გოჩა ხოჯავა - მხატვარი, რომელიც ცაციათი ხატავს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ ვინ იფიქრებდა, რომ რუსული პრემიერლიგიდან ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრებაც ძალიან საინტერესოა - საქართველო არაორდინარული ქვეყანაა და ჩვენი ფეხბურთიც მოსაბეზრებელ საქმედ ვერ დარჩებოდა.

სხვათა გარდა, რუსეთიდან ჩვენს ჩემპიონატში დაბრუნებას გოჩა ხოჯავაც აპირებს, ფორმალობები თუ მოგვარდა, ის გორის "დილას" ფეხბურთელი გახდება. ხოჯავა "დილაში" - აი, ასეთი საინტერესოა ჩვენი ორომტრიალი.

არაორდინარულია ამ ნიჭიერი ფეხბურთელის გზაც. მის ასაკში ის არ იყო ერთადერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ასაკობრივ ნაკრებებში მას სანდრო იაშვილთან ერთად უთამაშია, 1985 წელს დაბადებულთაგან ნიჭიერი სხვაც იყო,
თუმცა ხოჯავა და იაშვილი მაინც გამორჩეულად ნიჭიერები იყვნენ.

ხოჯავა ცაციაა, მარცხენა ფეხით მოთამაშენი კი სულ სხვანაირად ბლანდავენ ბურთს მეტოქეთა მცველებში, სულ სხვანაირად მოქმედებენ, და აძვრენენ ბურთს მცველის ფეხებში თუ სხვა სივრცეებში. ხოჯავაც ასეთია - ბურთს რომ მოიგდებს, ალბათ, თვითონაც არ იცის, როგორ აუბნევს თავგზას მოწინააღმდეგეს.

ნიჭიერებთან ურთიერთობა კი მწვრთნელებისთვის განსაკუთრებით რთულია. ფეხბურთელის ზრდასთან ერთად მწვრთნელს ეს უადვილდება, ოღონდ, ადრეულ წლებში დაკარგულის ანაზღაურება სრულად ვერ ხერხდება. ცხოვრება შეცდომებს ძნელად პატიობს.

...ცხრა წლის წინ საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდა ძალიან სიმპათიური გუნდი "თბილისი". კლუბი მწვრთნელის ძიებაში იყო, საბოლოოდ, არჩევანი გიორგი დევდარიანზე შეაჩერეს და მანაც გაამართლა - "თბილისის" თამაში სხვა გუნდებისას არ ჰგავდა, მზარდი და მოხდენილი იყო.

ხოჯავა გუნდს ალამაზებდა, გამოცდილი, ბევრად ძვირი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს რეტს ასხამდა, გოჩა "თბილისის" ხელმძღვანელობის ჯილა გახდა, რაც უკვე თავისებური კარტბლანში იყო მისთვის.

ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა - კარგი დაფინანსება, საინტერესო მწვრთნელი და ნიჭიერი ფეხბურთელები - "თბილისი" ევროსარბიელზეც კი გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ იქ ხელი მოეცარა, გუნდზე აუგი ვერ დაგცდებოდა.

თბილისური ისტორია მალე დამთავრდა, გუნდმა დაშლა დაიწყო, ხოჯავა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისში" გადავიდა. იქ ფეხი ვერ მოიკიდა, მერე იყო რუსული "როსტოვი". ხოჯავას აღარ იძახებდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, საკლუბო კარიერა მოწესრიგებული ვერ ჰქონდა. დაახლოებით სამი წელი თითქოს თამაშგარეში აღმოჩნდა, მცირე ხნით ისევ საქართველოში, "ოლიმპშიც" კი გამოჩნდა, მაგრამ მის თამაშს ძველი ხიბლი აღარ ჰქონდა.

რუსეთის ჩემპიონატი, თამაშის იქაური წესები მხსნელად არაერთხელ მოევლინა ამა თუ იმ ქართველ ფეხბურთელს. ხოჯავაც ისევ რუსეთის გზას გაუდგა. მახაჭყალის "ანჟიში" უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გახდა, თითქოს კალაპოტში ჩაჯდა, საკუთარ თავში დარწმუნდა და საქმე კარგად წაუვიდა. რუსული გაზეთები და საიტები აქებენ, მის თამაშს საქართველოშიც პირდაპირ ეთერში უყურებენ.

ამასობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ექტორ კუპერი ინიშნება. მას თითქოს არც აინტერესებს რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე რამდენიმე ქართველი.

ერთხელ ინტერვიუს დროს ვკითხე, ხოჯავას რატომ არ იწვევთ თუნდაც ამხანაგური მატჩისთვის-მეთქი და კითხვა აქეთ შემომიბრუნა, ეგ რომელია, უკვე ვეტერანი რომ არისო? გოჩა მაშინ 23 წლის იყო.

ხოჯავას ერთხელაც შეუძლია საქართველოს ჩემპიონატის გაფერადება, მისი ფუნჯი და საღებავი მარცხენა ფეხია, კიდევ, ნათელი გონება არაორდინარული გადაწყვეტილების მისაღებად. შეცდომები კი უკვე წარსულია.

მაშ, გახდება ის გორელთა კერპი? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან ადვილია, მანამდე კი დაველოდოთ ფორმალობების მოგვარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი ნიჭიერია, უბრალოდ ხასიეთის ფეხბურთელია, მომენტ ისეთს გააკეთებს გააგიჟებს კაცს, მომენტ მაგარი გააფუჭებს თამაშს.
WARNING!
01:24 21-01-2012
0
ხოჯავა ძალიან მაგარია
dato
20:10 20-01-2012
0

სიახლეები პოპულარული