გურამს თბილისში ყოფნისას ვესაუბრეთ.
- ჰოლანდიური მედია ფეხბურთს კარგად აშუქებს, მეც წლეულს სხვადასხვა გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში ექვსჯერ თუ შვიდჯერ მოვხვდი. ეს "ვიტესის" კარგი თამაშის დამსახურებაა, მეც რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე და, ეტყობა, პირველი წრის სიმბოლურშიც
- საქართველოდან ჰოლანდიის ჩემპიონატში მოხვედრა დიდი ნახტომია, პირველი წრის სიმბოლურში დასახელება კი - მოულოდნელი და გასახარი ამბავი.
- მე ჩემი თავის ყოველთვის მჯეროდა, სხვანაირად ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ. თავიდან ცოტა რთულად დავიწყე, ჯერ მარჯვენა ფლანგზე დამაყენეს, შემდეგ ცენტრში შემწიეს და გავიხსენი, ენის ბარიერიც გადავლახე, ინგლისურად ვლაპარაკობ და ჩემი უკვე კარგად ესმით, რაც ადაპტაციაში დამეხმარა. მერე ახალი მწვრთნელი დაგვინიშნეს, რომელმაც გუნდის კაპიტნად შემიგულა. ეტყობა, მწვრთნელმა ჩემში რაღაც თვისებები შენიშნა, გუნდის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს დაელაპარაკა, რომლებსაც ჩემი კაპიტნობის იდეა მოეწონათ და გუნდმა ამირჩია. ეს ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
თუმცა კაპიტნობა საკმაოდ ძნელია, მით უფრო, უცხოეთში, ორმაგად მოგეთხოვება და მეტი პასუხისმგებლობაც გაკისრია.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შენით "ჩელსი" დაინტერესდა.
- ზუსტად ვერაფერს გეტყვით.
- მაგრამ შენთვის "არისტოკრატების" დაინტერესება ცნობილია.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ ინტერესი არის, მაგრამ ლონდონელებმა "ბოლტონიდან" კეჰილი უკვე იყიდეს. მოკლედ, უნდა გავარკვიო, რა ხდება.
- ამ თემაზე არავისთან გილაპარაკია?
- სერიოზულსდ ჯერ მერაბ ჟორდანიასთანაც კი არ მილაპარაკია.
- შევიტყვეთ, რომ შენით მოსკოვის "დინამო" და ცსკა-ც დაინტერესდნენ.
- კონკრეტულად ამ გუნდებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ წინადადებები არის რუსეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის კლუბებიდან. სხვა საქმეა, გამიშვებს კი "ვიტესი" ახლა?
- რატომ არ გაგიშვებს?
- ჩვენ წლეულს ჩვენი ამბიციები გვაქვს, სამეულში მოხვედრა გვსურს, ასეთ დროს კი ფეხბურთელებს არ უშვებენ.
- შენ და ჭანტურიას ისედაც გიცნობდნენ, ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ვაკო ყაზაიშვილის თქვენთან გამოჩენა იყო.
- ვაკოს დებიუტი "ტვენტესთან" ჰქონდა. ბევრი იმუშავა, თავდაჯერება შეემატა და დაამტკიცა, რომ თამაში შეუძლია. შემდეგ ტურში კი გოლი გაიტანა და ყველა გაგვაოცა, ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ჭანტურია და ყაზაიშვილი 18 წლისანი არიან და, ცხადია, ჯერ სტაბილურობა აკლიათ. ამ ასაკში მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ორივე ნიჭიერია და იმედია, დიდი ფეხბურთს ითამაშებენ.
სხვათა შორის, არა მხოლოდ მე, ჭანტურიასა და ყაზაიშვილსაც არაერთი შეთავაზება აქვთ.
ვერ ვიტყვი, რომ ჰოლანდიაში საქართველოზე არაფერი იცოდნენ, იქ ადრე შოთას, აჩიკოს და ქინქლაძეს უთამაშიათ და ისინი კარგად ახსოვთ. მათ შემდეგ კიდევ სამი ქართველი ერთ გუნდში რომ გამოვჩნდით და თავი ასე თუ ისე გამოვიჩინეთ, სხვა თვალით შემოგვხედეს. უკვე ამბობენ, რომ პატარა საქართველოშიც ყოფილან ტალანტები და თამაში გვცოდნია. ვფიქრობ, ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგია.
- 2011 წლის დასაწყისში ასეთ ჩინებულ სეზონს, ალბათ, ვერც წარმოიდგენდი.
- მეოცნებეობა არც მახასიათებს, უფრო ამბიციები მაქვს. მაგრამ საუკეთესო ფიქრებშიც ძნელი წარმოსადგენი იყო, ჰოლანდიაში წრის სიმბოლურ ნაკრებში თუ მოვხვდებოდი. ეს კარიერაში ძალიან წამადგება.
- ახალ წელს რას ისურვებდი?
- რა ტკივილები და უბედურებაც გადაიტანა, ამის შემდეგ საქართველოს და ჩვენს ხალხს, უპირველესად, მშვიდობას ვუსურვებ. მერე ქვეყნის წინსვლას, ხალხს კი ჯანმრთელობას, დიდ ბედნიერებასა და სიხარულს. ჩემთვის კი ვისურვებდი, 2012 წარმატებულად გაგრძელებულიყოს. თავადაც ძალიან მაინტერესებს, რამდენი შემიძლია.
- ჩვენ კი "ჩელსიში" ან მსგავსი დონის კლუბში გადასვლას გისურვებთ.
- რადგან ასე დაიწერა, ტყუილი არ იქნება. იმ წყაროს, რომელმაც პირველად გაავრცელა ეს ცნობა, სერიოზული კავშირები აქვს და უსაფუძვლოდ არაფერს მოიგონებდნენ. ინტერესი არის და ასეთი სერიოზული კლუბის ყურადღება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, მაგრამ, ვიმეორებ, კონკრეტული მოლაპარაკება არავისთან მქონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"