გიორგი ჩიხრაძე ახალ სარბიელზე: ძვირიანი პროექტის ხელმძღვანელი

AutoSharing Option
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში -ასეთი ბევრი არ არის და როცა გადაწყდა, რომ გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანულ "სიმურგს" ჩაუდგებოდა სათავეში, ასპარეზზე კიდევ ერთი ჩვენებური გამოჩნდა.

კახა ცხადაძე და შოთა არველაძე, მანამდე თემურ ქეცბაია - ყოფილი ნაკრებელებიდან საზღვარგარეთ სხვას ჯერ არ უმწვრთნელია, ნაკრებში თამაში კი მწვრთნელის ბიოგრაფიისთვის ცოტას არ ნიშნავს, ეს რეკლამაცაა და გამოცდილებაც.

ჩიხრაძე ნაკრებში შეპეტოვკის "ტემპიდან" მოხვდა, როცა ჩვენს ეროვნულ გუნდს ალექსანდრე ჩივაძე თავკაცობდა. ჩიხრაძე მარცხენა მცველი იყო და საიმედო თამაშით გამოირჩეოდა, მგონი ვერავინ გაიხსენებს ნაკრების ისეთ მატჩს, რომელიც ჩიხრაძემ ჩააგდო, როცა
ჩიხრაძის შეცდომით იზარალა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა.

ჩიხრაძეს აქვს ხასიათი, მწვრთნელისთვის აუცილებელი ნებისყოფა, მოთმინების უნარი, ის ზედმიწევნით გაწონასწორებული ადამიანია. ვინძლო ამ თვისებების გამო მას საქართველოში ჩააბარეს ერთ დროს საკმაოდ ამბიციური კლუბი - თბილისის "ამერი".

ყველა საიდანღაც იწყებს, ჩიხრაძემ კი ამბიციური გუნდით დაიწყო. "ამერში" ის არ იყო ავანტიურისტი მწვრთნელი, მისი გუნდიც არ გამოირჩეოდა ლამაზი და ზედმიწევნით შემტევი სტილით, მაგრამ ჩიხრაძე მუშაობდა იმაზე, რაც ყველაზე მთავარია - შედეგი. "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი. ჩიხრაძეზე ვერავინ იტყოდა, გარიგებულ თამაშებშია გახვეულიო, ვერც იმას, ფეხბურთელების ტრანსფერების წილში ზისო - ჩიხრაძემ კარგი რეპუტაციაც მოიპოვა.

მწვრთნელი ჩიხრაძის გემოვნება ზოგს არ მოსწონდა,თუმცა ესეც ალბათ ფეხბურთის ნაწილია - გემოვნებაზე, იმ ფეხბურთელებზე კამათი, რომელიც მწვრთნელს მოწონს თუ არ მოსწონს. კარგად მახსოვს საქართველოს თასის ის ფინალი, როცა "ამერმა" "ზესტაფონს" 1:0 მოუგო. ბურთს ფეროელები აკონტროლებდნენ, უფრო მეტს უტევდნენ, "ამერმა" კი კონტრშეტევაზე გამოიჭირა მოწინააღმდეგე და დიმიტრი ტატანაშვილის გოლით გაიმარჯვა. იმ ფინალიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩიხრაძემ ინტერვიუში თქვა, დაცვით თამაშსაც შესრულებაო უნდაო.

ჩიხრაძე არ ყოფილა მაინცდამაინც კატენაჩოს მიმდევარი, მაგრამ როცა საქმეს დასჭირდა, ამაზეც წავიდა და შედეგს მიაღწია. "ზესტაფონს" თასის ფინალში მანამდეც მოუგო, ოღონდაც მაშინ სულ სხვა ტაქტიკა აირჩია. ერთი სიტყვით, ჩიხრაძე არ იყო რაღაცაზე ჩაციკლული მწვრთნელი.

მისგან ქედმაღლობაც არავის ახსოვს, საქართველოს თასის ორჯერ მომგებმა არ ითაკილა და ბაქოს "ინტერში" კახა ცხადაძის თანაშემწედ წავიდა. მეორე მწვრთნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა დალაგებულ, სწორად მომუშავე კლუბში. ბაქოს "ინტერს" წლობით აქვს ისეთი კარგი ბიუჯეტი, რომ კლუბი ძალაუნებურად ვერ გაჩერდებოდა ერთ ადგილზე და გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ ჩიხრაძის იქ მუშაობა უმნიშვნელო ვერ იქნებოდა.

"წესითა და რიგით, "სიმურგი" სეზონის დასრულების შემდეგ უნდა ჩამებარებინა, მომდევნო სეზონში კლუბის პრეზიდენტს სერიოზული გუნდის შექმნა სურს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა "სიმურგიდან" ახლა დამიკავშირდნენ და გუნდის მყისვე ჩაბარება შემომთავაზეს. გუნდი გასავარდნ ზონაშია, ზედიზედ ოთხი თამაში წააგო და შესაბამისად, ვითარება მძიმეა, მაგრამ ისიცაა, რომ სიძნელეები ჩემთვის ახალი ნამდვილად არ არის".

ჩიხრაძემ ისიც გვითხრა, საქმეს კიდევ ის ართულებს, რომ სატრანსფერო ფანჯარა აზერბაიჯანშიც დახურულია და ახალი ფეხბურთელებით გუნდს ვერ გავაძლიერებთო.

აზერბაიჯანული ფეხბურთი ჯერ კიდევ მაშინ მოფულიანდა, სანამ ჩვენთან "ვარდების რევოლუცია" მოხდებოდა. ჩიხრაძეს ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, აზერბაიჯანის ჩემპიონატის სპეციფიკაზე.

"აზერბაიჯანის ჩემპიონატში ახლა საკმაოდ ბევრი ძლიერი გუნდია, ზედა ექვსი გუნდი დაახლოებით თანაბარ პირობებშია, "ყარაბახსა" და "ნეფთჩის" თუ არ ჩავთვლით, ყველა მოწინავე გუნდს ჰყავს ბევრი ძვირადღირებული ლეგიონერი. ზუსტად ვერ გეტყვით, ვის რა ბიუჯეტი აქვს, მაგრამ თუ აზერბაიჯანულ გუნდებს ქართულ კლუბებს შევადარებთ, ჩვენს მოწინავე გუნდებზე 2-3-ჯერ მეტი დაფინანსება აქვთ".

"სიმურგის" ქართველი დამრიგებელი იმ ცნობილ განცხადებაზე გვესაუბრა, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რომ გააკეთეს.

"თუ ერთ-ორ გამოსვლას არ მივიღებთ მხედველობაში, აზერბაიჯანში ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების იდეას ყველა დადებითად უყურებს, კამათი მხოლოდ იმაზე მიდის, რამდენად რეალურია ამის განხორციელება".

სანამ ორი ქვეყანა განზრახვას სისრულეში მოიყვანს და უეფაში განაცხადს შეიტანს, ჩიხრაძეს საკუთარი კარიერა აქვს გასამდიდრებელი.

"მიმაჩნია, რომ "ინტერში" გატარებეული პერიოდი ჩემთვის ერთობ ნაყოფიერი იყო, მქონდა წინადადებები ქართული გუნდებიდან, მაგრამ აზერბაიჯანში დარჩენა ვამჯობინე, რადგან "ინტერი" ამბიციური კლუბია, იგივე მიზანი აქვს "სიმურგსაც".

ჯერ არ ვიცი, რომელი ფეხბურთელებით გაძლიერდება გუნდი მომავალ სეზონში, გამორიცხული არ არის, რომ ქართველი ფეხბურთელებიც მოვიწვიოთ".

ჩიხრაძე საიმედოა - დიდი ეჭვია, რომ ზაქათალის "სიმურგმაც" ამის გამო აირჩია ჩვენებური ძვირიანი პროექტის ხელმძღვანელად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული