაკრების თემაზე გაორებული შთაბეჭდილება მაქვს. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ დიდი იძულებითი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს დავუბრუნდი და თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში მანდო ადგილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით ძალიან გულნატკენი ვარ.

- გულახდილად რომ თქვა, აქვს ჩვენს დღევანდელ ნაკრებს ჩვენი სურვილების შესაფერისი პოტენციალი?
- მგონია, რომ აქვს, რაც მალე შედეგებზეც უნდა აისახოს. ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ საქართველოს ნაკრებს მეტის მიღწევა შეეძლო და დიდი იმედიც მაქვს, რომ ნავსი 2012 წელს გატყდება.

- კახა კალაძის თემას გვერდს ვერ ავუვლით. რას იტყვი მის ნაბიჯსა და ამის შემდგომ მომხდარ ამბებზე?
- კახა კალაძე საქართველოს ბოლო წლების და, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ჩემთვის იგი კაპიტნობის, ფეხბურთელობისა და ადამიანობის მაგალითია. საწყენია, რომ ნაკრებიდან ასე უბრალოდ წავიდა. კალაძეს ყველასგან მეტი დაფასება ეკუთვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული