გახდება ლევან კობიაშვილი გერმანიის ყველა დროის რეკორდსმენი?

AutoSharing Option
კიდევ 8 შეხვედრა პირველ ბუნდესლიგაში და ლევან კობიაშვილი გერმანიის ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. 34 წლის ქართველი ლეგიონერთა შორის რეკორდს მოხსნის პირველ ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

დღეისთვის პირველ ადგილზე ბრაზილიელი ზე რობერტოა 336 მატჩით, 330 შეხვედრა მოუგროვდა ბოსნიელ სერგეი ბარბარესს, კობიაშვილის აქტივში კი უკვე 329 თამაშია.

აღსანიშნავია, რომ ზე რობერტო გერმანიაში აღარ თამაშობს, ბარბარესმა კი საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა.

მიმდინარე ბუნდესლიგის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი და ლევანს ზე რობერტოს რეკორდის დამხობის ყველანაირი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ კობიაშვილმა 2011-12 წლების სეზონში ყველა
შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა ნამდვილად არ ემუქრება - მას ხომ "ჰერტას" ახალი თავკაცი ოტო რეჰაგელიც დიდი ნდობით უყურებს, რისი დასტური ის ფაქტიცაა, რომ ბუნდესლიგის გასულ ტურში, ბრემენის "ვერდერთან" მოგებულ მატჩში, კობიაშვილი "ჰერტას" კაპიტანი იყო.

კობის ამ სეზონში უკვე 4 გაფრთხილება აქვს მიღებული და თუ მეხუთედაც უჩვენეს ყვითელი ბარათი, ერთ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, თუმცა ეს მის რეკორდს ვერ შეაფერხებს.

"ჰერტა" პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის და თუ მიზანს მიაღწია, კობიაშვილი მომავალ სეზონში სარეკორდო თამასას ძალიან მაღლა ასწევს, თუმცა მთავარი ისაა, რომ მას რეკორდსმენობა ამ სეზონშივე შეუძლია.

"ჰერტას" პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა კი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოქმედ ლეგიონერთა შორის კობიაშვილის მდევარი 325 მატჩით ბრემენის "ვერდერის" 33 წლის პერუელი ფორვარდი კლაუდიო პისაროა.

შეგახსენებთ, ლევანს პირველ ბუნდესლიგაში "ფრაიბურგის", "შალკესა" და "ჰერტას" მაისურით უთამაშია და ამ 329 შეხვედრაში 30 გოლი გაუტანია. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 24 შეხვედრა და ერთი გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული