ლეგიონერები: ქართველთა მარცხიანი საღამო

AutoSharing Option
24 თებერვალს ევროპის მოედნებზე ქართველთა რამდენიმე კლუბმა ითამაშა და მათი უმრავლესობისთვის საღამო წარუმატებელი აღმოჩნდა. მოიგო მხოლოდ ფინურმა "ინტერმა", რომელმაც შინ ჰაკა-ს 2:0 სძლია. "ინტერის" შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მოედანი ამჯერად უგოლოდ დატოვა. ეს მატჩი ფინეთის ლიგის თასის ეგიდით გაიმართა.

ჰოლანდიური ერედივიზიეს 22-ე ტური "ვაალვიკისა" და "ვიტესის" მატჩით გაიხსნა. 34-ე წუთზე მიღებული გოლით არნემელები სტუმრად 0:1 დამარცხდნენ. მოედანზე 90 წუთი დაჰყო "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ, გიორგი ჭანტურია კი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" განაცხადში არ ყოფილა.

"ვიტესი"
მე-7 ადგილზე დარჩა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსი სულ უფრო და უფრო უმცირდება.

თურქულ სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" სტუმრად "ორდუსფორთან" 0:1 წააგო. "ქაისერიმ" ბურთი 47-ე წუთზე მიიღო, ზურაბ ხიზანიშვილი კი სტუმართა განაცხადში ვერ ვიხილეთ. "ქაისერისფორს" ჩემპიონატში უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მე-12 პოზიციამდე ჩამოქვეითდა და გასავარდნ ზონამდე 5 ქულაღა აშორებს.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში "ლე მანი" "ტრუას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გიორგი მაკარიძემ "ლე მანის" კარი შეუცვლელად დაიცვა, სათადარიგოთა სკამზე კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გაბონელი დიდიე ოვონო იჯდა. მისმა გუნდმა ბოლო დროს შედეგიანობას კი მოუმატა, მაგრამ 20-გუნდიან ლიგა 2-ში მე-17 პოზიციაზეა და ისღა დარჩენია, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული