შოთა და არჩილ არველაძეები - ისევ ერთად, ისევ ერთ გუნდში

AutoSharing Option
იყო დრო, როცა შოთა და არჩილ არველაძეები ერთად თამაშობდნენ თურქულ "ტრაბზონსფორში". ახლა კი დგება დრო, როცა ისინი ალბათ ერთად იმუშავებენ "ქაისერისფორში".

მეორე სეზონია, რაც თურქული სუპერლიგის "ქაისერისფორს" შოთა არველაძე წვრთნის. მისი გუნდი ამ დროისთვის მოწინავეთა შორის არ არის, თუმცა შოთამ გვითხრა, რომ: "ქაისერისფორი" საკმაოდ ამბიციურ კლუბად ყალიბდება. ბაზის მშენებლობისთვის 12 მილიონი გამოჰყო და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა ექნება".

როგორც უნდა იყოს, მწვრთნელობა ისეთი ხელობაა, ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლას, უმეტეს შემთხვევაში, დიდი დრო არ სჭირდება და ხომ არ არის დრო, რომ
არველაძემ სხვა გუნდშიც მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები?

"იყო სხვა შემოთავაზებაც, მაგრამ უარი ვთქვი. რა თქმა უნდა, კარგ გუნდში მუშაობა უფრო იოლია, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ "ქაისერისფორი" მართლაც კარგი კლუბია".

შოთას "ქაისერისფორი" ვინძლო იმიტომაც არ ეთმობა, რომ დიდი შანსია, ამ კლუბში მისმა ტყუპისცალმაც დაიწყოს მუშაობა.

"კლუბმა აჩის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადებით მიმართა და ალბათ ისიც თურქეთში გადმობარგდება. "ქაისერისფორს" სურს, რომ აჩის ბავშვთა აკადემია ჩააბაროს, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა".

არჩილ არველაძე ჯერჯერობით 35-ე საჯარო სკოლის დირექტორია, აქვს მწვრთნელის A ლიცენზია, თურქეთიდან თბილისში 12 მარტს დაბრუნდება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ალბათ მალე მიიღებს.

ძმებმა არველაძეებმა რამდენიმე წლის წინ შექმნეს ფონდი ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. შოთამ გვითხრა, რომ "ფონდი არველაძის" დახმარებით საქართველოს 1997 წელს დაბადებულთა გუნდი საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომელიც თურქეთში გაიმართება და ამ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ასაკობრივი გუნდები მონაწილეობენ.

შოთას თქმით, ფონდი კიდევ სხვა საინტერესო პროექტებზეც მუშაობს, ნიჭიერ მოზარდებს კვლავინდებურად უხდის სტიპენდიას.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა აზერბაიჯანთან ერთად - "ქაისერისფორის" თავკაცს ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, რადგან მსგავსი იდეები მან მანამდეც გამოიტანა განსახილველად.

"შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც შეუძლია დაადასტუროს, რომ მე და ჩემი ძმები ერთ-ერთი პირველები ვიყავით, აზერბაიჯანთან ერთად საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობის იდეა რომ წამოვაყენეთ. ოღონდაც ჩვენ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვგულისხმობდით.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების განცხადება კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ამაზე ალბათ ყველა ქართველი ოცნებობს.

კარგად გვესმის, რომ მასპინძლობის მოპოვების შანსი დიდი არ არის, თუმცა თუ ძალიან მოვინდომებთ, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ იქნება".

ინტერვიუს ბოლოს შოთას საქართველოს ნაკრებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩზე და იმაზე, რომ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ნაკრებში აღარ იწვევენ.

"ალბანეთთან მატჩი მომეწონა. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო შეტევაზე ორიენტირებული გუნდი იყო.

რაც შეეხება იაშვილისა და კობიაშვილის თემას, ვფიქრობ, ეს საკითხი ქეცბაიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე დრო კიდევ საკმაოდ არის და მწვრთნელიც არ ჩქარობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ამაზე სპეკულაცია არ ღირს.

იმედია, ქეცბაიამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. კობიაშვილთან და იაშვილთან ყველაფერი ისე გაარკვიოს, როგორც ამას ისინი იმსახურებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რეზი ნოდარასთან ერთად უნდა ცასულიყო ფედერაციიდან,ნოდარა ვაბსე აზრზე ხო არ იყო რას აკეტებდა,რასაც რეზი ეტყოდა იმას აკეტებდა/და ეხლა ხო მაგარი უფროსი ყავს ფედერაციას,და ისევ რეზი გვერდით))))
muka
09:56 13-03-2012
0
35-ში ვერ ივარგა,ეკიდა ყველაფერი,სადაც ფულია იკ არიან ძმები,სხვა არაფერი აინტერესებთ
muka
18:39 12-03-2012
0

სიახლეები პოპულარული