იშვიათი ამბავი - არცერთი ქართველი არნემის "ვიტესში"

AutoSharing Option
ევროპის რამდენიმე ლიგაში კვლავ შესვენებაა, მაგრამ არაერთ ქვეყანაში ჩემპიონატები განახლდა და ჩვენც ქართულ ლეგიონზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია.

სხვა საქმეა, რომ ჩვენს თანამემამულეებს ევროპაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ - თუ, რასაკვირველია, იმ ფაქტს არ გავითვალისწინებთ, რომ მათი ნაწილი საკუთარი კლუბების ძირითად შემადგენლობაში ადგილს ინარჩუნებს.

"ჯენოა" გასვლაზე "პალერმოსთან" 3:5 დამარცხდა, თუმცა კახა კალაძეს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია. გენუელები ცხრილში მე-10 პოზიციაზე არიან.

სერია B-ში "ემპოლიმ" შინ "პესკ
არასთან" 0:2 წააგო. მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა, ირაკლი შეყილაძე კი 18-კაციან განაცხადში არ იყო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგა 3 თებერვალს განახლდება, სამაგიეროდ, დაიწყო პირველი ბუნდესლიგის მეორე წრე. ლევან კობიაშვილის "ჰერტა" ნიურნბერგში 0:2 დამარცხდა და მე-13 ადგილამდე დაქვეითდა. ვეტერანმა ქართველმა, რომელსაც კონკურენტები არ აკლია, ბერლინელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ზამთრის პაუზის შემდეგაც შეინარჩუნა და "ჰერტას" დაცვის მარცხენა ფლანგზე 90 წუთი ითამაშა. "შპორტალმა" მისი თამაში 4-იანით შეაფასა.

"ვიტესი" საკუთარ მოედანზე "ნეიმეგენთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა ამაში ქართველებს ბრალი საერთოდ არ მიუძღვით. იშვიათი ამბავი მოხდა - მოედანზე არნემელთა სამი ქართველიდან ერთიც არ ყოფილა. მოგეხსენებათ, გურამ კაშია ტრავმირებულია, გიორგი ჭანტურია განაცხადში საერთოდ არ ყოფილა, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგოობას დასჯერდა. "ვიტესი" ერედივიზიეში მე-7 ადგილზეა.

შოთა არველაძის "ქაისერისფორი" სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" 0:4 განადგურდა და მე-11 ადგილამდე დაეშვა. პირველი ტაიმი "ქაისერიმ" მინიმალურად დათმო, შესვენების შემდეგ კი ფავორიტმა საკუთარი სტატუსი შთამბეჭდავად დაამტკიცა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა.

სამაგიეროდ, თურქული სუპერლიგის გასული ტური წარმატებული გამოდგა აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორისთვის", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ორდუსფორს" 2:0 სძლია. ქართველი მცველი 65-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა მის გუნდს მეორე გოლი ჯერ არ გაეტანა. ხუბუტიამ ყვითელი ბარათი მიიღო, "სამსუნი" კი, გამარჯვების მიუხედავად, ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე დარჩა.

საბერძნეთის სუპერლიგაში დარჩენილმა ერთადერთმა ქართველმა წარმატებით ითამაშა. გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" შინ ათენის აეკ-თან 1:1-ს მიაღწია, ქართველმა უკანახაზელმა კი 90 წუთი ითამაშა.

საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში "ბასტიამ" სტუმრად 1:3 წააგო "ვალანსიენთან". "ბასტიას" ძირითადში იყო ამირან სანაია, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს.

დავით კვირკველიამ ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. მისმა ახალმა გუნდმა სტუმრად ლიდერ "ომონიას" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო (1:0) და ქულებით გაუთანაბრდა. კვირკველია თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, "ანორთოსისმა" კი გამარჯვების გოლი 83-ეზე გაიტანა. "ანორთოსისი" "ომონიას" მხოლოდ გატანილ-მიღებული ბურთების სხვაობითღა ჩამორჩება.

ის ქართველი ლეგიონერები, რომელთა კლუბებსაც ჯერ ოფიციალური ტურნირები არ დასწყებიათ, ამხანაგურ მატჩებში მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული